2-4 ივლისს ფეისბუქ ჯგუფში ანტილაბ-საქართველო, ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშების (1,2) მეშვეობით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უცნობი ქალი რუსულ ენაზე საუბრობს. ვიდეოში რამდენიმე მტკიცება გვხვდება: 1. ლატვიის ერთ-ერთ სკოლაში მშობლებს შეატყობინეს, რომ ოჯახებიდან, სადაც ბავშვებს ბიჭებად ან გოგოებად მოიხსენიებენ, ბავშვების წაყვანას დაიწყებენ, რადგან ბავშვებმა თავად უნდა განსაზღვრონ ვინ უნდათ იყვნენ.; 2. დარგის მასწავლებლები სექსუალური განათლების კურსს გაივლიან, რის შემდეგაც ბავშვებს ასწავლიან როგორ იყვნენ ჰომოსექსუალები, პედოფილები და როგორ არ გააჩინონ ბავშვები; 3. ლატვიაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დაკანონდა და ოჯახებისთვის ჩამორთმეულ ბავშვებს სწორედ ასეთ წყვილებზე გააშვილებენ.
გავრცელებული ვიდეო ლატვიის შესახებ რამდენიმე დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 1. ინფორმაცია, რომ ბავშვებს ოჯახებიდან მათი გოგოდ ან ბიჭად მოხსენიების გამო წაიყვანენ, ღია წყაროებში, მათ შორის, ლატვიის საკანონმდებლო აქტებში, არ გვხვდება. 2. სექსუალური განათლების კურსს პედოფილიის სწავლებასთან კავშირი არ აქვს. პედოფილია ლატვიაში კანონით ისჯება. 3. ლატვიაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება და მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანა არ დაკანონებულა.
-
გენდერული საკითხები – დეზინფორმაცია, თითქოს ლატვიაში მშობლებს ბავშვს ჩამოართმევენ
პირი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ლატვიელი პოლიტიკოსი ოლგა ჩერნავსკაა და მან ვიდეო თავდაპირველად ტიკტოკის საკუთარ გვერდზე 30 ივნისს გამოაქვეყნა.
ჩერნავსკას პირველი მტკიცებით, ლატვიის ერთ-ერთ სკოლაში მშობლებს განუცხადეს, რომ იმ მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს გოგოდ ან ბიჭად მოიხსენიებენ, ბავშვებს წაართმევენ.
ლატვიის კანონმდებლობა ამგვარ პრაქტიკას არ ითვალისწინებს. ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორება შესაძლოა მოხდეს, თუ მის მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება, ბავშვი ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, ან მან დანაშაული ჩაიდინა.
ჯგუფ ანტილაბ-საქართველოში გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში ლატვიის მაგივრად ლიეტუვა გვხვდება. ამ მიზეზით ოჯახისთვის ბავშვის წართმევას არც ლიეტუვური კანონმდებლობა ითვალისწინებს (1,2).
-
განათლება ლატვიაში – დეზინფორმაცია სექსუალური განათლების კურსის შესახებ
ჩერნავსკა სექსუალური განათლების კურსის შესახებაც საუბრობს, რომელიც მასწავლებლებმა უნდა გაიარონ. მისი მტკიცებით, კურსის საბოლოო მიზანი მოსწავლეებისთვის იმის სწავლებაა, როგორ იყვნენ ჰომოსექსუალები, პედოფილები და როგორ არ გააჩინონ შვილები.
ლატვიის განათლების სამინისტრომ ლატვიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კურსი სექსუალური განათლების შესახებ ნამდვილად შექმნა. კურსის მიზანი მასწავლებლებისთვის ოჯახური ურთიერთობების, გენდერული როლების, თანასწორობის, ძალადობის, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვა არაერთი თემის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდებაა. თემები, რომლებზეც მასწავლებლებმა ბავშვებთან უნდა ისაუბრონ ბავშვთა ასაკზეა დამოკიდებული. კურსი 2024 წლის 1 აგვისტოსთვის მზად უნდა იყოს და მისი გავლა მასწავლებლებს 2025 წლის სექტემბრამდე მოეთხოვებათ.
კურსი ბავშვებისთვის იმის სწავლებას არ ისახავს მიზნად, თუ როგორ გახდნენ ჰომოსექსუალები ან პედოფილები ან როგორ თქვან უარი შვილის ყოლაზე. პედოფილია ლატვიის კანონმდებლობაში სისხლის სამართლის დანაშაულია და ის თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კანონი ბოლოს 2015 წელს შეიცვალა და სასჯელის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.
-
არის თუ არა ლატვიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური?
ჩერნავსკა ასევე ამტკიცებს, რომ ლატვიამ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. რეალურად, ლატვიაში არა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, არამედ მათ შორის სამოქალაქო პარტნიორობა დაკანონდა. კანონი წყვილებს საავადმყოფოში ერთმანეთის მონახულების უფლებასა და გარკვეულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, თუმცა ის ბავშვის შვილად აყვანის უფლებას არ ითვალისწინებს.
აღნიშნული ვიდეო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრმა Re:Baltica-მაც გადაამოწმა და მასში არაერთი დეზინფორმაციული მტკიცება აღმოაჩინა.
-
რა ვიცით ოლგა ჩერნავსკაზე?
ოლგა ჩერნავსკა 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნებში პარტია “ახალგაზრდა ლატვიელთა ასოციაციის” (Apiviëna Jaunlatvieši) სახელით მონაწილეობდა. ჩერნავსკა პარტიის საარჩევნო სიის მერვე ნომრად იყო წარმოდგენილი და მის პროფესიად სიაში დიასახლისი იყო მითითებული.
პარტიამ არჩევნებში ხმების 2.13% მოიპოვა და ევროპარლამენტში ვერც ერთი ადგილის მოპოვება ვერ შეძლო.
2023 წლის მაისში ლატვიის უსაფრთხოების სამსახური ჩერნავსკას განცხადებებთან დაკავშირებით მოკვლევასაც აწარმოებდა. როგორც ჩერნავსკას ვიდეოებიდან ჩანს, ის ამჟამად ბელარუსში იმყოფება.
წყაროების შესახებ:
რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები Марфа Марфа და Сергей Токарев ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს, მათ შორის, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.