3 დეკემბერს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედი LIVE” პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა ეველინ ფარკასის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ინტერვიუს შესახებ, რომელშიც ის რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოზე საუბრობს. მაჭარაშვილის თქმით, ეველინ ფარკასმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრის შემთხვევაში “დიდი-დიდი 10 000 ადამიანი დაიღუპოს”, თუმცა დასავლეთი ქვეყანას გვერდით დაუდგება.
გურამ მაჭარაშვილი (7:40) – “პირდაპირ გვახსოვს ქალბატონი ფარკასის, რომელიც არის ამერიკული ინსტიტუტის დირექტორი, პირდაპირ მოწოდება, ხო, როცა ჟურნალისტი შეეკითხა, რომ ხო შეიძლება რუსეთი შეიჭრას საქართველოში, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ ჩვენ გვერდით გიდგავართ და დიდი-დიდი 10 000 ადამიანი დაგეღუპოთ, მეტი არა.”

გურამ მაჭარაშვილი “იმედის” ეთერში დეზინფორმაციას ავრცელებს ეველინ ფარკასის ძველი ინტერვიუს შესახებ. სინამდვილეში, ფარკასმა რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მას არსად უთქვამს ფრაზა, რომელსაც მაჭარაშვილი ციტირებს.
გასულ წლებში ეველინ ფარკასმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდვინის მოადგილე იყო რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, რამდენიმე ინტერვიუ მისცა ქართულ მედიასაშუალებებს. მათ შორის, 2022-2023 წლებში ორჯერ ესაუბრა “რადიო თავისუფლების” ქართული რედაქციის ჟურნალისტს. ფარკასმა ჟურნალისტებთან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის საფრთხის საკითხზეც, თუმცა მას არ უხსენებია, რომ ომი მნიშვნელოვან დანაკარგებს არ გამოიწვევს და “დიდი-დიდი 10 000 ადამიანი დაიღუპება.”
ეველინ ფარკასმა 2022 წელს “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომსა და “ახალი ფრონტის” გახსნის შესახებ მოსაზრებებზე, ხოლო ჟურნალისტის მიერ საქართველოში რუსეთისგან “პრობლემების გაზრდაზე” დასმულ კითხვაზე შემდეგნაირად უპასუხა (8:20):
- (ეველინ ფარკასი): “[…] ვლადიმერ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში, ამიტომ როცა ის ესტონეთს ემუქრება, რასაც გასულ კვირაში აკეთებდა, მე ვამბობ, არ მიაქციოთ ყურადღება. ის ამას ამბობს მხოლოდ დასავლეთის დასაშინებლად, რომ ჩვენ არ მივაწოდოთ უკრაინას გაზრდილი მხარდაჭერა. მას [რუსეთს] ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში.”
- (ჟურნალისტი): “ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან, არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი პრობლემები გაზარდოს საქართველოში.”
- (ეველინ ფარკასი): “მერე რა? მერე რა? მაინც ვერ გაიმარჯვებს. მას შეუძლია, ვიცი, საგუშაგოებს წევს სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. კი, შეუძლია ეს ყოველ დღე აკეთოს, მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს საქართველოს და საბოლოოდ, დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს მხარეს არის და დავრჩებით საქართველოს მხარედ, ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში ვართ უკრაინის მხარეს. გვჯერა, რომ საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება. შეიძლება შეგვეკამათოთ და თავად ვიტყვი, რომ საქართელოს მეტად უნდა დავხმარებოდით 2008 წლის მერე. ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი და ახლა ვეხმარებით უკრაინას.”
ფარკასმა მსგავს თემებზე “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა 2023 წელსაც. მისი შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას მიაღწევს, ის საქართველოსთვისაც უფრო სახიფათო გახდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიმართ დასავლურ პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედის მნიშვნელობას, რაც, მისივე განმარტებით, “არ ნიშნავს ომში ბრძოლას” და “სისხლისღვრას არ გამოიწვევს.”
ეველინ ფარკასი (5:30): “ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის წამოწყების უდიდესი რისკი იქნებოდა სუსტი დასავლეთი და ის, რომ დასავლეთი არ დაუდგეს გვერდით უკრაინას, აგრეთვე სუსტი საქართველო და ის, რომ საქართველო არ დადგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე. ვლადიმერ პუტინი საკუთარი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას გამოიყენებს მაქსიმალურად შეზღუდულად, თუკი ის იფიქრებს, რომ მას არ უპასუხებენ, ის კვლავ გამოიყენებს სამხედრო ძალას და სრული ფრონტით შემოიჭრება საქართველოში. თუკი ის წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, აღარ იქნება მიზეზი, რატომაც ის არ იზამს იგივეს საქართველოში. შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი ძალების განახლების საჭიროებამ შეაყოვნოს, ასე რომ, ყველაზე საშიში ვითარება საქართველოში დგება, თუკი რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს. ჩვენ ძალიან მონდომებით ვცდილობთ ავუხსნათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ხალხს, რომ შესაბამისობაში უნდა იყვნენ დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებთან, ეს არ არის ომში ბრძოლა, შესაბამისობაში იყვნენ რუსეთის დიპლომატიური იზოლაციის პოლიტიკასთან, რუსეთის დაგმობის პოლიტიკასთან, ეს არ გამოიწვევს სისხლისღვრას. რუსეთი უნდა იყოს შერცხვენილი იმისთვის, რაც ჩაიდინა.”
ჟურნალისტმა ფარკასს გააცნო მოსაზრება, რომ საქართველოს “მშვიდად და წყნარად” ყოფნა მას რუსეთის მხრიდან ინტერვენციას აარიდებს. ფარკასის თქმით, მოსაზრება ჭკვიანურია, თუმცა საქართველომ ამავდროულად სამხედრო პოტენციალის გაუმჯობესებაზეც უნდა იმუშაოს.
ეველინ ფარკასი (16:30): “ვეთანხმები, რომ მშვიდად და წყნარად ყოფნა რუსეთის არგაღიაზებისთვის ჭკვიანურია, მაგრამ ამავდროულად ძლიერიც უნდა იყო. მშვიდად და წყნარად უნდა უზრუნველყო, რომ შენი შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ შეკავებისთის და საქართველოს დასაცავად, თუკი იქნება მორიგი თავდასხმა, ვინაიდან, ცხადია საქართველო თვითონ ვერ შეძლებს სამხედრო გზით რუსეთის მთავრობისა და ჯარის წინააღმდეგ უპირატესობის მოპოებას, მაგრამ მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გააკეთოთ ის, რაც უკრაინამ გააკეთა და ის, რაც სინამდვილეში საქართველომ გააკეთა 2008 წელს”.
გარდა ვრცელი ინტერვიუებისა, ეველინ ფარკასის განცხადება, სადაც ის საქართველოში ომის შემთხვევაში “დიდი-დიდი 10 000 ადამიანი დაღუპვის” შესახებ საუბრობს, არსად იძებნება. ფარკასის ინტერვიუებთან და “ომში ჩართვის მოწოდებასთან” დაკავშირებით წარსულშიც გავრცელებულა. მათ შესახებ ვრცლად “მითების დეტექტორის” მასალებში წაიკითხავთ:
- დეზინფორმაცია, თითქოს ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა.
- ითხოვდა თუ არა უკრაინა საქართველოსთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მის ომში ჩართვას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















