10 ივნისს POSTV-ის გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი”, წამყვანი ნუგზარ ხავთასი ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და ძალადობა გერმანიაშიც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ საქართველოში მისაღებია – “თქვენთან რა მოხდა მერეო”. ამ განცხადებამდე გადაცემის სტუმარი, “ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საუბრობდა აშშ-ში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, პრეზიდენტ ტრამპის მიერ მასობრივი პროტესტის ადგილებში ნიღბების გამოყენების აკრძალვის გამოყენებაზე და პარალელებს ავლებდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან.
გადაცემის წამყვანის მტკიცება, გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, მანიპულაციურია. რეალურად ფიშერმა, მზია ამაღლობლის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციელზე თავდასხმა სისხლის სამართლით გერმანიაშიც ისჯება, თუმცა ქართველი ჟურნალისტი უკვე 4 თვეა პატიმრობაშია და შესაძლოა ეს უკვე დანაშაულის პროპორციულ სასჯელად ჩაითვალოს.
ჟურნალისტი და ონლაინ გამოცემების, “ბათუმელების” და “ნეტგაზეტის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქართველოში გერმანიის ელჩმა ამ საქმეზე არაერთი კომენტარი გააკეთა, რომლითაც ცხადია, რომ ჟურნალისტის მიმართ წაყენებული ბრალდებები, წინასწარი პატიმრობა და სავარაუდო სასჯელი მას გადამეტებულად და არაჰუმანურად ეჩვენება. იგი 16 მაისს ამაღლობელის სასამართლო პროცესსაც დაესწრო ავსტრიელ ევროპარლამენტარ ლენა შილინგთან ერთად. ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს გააკეთა მან ის განცხადება, რომელიც ნუგზარ ხავთასმა მანიპულაციურად გამოიყენა. კერძოდ, ელჩმა განაცხადა:
„გერმანიაში რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა დაუშვებელია, მაგრამ ის [მზია ამაღლობელი] უკვე ოთხი თვეა, დაკავებულია. აქ მთავარი საკითხია პროპორციულობა: რამდენად შეესაბამება მისი პატიმრობა იმ ქმედებას, რაც მას ბრალად ედება? შესაძლოა, ის, რაც გააკეთა, ამ ოთხთვიანი პატიმრობით უკვე დაფარულია”
შესაბამისად, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, ის არ ცდილობს იმის თქმას, რომ პოლიციელისთვის ხელის დარტყმა საქართველოში დანაშაული არ არის, მაგრამ მისი აზრით ის აქტი რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა, შესაძლოა არ არის იმ სიმძიმის, რომ მისი ციხეში მეტხანს გაჩერება მიზანშეწონილი და სამართლიანი იყოს.
მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, ჟურნალისტზე და მის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალებში:
- “ტაბულას” სახელით ვრცელდება გაყალბებული პოსტი, თითქოს ნაირა გელაშვილი გურამ როგავას აკრიტიკებს
- ვის გულისხმობს ჩეხეთის საელჩო “დემოკრატიის შუქურაში” და როგორ აშუქებს POSTV მათ განცხადებას?
- მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















