გაზის საფასურის რუბლით გადახდის მოთხოვნაზე ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

გაზის საფასური
293
VIEWS

1-2 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა “ბრძნული გამონათქვამები” და “მსოფლიო ამბები” (1, 2) და ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 საათის წინ რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. რის შემდეგაც რამდენიმე საათში პოლონეთი, ავსტრია და ბულგარეთი საფასურის რუბლებში გადახდას დათანხმდნენ, ხოლო ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს გაზის რუბლით შესყიდვის უფლება მისცა.

გაზის საფასური

გაზის საფასურის გადახდაზე გავრცელებული პოსტი ნაწილობრივ მცდარია: 1) რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 2022 წლის გაზაფხულზე შეუჩერა და არა 2024 წელს, თუმცა პოლონეთი და ბულგარეთი რუსეთის ახალი სისტემის მიხედვით გაზის საფასურის რუბლით გადახდას არ დათანხმებულან. 2) ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა ენერგოკომპანიებმა, მათ შორის ავსტრიულმა OVM-მ კონსულტაციების შემდეგ გარკვეული დათქმებით გაზპრომთან თანამშრომლობა გააგრძელეს. 

2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო განკარგულება, რომლითაც უცხოურ ქვეყნების მოსთხოვა, გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ. პრეზიდენტის განკარგულებაში გაწერილია გადახდის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, “არამეგობრული” ქვეყნების წარმომადგენლებს გაზპრომბანკში 2 საგანგებო ანგარიში უნდა გაეხსნათ, 1 რუბლში და 1 უცხოურ ვალუტაში. ახალი სისტემით, უცხოურ ენერგო კომპანიებს გაზპრომისთვის გაზის საფასურის გადასახდელად თანხა გაზპრომბანკის უცხოური ვალუტის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ. რის შემდეგაც ბანკი ამ თანხას რუბლში დააკონვერტირებდა და გაზპრომის ანგარიშზე გადარიცხავდა.

პოლონეთმა და ბულგარეთმა ახალი სისტემით გაზის საფასურის გადახდაზე უარი თქვეს, რის გამოც რუსეთმა მათ გაზის მიწოდება 2022 წლის 27 აპრილს შეუწყვიტა და არა 2024 წელს. დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის ქმედებას შანტაჟი უწოდეს. პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ აღნიშნა, რომ პოლონეთის ენერგო-უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო და რუსეთის პირობებს არ დათანხმდებოდა. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდერ ნიკოლოვმა კი აღნიშნა, რომ ბულგარეთისთვის რუსეთისგან გაზის მიწოდების დაკარგვა მნიშვნელოვან პრობლემებს არ გამოიწვევდა. ნიკოლოვის თქმით, ცხადი იყო, რომ ბუნებრივი აირი უფრო მეტად პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად იყო გამოყენებული.

ახალი სისტემით გაზის საფასურის გადახდაზე უარი თქვეს ფინეთმა და ნიდერლანდებმაც. შედეგად გაზპრომმა ფინეთს გაზის მიწოდება 2022 წლის 21 მაისს შეუწყვიტა, ხოლო ნიდერლანდებს 31 მაისს.

  • რომელმა ენერგოკომპანიებმა გააგრძელეს გაზპრომთან თანამშრომლობა გადახდის ახალი სისტემის შემოღების შემდეგ?

2022 წლის მაისში ცნობილი იყო, რომ პუტინის განკარგულების შემდეგ გაზპრომთან თანამშრომლობა შემდეგმა კომპანიებმა გააგრძელეს:

  • МVM, უნგრეთი
  • VNG, გერმანია
  • Uniper, გერმანია
  • RWE, გერმანია
  • Engie, საფრანგეთი
  • Eni, იტალია
  • OMV, ავსტრია
  • ČEZ, ჩეხეთი
  • SPP, სლოვაკეთი
  • Geoplin, სლოვენია

2022 11 აპრილს უნგრეთის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განმარტა, რომ უნგრეთი გაზპრომბანკში თანხას ევროში რიცხავდა, შემდეგ ბანკი ამ თანხას რუბლში აკონვერტირებდა და გაზპრომს ურიცხავდა. დანარჩენი კომპანიების განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომ პირველად გადარიცხვას ისინიც გაზპრომთან დადებული საწყისი კონტრაქტების მიხედვით, ევროში ან დოლარში ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ზაფხულში გერმანულმა კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ გაზპრომთან კონტრაქტებს აუქმებდა. საარბიტრაჟო სასამართლომ გაზპრომის მხრიდან მიწოდების პირობების დარღვევისთვის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, გაზპრომს 13 მილიარდის გადახდა დააკისრა და Uniper-ს კონტრაქტის გაუქმების უფლება მიანიჭა. 2024 წლის ივლისში ავსტრიული კომპანიის OMV-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფრედ შტერნმა განაცხადა, რომ კომპანია გაზპრომზე ენერგოდამოკიდებული აღარ იყო, მნიშვნელოვნად შეამცირა გაზპრომისგან შესყიდული ნედლეულის მოცულობა და გაზპრომის მიერ გაზის მიწოდების შემთხვევაშიც, მომხმარებლების ენერგოუზრუნველყოფას შეძლებდნენ. გარდა ამისა, კომპანიას რამდენიმე საარბიტრაჟო დავა აქვს გაზპრომთან. მიწოდებაში შეფერხებების გამო გაზპრომის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავები კიდევ რამდენიმე ევროპულ კომპანიას, მათ შორის RWE-ს, Еni-ს, Engie-ს, PGNiG-ს და ČEZ  აქვთ დაწყებული.

  • რა იყო ევროკომისიის პოზიცია რუსეთის შემოთავაზებულ გადახდის სისტემაზე?

რუსეთის მიერ შემოთავაზებულ გადახდის სისტემასთან დაკავშირებით ევროკომისიას გარკვეულწილად ბუნდოვანი პოზიცია ჰქონდა. 2022 წლის 14 აპრილს Reuters-ი წერდა, რომ ევროკომისიის შიდა დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გამოცემამ ნახა, გადახდის ახალი სისტემით გაზპრომისთვის გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევა იქნებოდა. 27 აპრილს გაზპრომმა განაცხადა, რომ 10 ევროპული კომპანია უკვე დათანხმდა რუბლით გადახდებს, რაზეც საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ასეთი ქმედება სანქციების რეჟიმის დარღვევა იქნებოდა. 2022 წლის მაისში Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკომისიამ კომპანიებს ურჩია, გაზპრომბანკში რუბლში ანგარიშები არ გაეხსნათ, თუმცა მთავრობებისთვის მიწოდებულ ოფიციალურ, წერილობით გზამკვლევებში ცალსახად არ გაუწერია, რომ ანგარიშის გახსნა სანქციების დარღვევა იქნებოდა. მაიში გაზპრომმა განაცხადა, რომ კომპანიის უცხოური კლიენტების ნახევარმა გაზპრომბანკში ორი ანგარიში გახსნა.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე განმარტებით დოკუმენტში (გვ.222) აღნიშნულია, რომ ვინაიდან ახალი განკარგულება გაზის საფასურს გადახდილად მაშინ მიიჩნევდა, როცა  რუბლში დაკონვერტირებული თანხა გაზპრომის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, გადახდის პროცესი სანქციებთან შეუთავსებელი ხდებოდა, რადგანაც ვალუტის კონვერტაციის პროცესში რუსეთის ცენტრალური ბანკი ერთვებოდა, რომელიც სანქცირებულია. გარდა ამისა ვალუტის კონვერტაციის პროცესი გაურკვეველი ვადით შეიძლება გაგრძელებულიყო, რა დროის განმავლობაშიც ევროპული კომპანიის მიერ გადარიცხული თანხა, შეიძლება, რუსეთისთვის მიცემულ სესხად განხილულიყო. 

თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი განკარგულების მიუხედავად, გარკვეული პირობების შესრულებით, გაზპრომისგან გაზის შესყიდვა ევროპული კომპანიებისთვის შესაძლებელი იყო. ევროკომისიის განმარტებით, გაზპრომბანკთან და გაზპრომთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გაგრძელება შესაბამისი შეთანხმების მიღწევის მიზნით სანქციებს არ არღვევდა, გარდა ამისა სანქციების დარღვევა არ იქნებოდა გაზპრომბანკში ანგარიშის გახსნაც. დოკუმენტის მიხედვით, 31 მარტის დადგენილება არ გამორიცხავს გადახდის პროცესს, რომელიც ევროკავშირის სანქციებს შეესაბამება და ევროკავშირის კომპანიებს შეუძლიათ, სთხოვონ რუსულ პარტნიორობს, ძველი წესით შეასრულონ საკონტაქტო ვალდებულებები – ანუ გააგრძელონ თანხის გადარიცხვა დოლარსა და ევროში. ევროკომისია ასევე განმარტავს, რომ თუ ევროპული კომპანია წინასწარ ცალსახად და მკაფიოდ განაცხადებს, რომ გაზის ყიდვისასა მისი საგადასახადო ვალდებულებები თანხის დოლარსა და ევროთი გადარიცხვის შემდეგ შესრულებულია, მათ თანხის გაზპრომბანკში გადარიცხვის უფლება აქვთ და ეს სანქციების დარღვევა არ იქნება. ევროკომისია ურჩევდა კომპანიებს, რუსული მხარისგან მიიღონ დასტური, რომ მსგავსი გადახდა დადგენილების ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა.

2022 წლის მაისში წყაროებზე დაყრდნობით, Politico წერდა, რომ მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე კომისიის გენერალურმა დირექტორმა ენერგეტიკის საკითხებში, დიტე იულ-იორგენსენმა ელჩებს უთხრა, რომ კომპანიებს ურჩევდნენ, გაზპრომბანკში რუბლის ანგარიშები არ გაეხსნათ, თუმცა არ უთქვამს, რომ ანგარიშის გახსნა სანქციების დარღვევა იქნებოდა. დიტე იულ-იორგენსენის თქმით, თუ გაზპრომბანკი ევროსა და დოლარში გადახდილ თანხას ევროპული კომპანიის მკაფიო მოთხოვნის გარეშე გადაიყვანდა რუბლში, ასეთი ქმედება, შესაძლოა, ევროკომისიის იურისდიქციის გარეთ აღმოჩენილიყო.  განმარტებითი დოკუმენტიდან და იულ-იორგენსენის კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ ევროპული კომპანიებისთვის გაზის შესყიდვის პროცესი დასრულებულად მიიჩნევა, როცა ისინი ევროში ან დოლარში თანხას გაზპრომბანკის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხავდნენ. ამის შემდეგ კომპანიისთვის გაზპრომთან დაკისრებული გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება, ხოლო შემდგომი თანხის კონვერტაცია და რუბლში გაზპრომის ანგარიშზე გადარიცხვა მათ პასუხისმგებლობას სცილდება, შესაბამისად სანქცირებასაც აღარ ექვემდებარება.

პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist