5-6 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1; 2; 3) გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათი, რომლის მიხედვითაც გორში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნება იგეგმება.
ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გორის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო და 2010 წელს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან გადატანილ ძეგლს კვლავ საზოგადოებრივ სივრცეში დააბრუნებენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნებას გეგმავენ, სათავეს სატირული ფეისბუქ-გვერდიდან, Isari24-დან იღებს და სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არის სატირული ფეისბუქ-გვერდი, სახელწოდებით Isari24, რომელმაც ცნობები გორში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნებასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. პოსტის ბოლოს, ე.წ. ჰეშთეგებში, მითითებულია, რომ ის სატირულია.
პოსტი იუმორისტული ხასიათისაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ან ვებსაიტზე. აღნიშნული ცნობები არც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუვრცელებია (1; 2).

ფეისბუქ-გვერდი Isari24 2024 წელს შეიქმნა. ის ფეისბუქზე როგორც მედია, ისეა დარეგისტრირებული. მის შესახებ არსებული ინფორმაციის გრაფაში მითითებულია საკონტაქტო მეილი და ვებსაიტი.

წარსულში Isari24-ს სხვადასხვა სატირული შინაარსის პოსტი გაუვრცელებია. მაგალითად, პოსტებში წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობას მიხეილ ყაველაშვილი შეითავსებს. ასევე მან გაავრცელა სატირული პოსტი, თითქოს საქართველოში სახელმწიფო ენის გამოცდას არაბული კომპანია Eagle Hills ჩაატარებს.

სატირული შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და მცდარი ინფორმაციის წყაროც ხდება. თუ პოსტებს არ აქვს მითითება, რომ ის სატირაა, ზოგჯერ მათ სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. “მითების დეტექტორმა” სატირული პოსტები, რომლებსაც სხვადასხვა აქტორები რეალურ ინფორმაციად ავრცელებდნენ, წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















