10-13 მარტს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს (1;2;3) რეჟისორ გოგა ხაინდრავას სახელით შექმნილი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ: “რუსეთს ვთხოვ დაბომბოს თბილისის პარლამენტთან ნაცების აქცია! ბოროტება უნდა ამოიძირკვოს სანამ გვიანი არ არის”.
ხაინდრავას სახელით იგივე შინაარსის ციტატა 2023 წელსაც ვრცელდებოდა.
გოგა ხაინდრავას სახელით მომიტინგეების დაბომბვის შესახებ ყალბი ციტატა ვრცელდება. ფეისბუქ-გვერდი, რომელმაც პოსტი დაწერა და ამჟამად გაუქმებულია, რეჟისორს არ ეკუთვნის. მსგავსი განცხადების გაკეთების შესახებ მტკიცებები ხაინდრავამაც უარყო.
ხაინდრავას მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ის არ გაუშუქებია ონლაინ მედიასა და ტელევიზიებს (1;2;3). გარდა ამისა, Facebook-ზე კინორეჟისორის ანგარიში ან აღნიშნული პოსტი არ იძებნება. ის აქტიურად იყენებს X-ს, თუმცა განცხადება საკუთარ გვერდზე არ გამოუქვეყნებია.
ხაინდრავას სახელით მსგავსი შინაარსის პოსტები, რომლებშიც ის რუსეთს სთხოვს, საქართველოში საპროტესტო აქცია დაბომბოს, წარსულშიც ვრცელდებოდა. აღნიშნულ პოსტებს ის X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფეისბუქ-გვერდი, რომლიდანაც რუსეთს ხალხის დახვრეტისკენ მოუწოდებდნენ, სხვებმა შექმნეს და მას არ ეკუთვნოდა:
“რა ძალასთან გვაქვს საქმე ვის იცავენ ესე გაშმაგებით ალქაჯები, რა ფული მოედინება ჩვენ სამშობლოში და რისთვის! აი მაგალითი – შექმნეს ფეისბუქ გვერდი Goga Xaindrava საიდანაც მოუწოდებენ ხალხის დახვრეტას. ვაი თქვენს პატრონს! მისს და მისტერ პატრონებო! Great!”
ყალბი ფეისბუქ-გვერდის შექმნის შესახებ ასევე წერდა მისი ოჯახის წევრი, ლიკა ხაინდრავა. მისივე ინფორმაციით, რეჟისორი ფეისბუქის მომხმარებელი არასდროს ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში, რომელსაც წარსულში მსგავსი პოსტები ჰქონდა გამოქვეყნებული, ხაინდრავას იგივე ფოტოს იყენებს, რომელიც 2025 წელს გავრცელებულ პოსტებში ჩანს. სავარაუდოა, რომ ორივე პოსტი გამოქვეყნებულია ერთი და იმავე ყალბი ანგარიშის მიერ, რომელიც ამ დროისთვის წაშლილია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.