8-9 ივლისს რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3), ასევე ინსტაგრამზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მოსაუბრე პირი ამბობს, რომ უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, ოქსანა ჟოლნოვიჩმა საპენსიო კრიზის გამო რეფორმები დააანონსა. ვიდეოს თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 65 წლამდე პენსიონერებს მუშაობა მოუწევთ.

უკრაინელ მინისტრს, ოქსანა ჟოლნოვიჩს არ უთქვამს, რომ ახალი რეფორმებით ყველა პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მუშაობა მოუწევს. იგი განმარტავს, რომ სახელმწიფოს რეფორმა შშმ პირების ადაპტაციაზე ნებაყოფლობითია და მათ, ვისაც სურვილი აქვთ, რომ შრომის ბაზარს დაუბრუნდნენ, სახელმწიფო დაეხმარება. გარდა ამისა, იმ უკრაინელებს, რომლებიც საპენსიო ასაკშიც მზად არიან სამუშაოდ, სახელმწიფო უზრუნველყოფს კვალიფიკაციის შესაბამისობის პროგრამებს, რათა დაეხმაროს მათ დასაქმების ბაზართან ადაპტაციაში.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, ოქსანა ჟოლნოვიჩმა, 24 ივნისს, კიევში, აგროინდუსტრიული ჰოლდინგის „ასტარტა-კიევი“ და უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს კვლევის წარდგენაზე ისაუბრა. ანგარიში უკრაინის დემოგრაფიული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა და აქტიური და ჯანსაღი დღეგრძელობისთვის პირობების შექმნას ეხებოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს ცოდნას და გამოცდილებას, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ პოტენციალის ყველა ასაკში შენარჩუნებას.
“საქმე მხოლოდ ეკონომიკას არ ეხება, არამედ საჭიროების გრძნობასაც, საზოგადოებას, რომელიც არ განდევნის ადამიანებს ასაკის მიხედვით, არამედ ქმნის პირობებს ყველასთვის სრული მონაწილეობისთვის. სახელმწიფო უნდა იყოს და იქნება პარტნიორი ამ პროცესში – შესაძლებლობების გასახსნელად” – აღნიშნა უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ოქსანა ჟოლნოვიჩმა.
კვლევის აღწერაში მითითებულია,რომ უკრაინაში 2035 წლისთვის 60 წელს გადაცილებული ადამიანების წილი 28%-ს მიაღწევს და მათგან 60%-ზე მეტი ქალი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ქმედითი, აქტიური როლი, თუმცა, ამისთვის მომზადება არა 60 წლიდან, არამედ გაცილებით ადრე, ახალგაზრდა ასაკში უნდა დაიწყოს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომის, მიგრაციისა და დემოგრაფიული კლების გამო პოტენციური ადამიანური რესურსების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება ასაკთან ერთად – 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის მხოლოდ 27% მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მათი სამუშაო ბაზარზე ადაპტაციისთვის შესაბამისი პირობები შექმნას.
8 ივლისს ეკონომიკური სტრატეგიის ცეტრმა უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრ, ოქსანა ჟოლნოვიჩთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარში ჟოლნოვიჩმა რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მუშაობს, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და საპენსიო ასაკს მიღწეულმა ადამიანებმა შეძლონ დასაქმების ბაზარზე ადაპტაცია. მისი თქმით, ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც საპენსიო ასაკს აღწევენ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ აქტიურ სამუშაო ძალას წამოადგენდნენ, თუმცა საჭიროა განივითარონ, მაგალითად ციფრული უნარები, რათა უკეთ მოერგონ მოთხოვნებს. გარდა ამისა, იგი განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ დაახლოებით 16% არის დასაქმებული და მათი აბსოლუტურ უმრავლესობას შეუძლია მუშაობა, თუ დაეხმარებიან მათ შრომის ბაზარზე აღდგენაში.
ჟოლნოვიჩის თქმით, რეფორმა არ შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული სტატუსი. მათ მხარდააჭერა შეუნარჩუნდებათ. შემოთავაზებული ფორმატი ნებაყოფლობითია, როდესაც ადამიანს სურს გაიაროს შესაბამისი შეფასება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთ იყოს მომზადებული დასაქმების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
მინისტრის თქმით, ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც ახლა მიიღეს შშმ პირის სტატუსი [ომის ვეტერანები] არიან ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომელთაც სურთ დაუბრუნდნენ შრომის ბაზარს.
“მათ სურთ იყვნენ საზოგადოების ნაწილი. მათ არ სურთ თავიანთ ბინებში დარჩენა, მაშინაც კი, თუ ჩვენ ყველაფერს ვუზრუნველყოფთ მათთვის. მათ არ სურთ იყვნენ საზოგადოების პასიური მონაწილეები. მათი ამოცანაა დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი კეთილდღეობა, იგრძნონ ეს დამოუკიდებლობა და ღირსება. სწორედ ამისთვის იბრძოდნენ ისინი”. – აღნიშნა ჟოლნოვიჩმა ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრთან ინტერვიუში.
- რა საკანონმდებლო ცვლილები განხორციელდა უკრაინაში?
2025 წლის 1 იანვარიდან უკრაინაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა აღარ მოხდება სამედიცინო და სოციალური ექსპერტთა კომისიების (МСЕC) მიერ, არამედ ყოველდღიური ფუნქციონირების შეფასების საფუძველზე, ანუ ტრავმის ან ავადმყოფობის ყოველდღიურ აქტივობებზე ზემოქმედების შეფასებით. Kyivpost წერს, რომ წინა სისტემას ჰქონდა ხარვეზი, რადგან ბევრმა უკრაინელმა ყალბი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსი დაარეგისტრირა დამატებითი პენსიების მისაღებად ან მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ახალი სისტემა კი კორუფციის შემთხვევებს აღმოფხვრის. აღსანიშნავია, რომ MSEC-ის მიერ 2025 წლის 1 იანვრამდე გაცემული დოკუმენტები ძალაში დარჩება და ფიზიკურ პირებს საშუალებას მისცემს, მათი მოქმედების ვადის განმავლობაში მიიღონ სოციალური გარანტიები, შეღავათები, პენსიები და სხვა გადახდები.
ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილების ამონარიდის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეძლებათ მიიღონ (ან გააგრძელონ) შეღავათები, პენსიები, დახმარება, კომპენსაციები და შემწეობები. გადაწყვეტილების ამონარიდის გამოყენება ასევე შესაძლებელია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციისთვის მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული მიზნებისთვის.
გარდა ამისა, ამავე წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების უზრუნველყოფის შესახებ”. ეს ცვლილები ემსახურება შშმ პირად ქცეულ ადამიანების დასაქმებისთვის საჭირო გარემოს შექმნას.
დამსაქმებელი ვალდებულია:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განუმარტოს შრომის ხელშეკრულების არდადების ან დაწინაურებაზე უარის მიზეზები;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის გონივრული ადაპტაცია საკუთარი ან დაშვებული ფინანსური წყაროებით;
- შშმ-დ ქცეული დასაქმებულისთვის, მის დაბრუნებაზე მზადყოფნის შეტყობინებიდან 4 თვეში, შექმნას ადაპტირებული პირობები. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მას დაკარგული შემოსავალი, საწარმოში საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობით, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.
2025 წლის 1 იანვრიდან ასევე ძალაში შევიდა „სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის პენსიის მიღების უფლება განისაზღვრება კანონით განსაზღვრული ასაკის – 60, 63 ან 65 წლის – მიღწევისთანავე დაგროვილი სადაზღვევო სტაჟის [სავალდებულო სოციალური დაზღვევის შენატანები საპენსიო ფონდში] პერიოდის მიხედვით.
ამჟამად, საპენსიო სტაჟის ოდენობა მომავალი პენსიონერის ასაკზეა დამოკიდებული. 2025 წელს 60 წლის ასაკში პენსიაზე გასასვლელად, ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 32 წლიანი სადაზღვევო სტაჟი, ხოლო თუ აქვს 22-დან 31 წლამდე სტაჟი, პენსიის მიღების უფლება 63 წლის ასაკში ექნება. 15-დან 21 წლამდე სტაჟის მქონე პირებისთვის გადახდების დარიცხვა მხოლოდ 65 წლის ასაკში დაიწყება. თუ ადამიანს აქვს 15 წელზე ნაკლები სტაჟი, პენსიის ნაცვლად სახელმწიფო სოციალურ დახმარებას მიიღებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















