„ესპანეთის აეროპორტები გაპედარასტდა“ – სტატია ამ სათაურით 2019 წლის 22 მაისს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამიერიდან ესპანეთის აეროპორტებში მგზავრები მხოლოდ ნეიტრალურ მიმართვებს მოისმენენ და ეს ფაქტი “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ შეფასებულია, როგორც სექსუალური უმცირესობების გულის მოსაგებად ჩადენილი ქმედება. სტატიის თანახმად, იგივე პოლიტიკა ამსტერდამშიც გატარდა, სადაც “ბატონები და ქალბატონებო” მიმართვით “ძვირფასო ამსტერდამელებო!” ჩანაცვლდა.
საქართველო და მსოფლიო: “ამიერიდან ესპანეთის აეროპორტებში მგზავრები მოისმენენ მხოლოდ ნეიტრალურ მიმართვებს: ტრადიციული “ბატონებო და ქალბატონებო”, როგორც ორიენტაციააღრეულთა მგრძნობიარე სულების შეურაცხმყოფელი ფორმა, წარსულს ჩაბარდა… გენდერულ (სქესობრივ)-ნეიტრალური მიმართვები სხვა ევროპულ ქვეყნებში, კარგა ხანია, დანერგილია. მაგალითად, 2017 წელს ამსტერდამში გამოსცეს სახელმწიფო მოხელეებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის სახელმძღვანელო _ გენდერულ-ნეიტრალური ლექსიკის ცნობარი, რომლის შემდგენლები ტრადიციული “ბატონებო და ქალბატონებოს” ნაცვლად გვთავაზობენ, გამოვიყენოთ მიმართვა “ძვირფასო ამსტერდამელებო!”. აქაოდა, არ ვაწყენინოთო აქტიურ და პასიურ პედარასტებს, ტრანსგენდერებს, ლესბოსელებს და… “კიდევ ვინ მოდიხართ მანდ მომავლიდან”.
“საქართველოს და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია მანიპულაციურია და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ესპანეთის აეროპორტებში შეტანილი ცვლილება სექსუალურ უმცირესობებთან არის დაკავშირებული. რეალურად, ესპანეთის აეროპორტები ცვლიან მიმართვას „Señores Pasajeros“ („ბატონო მგზავრებო“), რადგან, მათი აზრით, ეს მიმართვა მხოლოდ მამრობითი სქესის მოხსენიების გამო, სექსისტურია. რაც შეეხება ამსტერდამს, მიმართვა “ქალბატონებო და ბატონებო” კვლავ გამოიყენება, ხოლო “ძვირფასო ამსტერდამელებო” ერტ-ერთი ალტერნატიული ვერსიაა.
- ესპანეთში გავრცელებული მიმართვის „Señores Pasajeros“ („ბატონო მგზავრებო“) შეცვლა მდედრობითი სქესის უგულვებელყოფამ გამოიწვია
გავრცელებული მიმართვა „Señores Pasajeros“ სექსისტურია და ესპანური ენის მასკულინურ ხასიათზე მეტყველებს, ამიტომაც ამიერიდან მიმართვა “ძვირფასო მგზავრებო” გამოიყენება. ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო გამოცემა Thinkspain წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ ენაში ორივე სქესისთვის არსებობს მიმართვები, „Señores“ მამაკაცებისთვის, „Señoras“ კი ქალებისთვის, როცა მიმართვა მრავლობით ფორმაში გადადის ის მხოლოდ მამრობით სქესს ინარჩუნებს. მიმართვაში „Señores Pasajeros“ („ბატონო მგზავრებო“) ქალებიც მოიაზრებიან. მრავლობით ფორმაში გადაყვანისას მიმართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მდედრობითი სქესი, თუ მრავლობითი ერთობის ყველა წევრი მდედრობითი სქესისაა. მაგალითად ვაჟის ესპანური შესატყვისი „hijo-ა“, ქალიშვილის კი „hija“, მაგრამ ბავშვები კვლავ „hijo-ა“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ყველა ბავშვი გოგოა.
„საქართველო და მსოფლიოს“ ინტერპრეტირებული ინფორმაცია გენდერულად ნეიტრალური მიმართვის გამოყენებას სექსუალურ უმცირესობებს უკავშირებს, თუმცა ეს ფაქტი რეალურად ქალისა და მამაკაცის არათანაბარ წარმოჩენას უკავშირდება.
2. ამსტერდამში მიმართვა “ქალბატონებო და ბატონებო” ისევ გამოიყენება
საქართველო და მსოფლიო“ ამსტერდამში შემოღებულ გენდერულად ნეიტრალურ ტერმინოლოგიაზეც საუბრობს. ეს მაგალითი მოყვანილია ერთგვარ არგუმენტად იმის დასადასტურებლად, რომ ნეიტრალური მიმართვები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ინერგება. ამსტერდამში გამოცემული გენდერულ-ნეიტრალური ლექსიკის ცნობარის ავტორები თანამოქალაქეებს ურჩევენ „ქალბატონებო და ბატონებოს“ ნაცვლად მიმართვა „ძვირფასო ამსტერდამელებო“ გამოიყენონ. „Dutchnews-ის“ ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციის მიზანია, ამსტერდამი გახდეს ისეთი ქალაქი, სადაც თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიმართვა “ძვირფასო ამსტერდამელებო”, ისევე როგორც “ძვირფასო მაცხოვრებლებო” და სხვა, უბრალოდ ალტერნატიული ვერსიებია და რეალურად საჯარო მოხელეზეა დამოკიდებული თუ რომელ მიმართვას გამოიყენებს. მიმართვა “ქალბატონებო და ბატონებო” კვლავ დაშვებულია.