რა ვიცით გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16 კანდიდატი
6.9k
VIEWS

5 სექტემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა  (POSTV, იმედი, Rustavi 2) და საინფორმაციო სააგენტოებმა (Newshub.ge, Georgia First NEWS, INFO9, მხარე • mkhare.ge, Exclusive News) გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.  მედიასაშუალებების ნაწილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე მხოლოდ გარდაცვალების შესახებ ცნობა აქვს დართული და პოსტს დეტალებისა და მიზეზების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ურთავს.  

“პოლიტიკური მკვლელობები თუ შემთხვევითობა?” – ამ ტექსტით აცნობს 5 სექტემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია იმედის წამყვანი მაყურებელს ახალ ამბავს, ხოლო რუსთავი 2-ის მიერ ამავე დღეს მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ მომხდარის გამო 427 მუნიციპალიტეტში არჩევნები ჩაიშალა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანი ამბო, რომ კანდიდატები “თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილი იპოვეს”, მათგან 7 კი არის პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრი, რომელიც “ამჟამად ლიდერია გამოკითხვებით გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში”. საინფორმაციო სააგენტო “მხარე” წერს, რომ პოლიცია “AfD-ს ათეულობით წევრის” გარდაცვალებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებას 8 სექტემბერს ასევე გამოეხმაურა პროსახელისუფლებო ექსპერტი ზაზა შათირიშვილი. მისი განცხადება პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს (1;2;3;4;5). შათირიშვილი გარდაცვალებას “დიფ სტეიტს” უკავშირებს, ამბობს, რომ შემთხვევა მაგალითია იმისა, რა ემართება “დიფ სტეიტის” მიერ კონტროლირებადი ქვეყნის მოსახლეობას, როცა საზოგადოება გონს მოსვლას იწყებს და წერს: “როგორ ჩანს, მათთან მიმართებით, “დიფ სთეითმა” ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი – მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი”.   

გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალებაზე ასევე ისაუბრა პოდკასტ “უცხოს” წამყვანმა, ნიკუშა მჟავანაძემ. “ვინ მოკლა პოლიტიკოსები გერმანიაში?” – ამ სახელით გამოქვყნებულ ვიდეოში წამყვანი ამტკიცებს, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” რიგებში 16 პოლიტიკური კანდიდატია მოკლული. ვიდეო ფეისბუქზეც გავრცელდა.  

ქართული პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ნაწილი ამბავს კონტექსტის გარეშე აშუქებს და მკითხველს მიზეზებსა თუ გერმანიის პოლიციის განმარტებებზე ინფორმაციას არ აწვდის, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქმე, შესაძლოა, კრიმინალთან იყოს კავშირში. ზაზა შათირიშვილი და პოსკასტ “უცხოს” წამყვანი კი კონსპირაციის თეორიას ავრცელებენ და პირდაპირ უკავშირებენ მომხდარს “დიფ სტეიტსა” და პოლიტიკური მოტივით მკვლელობას.  გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება მედიის მტკიცება, რომ AfD-ის “ათეულობით წევრია” გარდაცვლილი ან ყველა გარდაცვლილი აღნიშნული პარტიიდანაა. მომხდარის გამო არჩევნები არც 427 მუნიციპალიტეტში ჩაშლილა. 

  • რა ვიცით გერმანიაში კანდიდატების გარდაცვალების მიზეზებზე? 

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, სადაც 14 სექტემბერს ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი, მართლაც დაფიქსირდა 16 კანდიდატის გარდაცვალება. გარდაცვლილთა შორის იყვნენ როგორც სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები, მწვანეები და დამოუკიდებელი ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD-ის) წევრები. ყველაზე მეტი, შვიდი გარდაცვლილი კანდიდატი სწორედ AfD-ის სიებში ფიგურირებდა, თუმცა გარდაცვალების შემთხვევები სხვა პარტიებშიც დაფიქსირდა, რის გამოც მტკიცება, რომ შემთხვევა მხოლოდ AfD-ს  ეხებოდა, უსაფუძვლოა. 

გარდაცვლილ კანდიდატთა ასაკი მერყეობდა 42-დან 80 წლამდე. ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივი დაავადების შემდეგ გარდაიცვალა, ზოგს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ხოლო ერთ შემთხვევაში თვითმკვლელობასთან გვქონდა საქმე. ყველაზე ახალგაზრდა 42 წლის პატრიკ ტიცე იყო, AfD-ის წარმომადგენელი ვიპერპიურთიდან, რომლის გარდაცვალებაც თვითმკვლელობას უკავშირდება. ყველაზე ასაკოვანი, 80 წლის იოახიმ კინდი, რომელიც რემშაიდის ოლქში იყო კანდიდატი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.  

გარდაცვლილ კანდიდატთა შორის იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც, მაგალითად, Grünen-ის კანდიდატი კარლ რეგერი (Hellenthal) და SPD-ის კანდიდატი ელეონორ იუსენი. გერმანული მედიის ცნობით, არცერთ შემთხვევაში სამართალდამცავებს არ აღმოუჩენიათ ძალადობრივი სიკვდილის ან მესამე პირის ჩარევის კვალი.  

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქმე გვაქვს ბუნებრივ მიზეზებთან. AfD-ის რაინ-ვესტფალიის თავმჯდომარის მოადგილემ, კეი გოტშალკმა თქვა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არ ადასტურებდა არანაირ საეჭვო  გარემოებას: 

“ის, რაც მე ახლა ხელთ მაქვს – თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაციაა – ამ ეტაპზე აღნიშნულ ეჭვებს არ ადასტურებს”. 

საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმაც განმარტა, რომ არჩევნების დროს მსგავსი შემთხვევები ხდება

“კანდიდატების გარდაცვალების მსგავსი შემთხვევები – პარტიული თუ ამომრჩეველთა ჯგუფის კუთვნილებისგან განურჩევლად – სამწუხაროდ, ყველა არჩევნების დროს ხდება და, შესაბამისად, მოხდა ამ ადგილობრივი არჩევნების დროსაც”. 

აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე 18 მილიონზე მეტი მცხოვრებია და ადგილობრივ არჩევნებში, 20 ათასზე მეტი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ამიტომაც, 16 კანდიდატის გარდაცვალება წინასაარჩევნო რამდენიმე კვირაში სტატისტიკურად უჩვეულოდ არ ითვლება, რამდენადაც მსგავსი შემთხვევები ყველა პარტიასა და ამომრჩეველთა ჯგუფში დროდადრო ხდება.

მიუხედავად განმარტებისა, რომ 16 კანდიდატის გარდაცვალებით საქმე უჩვეულო მოვლენასთან არ გვაქვს, თავად ფაქტმა ინტერნეტში კონსპირაციული ვერსიები გააჩინა. გამოიკვეთა ნარატივი, თითქოს კანდიდატების სიკვდილი მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები (AfD) არჩევნებში დასუსტებულიყვნენ.  

  • რა სირთულეები შეიქმნა არჩევნების პროცესში?

“რუსთავი ორის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არჩევნები 427 მუნიციპალიტეტში ჩაიშალა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ეს რიცხვი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის მუნიციპალიტეტების რაოდენობას ასახავს და ადგილობრივი არჩევნები სწორედ ამ 427 მუნიციპალიტეტში ტარდება. რაც შეეხება ამ კონკრეტული პარტიის რეიტინგს, რაინ ვესტფალიის მიწაზე AfD-ის მხარდაჭერა 16 %-ს შეადგენს

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, კანდიდატების გარდაცვალებამ გერმანიაში არჩევნების ჩაშლა გამოიწვია, თუმცა, რეალურად, არჩევნები არ ჩაშლილა და მხოლოდ გარკვეული სირთულეები შექმნა. ერთ შემთხვევაში, ბად ლიპშპრინგეში წარდგენილი კანდიდატის, სტეფან ბერენდესის გარდაცვალების გამო 133 ბიულეტენი გაუქმდა, რამდენადაც ამომრჩევლებს ისინი წინასწარ ჰქონდათ მიღებული. რამდენიმე მუნიციპალიტეტში საარჩევნო ბიულეტენების გადაბეჭდვა გახდა საჭირო, ზოგიერთ ოლქში ამომრჩევლებს ახალი ბიულეტენი გაეგზავნათ კანდიდატების სიებში არსებული ცვლილებების გამო. თუმცა, საარჩევნო კომისიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების განმარტებით, პროცესს ისე წამართავენ, რომ ეს შემთხვევები სისტემურ პრობლემად არ იქცეს  და არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეუქმნას.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist