3 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშებზე – ლა ზი და ფანტი ნა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც, პოსტების მტკიცებით, საქართველოში განთავსებული “ჰარპი” არის გამოსახული. ავტორი მას ქვეყანაში სტიქიურ მოვლენებს უკავშირებს.
რეალურად, ფოტოზე აშშ-ში შექმნილი, წყნარ ოკეანეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური რადარია (Sea-based X-band radar) გამოსახული, რომელიც არა საქართველოში, არამედ ჰავაის პორტში მდებარეობს და ბალისტიკური რაკეტებზე ინფორმაციის შესაგროვებლად არის განკუთვნილი.
რა დანიშნულება აქვს SB-X-ს და სად მდებარეობს ის?
SB-X, ხომალდზე დამონტაჟებული მაღალტექნოლოგიური რადარი აშშ-ის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის ნაწილია, რომლის სხივსაც შეუძლია, 2 500 მილის (დაახლოებით, 4 000 კმ.) მანძილზე ბეისბოლის ბურთის ზომის საგანი აღმოაჩინოს. რადარი უსაფრთხოების მიზნით ბალისტიკურ რაკეტებზე თვალთვალისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის არის შექმნილი.
რადარის გადაადგილება, დაახლოებით, 15 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი. პლატფორმა, რომელზეც ის არის განთავსებული, 85 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი და მოიცავს ხიდს, საკონტროლო ოთახს, საცხოვრებელ ზონებს, საწყობებს, ელექტროენერგიის გამომუშავების ზონასა და ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს. ასევე, პლატფორმაზე არის 60 დღის მარაგი და საწვავი.
რადარი წყნარ ოკეანეში ოფიციალურად 2006 წელს განთავსდა, რათა აღმოეჩინა და თვალყური მიედევნებინა ბალისტიკური რაკეტებით გამოწვეული, აშშ-სკენ მიმართული საფრთხეებისთვის. ამჟამად SB-X წყნარ ოკეანეში ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების საცდელი გაშვებით გამოწვეული საფრთხის მონიტორინგს აწარმოებს.

HAARP-ზე გავრცელებული დეზინფორმაცია
1 სექტემბერს მითების დეტექტორმა კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაადაამოწმა, რომელიც კიკეთის მიმდებარედ არსებულ მეტეოროლოგიურ რადარს კლიმატურ იარაღ HAARP-ს მიაწერდა.
HAARP-ი, ანუ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების ინიციატივით 1990-იან წლებში შეიქმნა. 2014 წლიდან სადგურზე პასუხისმგებელი ალასკის უნივერსიტეტია. სადგური არა საქართველოში, არამედ ალასკაში მდებარეობს და დედამიწის ზედაპირიდან 50 კილომეტრზე მდებარე ატმოსფეროს ნაწილის კვლევისთვის არის შექმნილი. კვლევით ცენტრთან დაკავშირებით შეთქმულებები აქამდეც გავრცელებულა – მაგალითად, ყალბი მტკიცება, რომ ის საიდუმლო იარაღია და სხვადასხვა ბუნებრივი პროცესის და ადამიანის გონების კონტროლისთვის არის შექმნილი. თუმცა, მეცნიერების განმარტებით, HAARP-ს ეს ფუნქცია არ აქვს და მისი საშუალებით ამინდზე, მით უფრო, გონებაზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია.
ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:
- კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი – რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
- ატმოსფეროს კვლევები თუ გონების კონტროლი?
- კლიმატური იარაღი თუ მეტეოროლოგიური რადარი – რა ვიდეომანიპულაცია ვრცელდება ფეისბუქზე?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში ფანტი ნა, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3,4) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. მომხმარებელს HAARP-ის სადგურთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორია და ვიდეომანიპულაცია წარსულშიც გაუვრცელებია. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.