16 ოქტომბერს ანტიოპოზიციურმა გვერდმა “ბრძენი კრიტიკოსი” ინსტაგრამზე გაავრცელა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას ტელეკომპანია “პირველში” სტუმრობის ამსახველი ვიდეო, სადაც პოლიტიკოსი ამბობს: “მე სად ვარ ამ განტოლებაში? მე დავავიწყდი ყველას? და ხშირად, სამწუხაროდ, პასუხი არის – კი”. ვიდეოზე დატანილია წარწერა “შემეცოდა”, რაც დამატებით ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გეგელია საკუთარ თავზე საუბრობს.

“ბრძენი კრიტიკოსი” გრიგოლ გეგელიას ინტერვიუდან მოჭრილ ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს. რეალურად, ინტერვიუს ამ ნაწილში პოლიტიკოსი საკუთარ თავზე არ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ადამიანებზე აღარ ლაპარაკობენ და სწორედ ხალხს უჩნდება შეკითხვები: “მე სად ვარ ამ განტოლებაში? მე დავავიწყდი ყველას?”
15 ოქტომბერს გრიგოლ გეგელია იმყოფებოდა “TV პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”. მან ისაუბრა “პარტიების აკრძალვისა” და ამგვარ პარტიებთან დაკავშირებული ადამიანებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, ასევე ისაუბრა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, “ლელოს” ლიდერების დაკავებასა და შეწყალებაზე, პარტიის გეგმებზე. გეგელიამ ინტერვიუში ახსენა, რომ სხვა პრობლემების გამო, პოლიტიკურ პროცესიდან მოქალაქეები გამოთიშული არიან და მათ პრობლემებს სათანადოდ არ ექცევა ყურადღება. გეგლიამ ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ “პარტიების აკრძალვის კანონი” დაასახელა.
სრული ინტერვიუს ყურებით აშკარა ხდება, რომ შეკითხვებს “მე სად ვარ ამ განტოლებაში? მე დავავიწყდი ყველას?” გრიგოლ გეგელია საკუთარ თავს არ უსვამს. მისი განმარტებით, მოცემულ პოლიტიკურ გარემოში მოქალაქებს უჩნდებათ კითხვა, თუ თავად სად არიან ამ პროცესში:
გრიგოლ გეგელია (2:55): “დავიწყებ იმით, ეს აკრძალვების კანონი, პარტიების აკრძალვების კანონი არის ერთი დიდი ფარსი და ეს არის გაგრძელება აიმ სამწუხარო ტოქსიკური ლოგიკის, რომელიც ჭამს პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. და როცა ვამბობ ჭამს პოლიტიკას, ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკურ პროცესს კლავს ეს ყველაფერი, ხო. ეს ორპარტიული, ძალიან გრძელი, ხანგრძლივი პროცესი, ძალიან სამწუხაროა. ამას სახელი უნდა ერქვას, ხო?! ეს პროცესი კლავს პოლიტიკას, რადგან ქართველ ადამიანზე ვეღარ ვლაპარაკობთ. აი, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკური პროცესი აღარ ელაპარაკება ადამიანს და რიგით ადამიანს აქვს კითხვა: მე სად ვარ ამ განტოლებაში? მე დავავიწყდი ყველას? და ხშირად, სამწუხაროდ, პასუხი არის – კი. იმიტომ, რომ ადამიანზე ვეღარ ვლაპარაკობთ, ეკონომიკაზე, ფასებზე, მიგრაციაზე საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ჯანდაცვა, თავდაცვა…”
ინტერვიუდან მოჭრილი ვიდეოს მანიპულაციურად გავრცელება პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ემსახურება. სრული ინტერვიუს ყურებით გრიგოლ გეგელიას ნათქვამს კონტექსტი ეცვლება. “მითების დეტექტორს” მის შესახებ წარსულში გავრცელებული მცდარი ცნობებიც გადაუმოწმებია, რომელთა შესახელაც წაიკითხავთ მასალებში:
- ფოტოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინის უმაღლეს რადაში “ლელოს” წევრებს ლგბტქი+ დროშა უჭირავთ
- “მევახშეთა ლიგა” ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















