12 დეკემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა უკვე ევროპაში ვართ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხალხის მსვლელობა ჩანს – თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახულია, როგორ შევიდნენ გერმანიაში შობის დღესასწაულზე არაბები და მუსლიმი მიგრანტები, რათა გერმანელებისთვის ეჩვენებინათ, “რომ მათი დღის წესრიგი უნდა იყოს”.
19 ნოემბერს ვიდეო რუსულენოვანმა (1; 2; 3) ფეისბუქ-მომხმარებლებმაც გაავრცელეს. მათი აღწერით, “ბრბომ” გერმანიაში საშობაო ბაზრობა დაიკავა და ადგილობრივებს ნათლად აუხსნა, რომ “ქრისტიანული ხუმრობები აღარაა მისასალმებელი”.

გერმანიაში გამართული მსვლელობის ვიდეო ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. ის 2024 წლის დეკემბერში ესენში სირიელების მსვლელობას ასახავს, რომელიც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად გაიმართა. მსვლელობა საშობაო ბაზრის ჩაშლის ან გაპროტესტების მიზნით არ მოწყობილა.
რეალურად, ვიდეო, რომელშიც ხალხის მსვლელობას ვხედავთ, საშობაო ბაზრობის ჩაშლის მცდელობას არ ასახავს. ის პირველად 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა და მასში ასახულია, როგორ აღნიშნავენ გერმანიის ქალაქ ესენში სირიელები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას. ასადის რეჟიმის დამხობის თარიღად 8 დეკემბერია მიჩნეული, როდესაც აჯანყებულებმა ქვეყნის დედაქალაქი დამასკო “გათავისუფლებულად” გამოაცხადეს.
ვიდეო სოციალურ ქსელებში სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა. 2024 წლის 11 დეკემბერს ვიდეო გერმანელმა პოლიტიკოსმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ქრისტინ ანდერსონმაც გამოაქვეყნა. ანდერსონმა მსვლელობას ასადის რეჟიმის დამხობის აღნიშვნასთან ერთად “სუსტი გერმანელებისთვის ძალის დემონსტრირება” უწოდა.
გეოლოკაციის გამოყენებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვიდეო ნამდვილად ქალაქ ესენში, უფრო კონკრეტულად, სასტუმრო Garner Hotel Essen – Handelshof-ის შენობის გვერდითაა გადაღებული. ვიდეოში ვხედავთ როგორც თავად სასტუმროს, ასევე მის გვერდით მდგარ მაკდონალდსის შენობას.


ქართულენოვანი ფეისბუქ-პოსტში გამოყენებული ვიდეო კონსერვატორ კომენტატორს დევიდ ჯეი ჰარის ჯუნიორს ეკუთვნის. მან ვიდეო Instagram-ის საკუთარ გვერდზე 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჰარისის აღწერით, ვიდეოში ისლამისტი აქტივისტები ჩანან, რომლებიც საშობაო ბაზრობაზე შეიჭრნენ “ალაჰ აქბარის” ძახილით.

ვიდეო ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა AFP-მა და Lead Stories-მაც გადაამოწმეს. AFP დაუკავშირდა ქალაქის ტურიზმის დეპარტამენტს, რომელიც საშობაო მარკეტის მოწყობაზე იყო პასუხისმგებელი – პრესსპიკერმა დაადასტურა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და არეულობას ადგილი არ ჰქონია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















