2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ღაზაში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვას ასახავს. როგორც ავტორი წერს, ერთ-ერთ კადრში ჩანს ორსული ქალი, რომელიც ქმარს ესაუბრება. ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ იბომბება შენობა და ინგრევა კედლები.
გავრცელებული ვიდეო ღაზის სექტორში სამშობიაროს დაბომბვის კადრებს არ ასახავს. რეალურად, ვიდეო არა 2023 წელს ღაზის სექტორში, არამედ 2016 წელს სირიის დაბომბვისას არის გადაღებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს ღაზის სექტორში დაიბომბა ალ-ჰილოს სამშობიარო საავადმყოფო.
ვიდეო, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, ისრაელ-ჰამასის ომს უკავშირდება და ღაზის სექტორშია გადაღებული, რეალურად, 2016 წლიდან ვრცელდება. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Youtube-არხზე კადრები 2016 წლის 9 აგვისტოს არის ატვირთული. აღწერის მიხედვით, ვიდეო ალეპოშია გადაღებული და 16 ივლისს ომარ ბინ აბდულ აზიზის საავადმყოფოს დაბომბვას ასახავს.
საავადმყოფოს დაბომბვას გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (ჯანმო). განცხადებაში ჯანმომ დაგმო 16 ივლისს საავადმყოფოების დაბომბვა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. განცხადების მიხედვით, საავადმყოფო ივნისსა და ივლისში, 45 დღის განმავლობაში 3-ჯერ დაიბომბა.

ყალბი ინფორმაცია, თითქოს გავრცელებული ვიდეო ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტს უკავშირდება, გადაამოწმეს უცხოელმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც (1;2).
გაეროს ინფორმაციით, ღაზის სექტორში 1 ნოემბერს დაიბომბა ალ-ჰილოს სამშობიარო საავადმყოფო. მსხვერპლზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ჯანმოს თანახმად, ღაზაში, დაახლოებით, 50 000 ორსული ქალია, დღეში კი, საშუალოდ, 180 ქალი მშობიარობს. დახურულია 15 საავადმყოფო და პირველადი ჯანდაცვის 45 ცენტრი. ქალები მშობიარობენ თავშესაფრებში, სახლებში, ნანგრევებსა და გადატვირთულ საავადმყოფოებში, სადაც სანიტარული მდგომარეობა უარესდება და მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას. გარდა ამისა, რისკის ქვეშ არის დღენაკლულ ახალშობილთა ჯანმრთელობაც, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოებში საწვავი ამოიწურება, ვეღარ იმუშავებს ინკუბატორი და სხვა სერვისები, რომლებიც 130 ბავშვისთვის აუცილებელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებას, დაახლოებით, 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰამასი დაბომბვაში ისრაელს სდებს ბრალს. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ჰამასის მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია. დიდი ბრიტანეთი დაზვერვისა და იარაღის ექსპერტების დახმარებით მივიდა დასკვნამდე, რომ რაკეტა, სავარაუდოდ, ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ იყო ნასროლი. იგივე აქვს საფრანგეთის სამხედრო დაზვერვასაც. ამ ქვეყნების მსგავსად, მტკიცებულებების გამოქვეყნების გარეშე აშშ-მა განაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე ისრაელი არ ყოფილა. ანალიზის შედეგად, ისრაელისკენ ნასროლი რაკეტის ჩამოვარდნის ვერსიას ეთანხმება The Associated Press, CNN და The Wall Street Journal-ი.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.