13 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ეხება გერმანიის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აკრძალოს ექსტრემისტული ორგანიზაცია “გერმანიის სამეფო” (Königreich Deutschland). პაპუაშვილი წერს, რომ მოძრაობა “რაიხსბიურგერების” უმსხვილესი ჯგუფის აკრძალვა შემდეგი მიზეზების გამო გადაწყდა: ისინი “არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას”, “ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს”, “ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს”, “ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში”, “ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება”.
აღნიშნულს პარლამენტის თავმჯდომარე ადარებს საქართველოში გერმანიის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ჯგუფების ქმედებებს და ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ იმ საქმიანობის გამო, რომლისთვისაც გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული თანხა გამოიყენება, გერმანია საკუთარ ქვეყანაში ჯგუფებს კრძალავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქ-პოსტი დამატებითი კონტექსტის ან მოძრაობის შესახებ ინფორმაციის დართვის გარეშე გაავრცელეს მედიასაშუალებებმა: იმედმა (1;2); POSTV-მ; ინტერპრესნიუსმა (1;2); გურია თაიმსმა; ონლაინ მედიამ “ქართული აზრი”; SPNEWS-მა; რეპორტიორმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; Ambebi.ge-მ, For.ge-მ, Ipress. ge-მ.
-
რატომ აკრძალეს ექსტრემისტული მოძრაობა გერმანიაში?
მოძრაობა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ადარებს, 13 მაისს აკრძალეს. “გერმანიის სამეფო” მემარჯვენე ექსტრემისტების მოძრაობის, ე.წ “რაიხსბიურგერების” ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა. ოფისებისა და ორგანიზაციის წევრთა სახლების ჩხრეკის შემდეგ, მისი დამფუძნებელი, პიტერ ფიცეკი სამართალდამცავებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია სამი პირი, რომლებიც სავარაუდო ლიდერები არიან.
ყოფილმა მზარეულმა და კარატეს ინსტრუქტორმა, პიტერ ფიცეკმა ჯგუფი 2012 წელს დააარსა და “სამეფოს” თვითგამოცხადებული მონარქის, “მეფის” სტატუსით მართავდა. 2012 წელს ის მეფედ მონარქის სამოსში გამოწყობილი, შუა საუკუნეების ხმლით ხელში აკურთხეს. ფიცეკი თავს პეტრე პირველს უწოდებს. პაპუაშვილი პოსტში წერს, რომ აკრძალვის მიზეზი იყო გერმანიის არჩეული ხელისუფლების არაღიარება, თუმცა, ორგანიზაციის წევრები უარყოფდნენ არა მხოლოდ ამ დროისთვის ხელისუფლებაში მყოფთა, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, თანამედროვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას. ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ გერმანიის რაიხი კვლავ არსებობს, გერმანული დემოკრატია არალეგიტიმური ფასადია და მონარქიული ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ლეგიტიმურობის არაღიარების ფარგლებში, ორგანიზაციის წევრთა ნაწილი უარს ამბობდა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე – მაგალითად, გადასახადებისა და ჯარიმების გადახდაზე. ასევე, ისინი ბეჭდავდნენ საკუთარ, ალტერნატიულ პასპორტებსა და მართვის მოწმობებს. “რაიხსბიურგერებს” აქვთ საკუთარი ვალუტა, დროშა და სურდათ ცალკე საბანკო და ჯანდაცვის სისტემების შექმნა.
სახელმწიფო ორგანოებმა ექსტრემისტულ ჯგუფს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც ბოლო წლებში მათ მიერ პოტენციურ ძალადობაზე შიში გაიზარდა. 2016 წელს “რაიხსბიურგერების” ერთ-ერთმა წევრმა მის სახლში რეიდის დროს პოლიციელს ესროლა და მოკლა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია გერმანიის მთავრობის დამხობის შეთქმულება, რომელიც 2022 წელს გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდეის ავტორები აპირებდნენ პარლამენტის დარბევას და პოლიტიკოსების დაკავებას დროებითი მთავრობის შექმნამდე. მთავრობის დამხობის შეთქმულების საქმეზე 27 ადამიანი დააკავეს და 380 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განმარტებით, ჯგუფის წევრები “კონტრსახელმწიფოს” შექმნას ცდილობდნენ. შიდა სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, “რაიხსბიურგერების” ჯგუფებში, დაახლოებით, 25 000 ადამიანი არის გაწევრიანებული. “სამეფო გერმანიის” თანამოაზრე, მათი ცნობებით, 6 000 ადამიანია.
აღნიშნული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მიერ საქართველოში დაფინანსებულ ორგანიზაციებს შეადარა, ხოლო მედიამ, რომელმაც მისი პოსტი გაავრცელა, ტექსტს “რაიხსბიურგერების” შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ დაურთო. შესაბამისად, მკითხველი მათი სტატიებით ვერ იღებს ინფორმაციას, თუ რა მიზეზებით აიკრძალა ექსტრემისტული ჯგუფი და რა საქმიანობით უქმნიდნენ დემოკრატიას საფრთხეს მისი წევრები.