9 აგვისტოდან ქართულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ფეისბუქ-გვერდზე საქართველო უპირველეს ყოვლისა “ბავშვის უფლებათა კოდექსთან” დაკავშირებით 2020 წელს გამოქვეყნებულ პოსტს აქტიურად აზიარებენ. პოსტის თანახმად, ბავშვთა კოდექსის მე-3 მუხლის ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია ბავშვისთვის საფრთხისშემცველ ოჯახებზე, რომლებშიც მაგალითად შედის: ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ხანდაზმული პირი, იძულებით გადაადგილებული პირი, მრავალშვილიანი ან მარტოხელა პირი და ა.შ. პოსტში ასევე წერია, რომ ასეთ ოჯახებს, შესაძლოა, ბავშვი ჩამოართვან.
დეზინფორმაციაა, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსში” ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ოჯახების ჩამონათვალია, რომელშიც სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ხანდაზმულები და მრავალშვილიანი ოჯახებია დასახელებული. კოდექსის არც მე-3 და არც სხვა მუხლებში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შესაბამისად, არც ამ ოჯახებისთვის ბავშვის ჩამორთმევაზეა რაიმე ნახსენები. კოდექსში ხაზგასმულია, რომ ოჯახიდან ბავშვის განცალკევება უკიდურესი ზომაა და ასევე ბავშვი ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო არ უნდა განცალკევდეს, რომ მშობელს ფინანსური სახსრები არ აქვს ან/და შშმ პირია.
-
რა წერია “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მე-3 მუხლში?
გავრცელებულ პოსტში დასახელებული “ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ოჯახების” ჩამონათვალი “ბავშვის უფლებათა კოდექსში” არც მე-3 და არც სხვა მუხლებში არ გვხვდება, შესაბამისად, კანონში არც მათთვის ბავშვის ჩამორთმევაზეა რაიმე ნათქვამი. რეალურად, “ბავშვის უფლებათა კოდექსის” მე-3 მუხლი ტერმინების განმარტებას მოიცავს. ამ მუხლში არა “სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ჯგუფზე” ანუ ოჯახზეა საუბარი, არამედ “ჟ” ქვეთავში განმარტებულია ტერმინი “სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვი”:
“ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 3, ქვეთავი ჟ): სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვი – ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, წინააღმდეგობა გაუწიოს და გაუმკლავდეს მათ და აღიდგინოს რესურსები, მათ შორის, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებულება, ბავშვობისას მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, ძალადობა და მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება ქვეთავ პ-ს, რომელსაც პოსტის ავტორი ასახელებს, მასში განმარტებულია ტერმინი “ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია” და დასახელებულია ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდა და ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენების შემცველი ინფორმაცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ყველა წლის ვერსიაა გამოქვეყნებული და საფრთხისშემცველი ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც, შესაძლოა, ბავშვი ჩამოართვან, არცერთ მათგანში არ გვხვდება.
კოდექსის 26-ე მუხლში ხაზგასმულია, რომ ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, დაუშვებელია ბავშვის ოჯახისგან განცალკევება მხოლოდ იმიტომ, რომ მშობელს სათანადო საცხოვრებელი პირობები და ფინანსური სახსრები არ აქვს. ასევე, დაუშვებელია ბავშვის მშობლისგან განცალკევება იმის გამო, რომ ბავშვი ან მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

საქართველოში ანტილიბერალური ჯგუფების ბავშვის უფლებათა კოდექსი და კონკრეტულად ბავშვის ოჯახისგან განცალკევების საკითხი უკვე წლებია ერთ-ერთი სამიზნეა. ისინი ამ თემაზე დეზინფორმაციებსა და მანიპულაციებს დიდი ხანია ავრცელებენ და კოდექსის დისკრედიტაციას ცდილობენ, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- 5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ
- რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?
- მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მიზნად ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ითვალისწინებს, უსაფუძვლოა
- რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსი და რა ინტერპრეტაციები ვრცელდება ახალი კანონის შესახებ?
- ახალისებს თუ არა “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და UNICEF არასრულწლოვნებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.