5-7 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Nugzar Metreveli გამოაქვეყნა ორი ფოტო, რომელთაგანაც ერთზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაა ასახული, მეორეზე კი ფეხბურთელები – გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ჯიმი ტაბიძე, სასულიერო პირებთან ერთად. პირველ ფოტოზე გურამ კაშიას ზურგი და ბიძინა ივანიშვილის ტატუ ჩანს, ხოლო მეორე ფოტოზე ფეხბურთელების მაისურებზე კრემლისტური “კონსერვატიული მოძრაობის” ლოგოა დატანილი, ასევე, სპორტსმენების გვერდით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დგას. გიორგი მამარდაშვილის მაისურზე ჩანს წარწერა: “მე მიყვარს ჩემი ქორეპისკოპოსი”. პოსტზე გამოხმაურებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ფოტოებს რეალურად აღიქვამს. ფოტოები ზიარდება სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფშიც, ასევე მამარდაშვილის ფოტოს აზიარებს ფეისბუქ გვერდი “თანამოაზრეთა გაერთიანება”.
ფოტოები პროგრამულად არის დამუშავებული და სავარაუდოდ, სატირული შინაარსით შეიქმნა. მსგავსი ტატუ გურამ კაშიას ზურგზე არ აქვს. ასევე, სასულიერო პირებთან გადაღებულ ფოტოზე ნაკრების ფეხბურთელებს არ ცმიათ მაისური, რომლებზეც კონსერვატიული მოძრაობის ლოგოები ან წარწერა “მე მიყვარს ჩემი ქორეპისკოპოსია” დატანილი. ფოტოში ჩასმულია კონსტანტინე მორგოშიაც. ფეისბუქ მომხმარებელი ნუგზარ მეტრეველი დამუშავებულ ფოტოებს სისტემატურად აქვეყნებს.
კადრი, რომელზეც გურამ კაშიას ზურგზე დახატული ტატუები ჩანს, ფეხბურთის მოყვარულთა ფეისბუქ-გვერდის, “ქართული ფეხბურთი და ქართველი ლეგიონერების” 2023 წლის ვიდეოდან არის ამოჭრილი. ვიდეოში ჩანს, რომ კაშიას ზურგზე ცხენზე მჯდომი წმინდა გიორგია გამოსახული, ხოლო სატირული შინაარსის ფოტოში ბიძინა ივანიშვილის სახე პროგრამულად არის ჩასმული.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ მეტრეველმა გურამ კაშიას დამუშავებული ფოტო მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კაპიტანმა საფეხბურთო ნაკრების სახელით ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ “ქართუს” 30 მილიონის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
პროგრამულად არის დამუშავებული ნუგზარ მეტრეველის მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებული ფოტოც, რომელზეც ნაკრების ფეხბურთელები – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე და ოთარ კიტეიშვილი კრემლისტური კონსერვატიული მოძრაობის ლიდერ კონსტანტინე მორგოშიას და სასულიერო პირების გვერდით დგანან. რეალურად, ფეხბურთელებს კონსერვატიული მოძრაობის ლოგოთი მაისურები არ ცმიათ, ხოლო მამარდაშვილისა და გოჩოლეიშვილის მაისურებზე არ ყოფილა გაკეთებული წარწერა ქორეპისკოპოსთან დაკავშირებით. რეალურ ფოტოზე ჯიმი ტაბიძეს ხევსურული ქუდი არ ახურავს, ასევე, ფოტოში ჩასმულია კონსტანტინე მორგოშია.
ფოტო 4 ივლისს დუშეთის რეზიდენციაში, ფეხბურთელებთან კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეხვედრაზეა გადაღებული. შეხვედრის ამსახველი კადრები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ასევე, მედიამ გაავრცელა (1;2). კონკრეტული კადრი კი ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მათ შორის, დეპუტატმა რომან გოცირიძემაც გაავრცელეს.

წყაროს შესახებ
Nugzar Metreveli სატირული შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების ფოტოების უმრავლესობა პროგრამულად არის დამუშავებული. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა ფოტოფაბრიკაცია, რომლის პირველწყაროც ნუგზარ მეტრეველი იყო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.