21 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ როგორ ჭამს კარვებთან მჯდომი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე. ვიდეოზე ასევე დატანილია ფოფხაძის ფრაზა: ”თავს სუსტად ვგრძნობთ, მაგრამ ეს ბუნებრივია – შიმშილობის 25-ე დღეა. აქციის შეწყვეტაზე არ ვფიქრობთ’’.

საინფორმაციო პორტალის “ამბები.ge’’-ს საინფორმაციო ბარათის გამოყენებით გედევან ფოფხაძის ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოს AI-სთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი აქვს და მის ხელოვნურობას AI-ს აღმომჩენი ხელსაწყოც ადასტურებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს კუთხეში ჩანს ‘’ამბები.ge’’-ს ლოგო. ვიდეოს პირველი კადრი ‘’ამბები.Ge’’-ს მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათის იდენტურია. სავარაუდოდ, ვიდეოს ხელოვნური ინტელექტით გენერირებისთვის სწორედ ეს საინფორმაციო ბარათი გამოიყენეს. საინფორმაციო ბარათზე დატანილი ფოფხაძის ციტატა ამავე დღეს მის მიერ “ინტერპრესნიუსთან” გაკეთებული კომენტარიდანაა.
ვიდეოში AI-სთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი ჩანს. პირველ კადრში ფოფხაძეს ხელში ქუდი უჭირავს. მომდევნო კადრებში ქუდი ქრება და მის ადგილას საკვები და მობილური ტელეფონი ჩნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მომდევნო კადრებში პოლიტიკოსს მარცხენა ხელზე ორი მტევანი აქვს, რაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.

ამავე შედეგს აჩვენებს AI-ს ამომცნობი ხელსაწყო Hive Moderation-იც. პროგრამის ანალიზის თანახმად, ვიდეოში AI-ის ან დიფფეიკის გამოყენების ალბათობა 89%-ია.

28 ოქტომბერს “კოალიცია ცვლილებებისთვის’’ წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აქტივისტთან ერთად პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის თქმით, მისი მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















