5 თებერვალს ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვითაც USAID-ის გადაყრილ დოკუმენტებში აღმოაჩინეს, თითქოს სააგენტოს პროგრამა ჰქონდა ავღანეთში გენდერის შესახებ და ის “გენდერული ფასეულობების ცვლილებისთვის” იყო გამიზნული. პოსტის ავტორი ასკვნის, რომ “დემოკრატები თალიბებისგანაც ტრანსგენდერების გამოყვანას ცდილობდნენ.” როგორც პოსტის ავტორი წერს, ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა ვიდეოს, რომელიც ბიზნესმენმა ილომ მასკმა პლატფორმა X-ზე გააზიარა. პოსტს ერთვის ამავე სოციალური ქსელის ვიდეოს სქრინშოტი, რომელზეც ნაჩვენებია დოკუმენტი შემდეგი დასახელებით: “გენდერულად მგრძნობიარე ტრენინგები”. მასზე ვხედავთ USAID-ისა და DAI-ის ლოგოებს.
მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია ავღანეთში USAID-ის საქმიანობის შესახებ, თითქოს ის ფასეულობების შეცვლის მიზნით, თალიბებს გენდერის შესახებ ტრენინგებს უტარებდა. ასევე არასწორად უკავშირებენ პროგრამას ტრანსგენდერებს. სააგენტოს გენდერზე მართლაც ჰქონდა რამდენიმე პროგრამა, თუმცა ის ავღანელი ქალების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას ემსახურებოდა, ასევე მიზნად ისახავდა მათ სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. ავღანელი კაცებისათვის გენდერული იდენტობის შეცვლის მიზნით ჩატარებული USAID-ის პროგრამა არ იძებნება. ავღანეთში სააგენტოს პარტნიორმა კომპანიამაც დაგვიდასტურა, რომ მათი პროექტები ქალების გაძლიერებისკენ იყო მიმართული და გენდერული იდენტობის ცვლის შესახებ პროგრამა არ ჰქონიათ.
-
რა ვიცით ავღანეთში USAID-ის საქმიანობისა და გენდერის შესახებ ტრენინგებზე?
7 თებერვლიდან USAID-ის ვებ-საიტი აღარ მუშაობს. გასულ დღეებში გახსნისთანავე გვხვდებოდა შეტყობინება სააგენტოს თანამშრომლების შვებულებაში გასვლის და პროგრამების გაჩერების შესახებ. სააგენტოს საიტის გათიშვა მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით სრულად შეაჩეროს ამერიკის საგარეო დახმარება.
USAID-ის საიტზე ასევე შეუძლებელია სააგენტოს მიერ ავღანეთისთვის გამოყოფილი დახმარების რაოდენობისა და მიზნობრიობის გადამოწმება. ღირებულებათა ჯაჭვისა და ქალთა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო შურას შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია კომპანია DAI-ის საიტზე, რომელიც ავღანეთში USAID-ის პროგრამებს ახორციელებდა. ავღანეთში ღირებულებათა ჯაჭვის პროგრამა (AVCP) 2018-2025 წლებზე იყო გათვლილი და საოსფლო-სამეურნეო მიზნობრიობას ატარებდა. პროგრამა ავღანეთში პირუტყვთა და ნათესებთან დაკავშირებულ საწარმოებს აძლიერებდა, ხელს უწყობდა გამხდარიყვნენ უფრო მომგებიანი, AVCP დაუცველ ფერმერულ თემებსა და შინამეურნეობებს ეხმარებოდა, პროგრამა ასევე მხარს უჭერს აქტივობებს, რომლებიც შექმნილია სურსათის შიდა წარმოების გაზრდის მიზნით.
მეორე პროგრამა, სახელად “ქალთა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო შურა” ავღანეთში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტია. ლექსიკონებში “შურა” განმარტებულია, როგორც გადაწყვეტილების მიმღები საკონსულტაციო კრება ან საბჭო, სიტყვა გამოიყენება ისლამურ კულტურაში. აღნიშნული პროგრამის შესახებ 2019 წელს თავად USAID წერდა და მიზნად ასახელებდა ქალებში სასოფლო-სამეურნეო თემებზე ცნობიერების ამაღლებასა და იმ ფერმერი ქალების დახმარებას, რომლებიც ავღანეთში აგრობიზნესთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობდნენ. აღნიშნული პროგრამა ავღანეთში 2002 წლიდან მოქმედებდა და 2019 წლამდე ამერიკის საგარეო განვითარების სააგენტომ 17$ მილიარდის დახმარება გამოჰყო. პროგრამა არ ითვალისწინებდა კაცებისათვის გენდერული იდენტობის შესახებ ტრენინგების ჩატარებას.
ავღანეთში USAID-ის პროგრამების შესახებ მეტი ინფრომაციის მისაღებად DAI-ს წერილობით მივმართეთ. ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა, სტივენ ო’კონორმა განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამები გენდერული იდენტობის შესახებ ტრეინგების ჩატარებას არ გულისხმობდა. ასევე დაგვიდასტურა, რომ ვიდეოზე ნაჩვენები პროგრამები ავღანელი ქალების გაძლიერებას, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინტეგრირებასა და ეკონომიკურ ხელშეწყობას გულიხსმობდა.
USAID ავღანეთში წლების განმავლობაში მუშაობდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით და გენდერული თანასწორობის შესახებაც ატარებდა ტრენინგებს. თუმცა, მათი საქმიანობის მიმოხილვაში არ არის ნახსენები, რომ ავღანელ კაცებს ან თალიბებს ტრენინგებს უტარებდნენ გენდერის შესახებ და მიზნად ისახავდნენ მათი გენდერული იდენტობის შეცვლას. “ტრანსფორმაციის ათწლეულში” (2015-2024) USAID-ის მიზანი იყო ავღანეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და მისი პრიორიტეტად ქცევა.
ქაბულში ამერიკის საელჩომ 2022 წელს დაწერა, რომ აშშ, გაეროსთან ერთად, 30$ მილიონს გამოჰყოფდა ავღანეთში ქალების უფლებების დასაცავად, რადგან ეს უფლებები თალიბანმა კიდევ უფრო შეზღუდა.
-
ვინ ავრცელებს და რას ვიგებთ X-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან?
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს თან ახლავს ვიდეოს სქრინშოტი, რომელიც პლატფორმა X-ზეა გამოქვეყნებული. ანგარიში Callum უთითებს, რომ ბრიტანეთიდანაა და აქვს საკუთარი YouTube არხიც. ანგარიშის რეალური სახელია Callum Darragh, მისი YouTube არხი ტურისტული ვიდეოკონტენტით გამოირჩევა და ასევე მონაწილეობს “ლოტუსის მჭამელთა პოდკასტში”. კალუმ დარას არხის გაცნობით ვიგებთ, რომ ის ნამყოფია მოლდოვის თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლუჰანსკში. ლუჰანსკში მოგზაურობის ვიდეოს დასაწყისში ის აჩვენებს რუსეთის რუკას, რომელიც ყირიმსა და დასავლეთ უკრაინის ტერიტორიასაც მოიცავს, უკრაინის რიგ ქალაქებს კი მოიხსენიებს, როგორც რუსეთს ცოტა ხნის წინ შეერთებულ ტერიტორიას. იუთუბერი ამბობს, რომ ერთ საათიან ვიდეოში ომის რუსულ პერსპექტივას შესთავაზებს მაყურებელს, თუმცა ეს ომის განდიდებად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან ამგვარ შინაარსს YouTube წაშლის. კალუმ დარა იმასაც აღნიშნავს, რომ ომის რუსული პერსპექტივა დასავლეთში არ ისმის. ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ის მოგზაურობს თანამედროვე რუსეთის გარშემო, მათ შორის ლუჰანსკში.

უკრაინის შესახებ ვიდეოში ის რუსული პროპაგანდის რამდენიმე გზავნილს იმეორებს. მაგალითად, 2014 წლის მაიდნის რევოლუციასა და რუსეთ-უკრაინის ომს ვაშინგტონისა და მოსკოვის დაპირისპირებად წარმოაჩენს.
ავღანეთში USAID-ის ტრენინგების შესახებ ვიდეო მან X-ზე 2025 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა, თუმცა იდენტური ვიდეო მის YouTube-ის არხზეცაა გამოქვეყნებული და 2022 წლით თარიღდება. კალუმ დარამ ვიდეოთი უპასუხა ბიზნესმენ ილონ მასკს, რომელმაც დაწერა, რომ USAID ტერორისტული ორგანიზაციაა. ავღანეთში გადაღებულ ვიდეოში ის აღმოაჩენს ნაგავსაყრელს, სადაც მხოლოდ USAID-ის პროექტების ცარიელი საქაღალდეებია. დარა ამბობს, რომ იპოვა “ნაგავი ფაილები”, რომელებიც ავღანელებს არ სჭირდებათ. კალუმ დარა რამდენიმე საქაღალდეს უღებს ვიდეოს, მათზე კი წერია: “USAID-ის ავღანეთის ღირებულებათა ჯაჭვის პროგრამა, გენდერულად სენსიტიური ტრენინგი”, ხოლო მეორე საქაღალდეს აწერია: “ქალთა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო შურა”. საქაღალდეები თარიღდება 2019-2020 წლებით.
არც X-ზე გამოქეყნებულ მოკლე ვიდეოში და არც სრულ ჩანაწერში ის დამატებით არაფერს ამბობს საქაღალდეებზე, რომელიც ავღანეთში იპოვა. თუმცა, X-ზე აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს, იმავე დოკუმენტების ფოტოს. ცარიელ საქაღალდეზე ვხედავთ USAID-ისა და ამერიკული ეკონომიკური კომპანია DAI-ის ლოგოებს.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა მისი ხელმძღვანელები გააკრიტიკა და მათ შორის, USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა. “მითების დეტექტორმა” სააგენტოსა და მისი საქმიანობის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური პოსტები გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.