მიაღწია თუ არა გერმანიამ თავისი შესაძლებლობების ზღვარს და რა დახმარებას უწევს უკრაინას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გერმანია
997
VIEWS

6 მარტს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა განაცხადა, რომ გერმანია ვეღარ შეძლებს უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, რადგან საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის დარჩენილი მარაგები გერმანიისა და ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. 

ამავე დღეს ფეისბუქ-გვერდმა “ყველა ნიუანსი/All Nuances” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიას უკრაინის დახმარების რესურსი აღარ აქვს: “დაიწყო ევროპამ წუწუნი. ომის გაგრძელება სურთ, მაგრამ სხვის ხარჯზე. თავად არ უნდა შეწუხდნენ. იარაღი ამერიკული უნდა იყოს, ცოცხალი ძალა უკრაინული”. 

გერმანია

ინფორმაცია, თითქოს გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა ამოწურა და დახმარების რესურსი აღარ აქვს, მანიპულაციურია. მიუხედავად ბუნდესვერის მარაგის შემცირებისა, გერმანია აგრძელებს უკრაინის დახმარებას როგორც სამხედრო, ისე ინდუსტრიული თანამშრომლობისა და ფინანსური დახმარების გზით. 

2025 წლის 5 მარტს გერმანიის მთავრობის პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, გერმანიის საბიუჯეტო პოლიტიკა, თავდაცვის ხარჯები და უკრაინის მხარდაჭერა განიხილებოდა.  პრესკონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს სპიკერს, მიხაელ შტემპფლეს, ჟურნალისტმა ჰკითხა, არსებობდა თუ არა თეორიულად შესაძლებლობა, რომ ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინას გადასცემოდა შეიარაღება ან სხვა შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იარაღი მოგვიანებით ჩანაცვლდებოდა.

ამის შესახებ შტემპფლემ უპასუხა [11:46], რომ უკრაინის მხარდაჭერა და გერმანიის საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ერთმანეთის პარალელურად უნდა განხორციელდეს. ქვეყანა მიზნად ისახავს თავისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს მოითხოვს. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. ეს დახმარება მოიცავს არა მხოლოდ იარაღისა და ტექნიკის გადაცემას, არამედ თანამშრომლობას გერმანულ სამხედრო ინდუსტრიასთან. გარდა ამისა, ინვესტიციები ხორციელდება უკრაინულ სამხედრო მრეწველობაშიც, რათა უკრაინამ თავად შეძლოს შეიარაღების წარმოება. შესაბამისად, შტემპფლეს თქმით, ორივე პროცესი – გერმანიის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის დახმარება – პარალელურად უნდა გაგრძელდეს.

მიხაელ შტემპფლე: “დავუბრუნდები უკრაინის დახმარებისა და გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობების საკითხს. ეს პროცესები პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ერთი მხრივ, აუცილებელია საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება – ეს უკვე აღვნიშნე, სწორედ ამიტომაც არის შექმნილი შესაბამისი ფინანსური მექანიზმები – და ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა, რათა იგი კვლავ ძლიერ პოზიციაში დარჩეს და შეძლოს რუსეთის მიერ წარმოებულ ომში წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ეს ხდება გერმანიის სამხედრო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით. ამასთან, ინვესტიციები იდება უკრაინულ სამხედრო მრეწველობაშიც, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ორივე პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.”

ამის შემდეგ ჟურნალისტმა დამატებით ჰკითხა [12:27],  შესაძლებელი იყო თუ არა, რომ, მაგალითად, Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები ან არტილერია გადაეცეს უკრაინას იმ პირობით, რომ მათი ჩანაცვლება მოგვიანებით მოხდებოდა. 

მიხაელ შტემპფლემ განმარტა, რომ ქვეყანას უკრაინისთვის მიწოდებული აქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი, თუმცა ბუნდესვერის არსენალში არსებული მარაგი გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდა.  შტემპფლეს თანახმად, ახლა გერმანია უნდა ფიქრობდეს არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაზე, არამედ ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეც.

მიხაელ შტემპფლე: “თქვენ იცით, რომ ბუნდესვერიდან უკრაინაში უკვე განხორციელდა შეიარაღების მიწოდება. თუმცა, ამ მხრივ ბუნებრივ ზღვარს უკვე მივაღწიეთ, რადგან ახალი გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედება, რათა თითოეული მათგანი სათანადოდ იყოს აღჭურვილი. ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკასთან.”

2025 წელს გერმანია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. გერმანიის თავდაცვისა და საგარეო სამინისტროს წარმომადგენლებმა “მითების დეტექტორს” დაუდასტურეს, რომ უკრაინის სამხედრო დამხარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ 2025 წელს ახალი, მნიშვნელოვანი პაკეტიც დაემატება. ამ ეტაპზე გერმანიის მთავრობა მუშაობს 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე, პარალელურად კი გრძელდება უკვე დაგეგმილი დახმარების მიწოდება.

  • როგორ ეხმარება გერმანია უკრაინას 2025 წელს? 

გერმანიის საგარეო სამინისტროს ცნობით, გერმანიამ საერთო ჯამში თითქმის 44 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია უკრაინას, საიდანაც 28 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერას ეხება. მათ შორისაა უკრაინის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი სახსრები, ევროპული მშვიდობის ფონდისთვის გაწერილი ბიუჯეტი და სხვა ხარჯები. სამინისტროს ინფორმაციით, დახმარება მორგებულია უკრაინის საჭიროებებზე და მუდმივად განიხილება მისი გაძლიერების შესაძლებლობები. 2025 წელს დაგეგმილი მიწოდებების ნაწილი მოიცავს: IRIS-T SLS/SLM ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, საზენიტო ტანკებს, პატრიოტის გამშვებ დანადგარებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს სპიკერის, თომას ეკენის თანახმად, ამჟამად, მთავრობა საბოლოო ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებს 3 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომლის სავარაუდო შემადგენლობა მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას, უახლეს საარტილერიო სისტემებს, როგორიცაა PzH2000 თვითმავალი ჰაუბიცა ან სრულად ავტომატური RCH 155 თვითმავალი ჰაუბიცა ბორბლებიან პლატფორმაზე, 155 მმ-იანი კალიბრის შესაბამის საბრძოლო მასალას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) სისტემებს.

2025 წლის თებერვალში გერმანიამ  განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობასა და შეიარაღებას მოიცავს. გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ზოგიერთი აღჭურვილობა უკვე გადაეცა უკრაინას, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ წარმოების ან გადაზიდვის პროცესშია. მაგალითად უკრაინამ უკვე მიიღო ლეოპარდის ტიპის ტანკები, მარდერის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, გეპარდის ანტისაჰაერო სისტემები, ჰაიმარსის მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები, Iris T და პარტიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სხვადასხვა ტიპის დრომები და სააარტილერიო ჭურვები. 2025 წელსაც უკრაინა გერმანიისგან მიიღებს როგორც ჯავშანტექნიკას, ისე საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებს. მათ შორისაა: პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, Skynex სისტემა ამუნაციით, TRML-4D საჰაერო ზედამხედველობის რადარი, IRIS-T SLM და SLS ტიპის რაკეტები, IRIS-T (SLM/SLS) საჰაერო თავდაცვის სისტემები, კინეტიკიური თავდაცვის მანქანა, უკრაინა ასევე მიიღებს RCH 155 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას, Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცას სათადარიგო ნაწილებთან ერთად, MARS II სარაკეტო სისტემას ამუნაციით, დაგეგმილია ასევე HIMARS სისტემის მიწოდებაც. უკრაინა დამატებით მიიღებს დრონებს, ანტიდრონულ მოწყობილობებს და სხვადასხვა ტიპის სამხედრო მასალას.

გარდა სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისა, გერმანია უკრაინისთვის სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტსაც ახორციელებს, რომლებიც მხარს უჭერს არამხოლოდ უკრაინელ ლტოლვილებს, არამედ ეხმარება ქვეყანას ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროების განვითარებით. 

არქივი (1;2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist