20 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გადაცემაში “მძიმე კაცთან” საუბრობს. წამყვანი მას უსვამს კითხვას: “რისი ექსპერტი ბრძანდებით თქვენ”. ხუხაშვილი რამდენიმე წამის განმავლობაში კითხვას ვერ პასუხობს, ფიქრობს და ბოლოს ამბობს: “ნუ… ზოგადად, ზოგადად… არ ვიცი… ნუ, ექსპერტი…”.
გია ხუხაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, გადაცემის მონაკვეთები დაჭრილია და ისეა შეერთებული, თითქოს პოლიტილოგი წამყვანის კითხვამ დააბნია და პასუხი ვერ გასცა.
ვიდეო, რომელიც ფეისბუქზე ვრცელდება, ამოჭრილია 2014 წლის გადაცემიდან “მძიმე კაცთან”, რომელშიც მიწვეული იყო პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ინტერვიუს დაწყებიდან მალევე [1:40], წაყვანმა მას დაუსვა კითხვა “რისი ექსპერტი ბრძანდებით თქვენ”, რაზეც ხუხაშვილმა უპასუხა, რომ ექსპერტის წოდება არ არის მისი არჩევანი და არ მოსწონს, რადგან ის საკმაოდ დისკრედიტირებულია.
“ხო, მე… ექსპერტი ეს არ არის ჩემი არჩევანი და არც ჩემი ბავშვობის ოცნება არ არის. საერთოდ, არც მომწონს, ხო, ეს საკმაოდ დისკრედიტირებულია. ნუ, ეს არის… მომიხსენიებენ ასე საზოგადოებაში. ნუ, მე დავიწყე ყველაფერი იმით, რომ ძირითადად, ბიზნესი, ეკონომიკა, მე ვიყავი ავტოპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი ამ საუკუნის დასაწყისში, ასე რომ ვთქვათ და, ნუ, იქიდან იწყებოდა ექსპერტი… დევალვირებულია ეს სიტყვა. ერთ-ერთ გადაცემაში ისიც ვთქვი, რომ, პრინციპში ეს იგივეა, მალიარი ან სანტექნიკოსი რომ დაგიძახონ, ის უფრო პრესტიჟულია, შეიძლება ითქვას, ვიდრე… დევალვირებულია, იმიტომ, რომ, პრინციპში, არანაირი პროფესიული ჩვევები, არაფერი არ სჭირდება იმას, რომ მოგიხსენიონ ექსპერტად, ხომ? ახლა, ჩემი აზრით, ექსპერტი უფრო რაღაც ვიწრო სპეციალიზაციის მატარებელი უნდა იყოს და არა ისე, რომ ყველა და ყელაფერი იცოდეს. ჩვენთან ასე არ ხდება, ბაზარია თვითონ ეტყობა დაურეგულირებელი, არ არის რეალური კონკურენცია, რაც განავითარებდა ყველაფერ ამას. მწირია საკმაოდ და აქედან გამომდინარე, პრინციპში, ადამიანებს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ იმისათვის, რომ ექპერტად მოიხსენიონ, ხომ? საკმაოდ ისეა, ერთი ბრიფინგი ჩაატარონ სადმე და უკვე ექსპერტები, პოლიტოლოგები და ა.შ. მე ალბათ ჯობია, მე ალბათ მერჩივნა, რომ გამომდინარე ბუნდოვანებიდან, უბრალოდ სპეციალისტი დამიძახონ”.
ამგვარად, ინტერვიუს სრული ჩანაწერით ირკვევა, რომ ხუხაშვილმა კითხვას, თუ რისი ექსპერტია ის, უპასუხა და მონაკვეთები, რომელიც ვიდეოფაბრიკაციაშია გამოყენებული, ინტერვიუს სხვადასხვა კითხვაზე გაცემული პასუხებიდან არის ამოჭრილი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.