16-17 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო (1, 2), რომელშიც პოსტის ავტორების მტკიცებით, ისრაელის ავიაციას ვხედავთ. ერთ-ერთი პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ვიდეო გადაღებულია 16 ივნისს, თეირანში, სადაც ისრაელის საჰაერო სამხედრო თვითმფრინავები მწყობრად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაფრინავენ.
მტკიცება, თითქოს გავრცელებულ ვიდეოში ისრაელის ავიაციაა ასახული, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეო 2024 წლის ოქტომბერში, ეგვიპტეშია გადაღებული და მასში ეგვიპტის სამხედრო თვითმფრინავებია დაფიქსირებული.
აღნიშნული ვიდეო არასწორი აღწერით 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსაც ვრცელდებოდა. კერძოდ, 26 ოქტომბერს X-ზე ეს კადრები მომხმარებელმა ატვირთა და პოსტის აღწერაში დაწერა, რომ ეს თვითმფრინავები ისრაელს ეკუთვნის, რომლებიც ირანის დაბომბვის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს ისრაელმა დიდი ხნის შემდეგ პირველად განახორციელა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო სამხედრო ოპერაცია და ბომბდამშენების მეშვეობით არაერთი ობიექტი დაბომბა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეალურად გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები თვითმფინავები არა ისრაელს, არამედ ეგვიპტეს ეკუთვნის და კავშირი არ აქვს ისრაელ-ირანის კონფლიქტთან. კადრების უკუძიების მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ იგივე კადრები 6-7 ოქტომბერს გავრცელდა ფეისბუქსა და X-ზე და ორივე შემთხვევაში მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ვიდეოში ეგვიპტის საჰაერო შეიარაღებული ძალების დანაყოფი იყო ასახული. თუმცა, ყველაზე ძველ, 3 ოქტომბერს ატვირთულ ვერსიას ტიკ-ტოკზე მივაგენით, ანგარიშზე castel.eg. ამ შემთხვევაშიც პოსტში აღნიშნულია, რომ ეს ეგვიპტის არმიის თვითმფრინავებია.

ვიდეოს გადამოწმების მიზნით, პალესტინური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია “Kashif” 27 ოქტომბერს დაუკავშირდა ვიდეოგრაფ მოჰამედ მაჰმუდს, რომელსაც ეკუთვნის Castel.eg ტიკ-ტოკ ანგარიში. მან Kashif-ს დაუდასტურა, რომ ვიდეოში ასახული თვითმფრინავები ნამდვილად ეგვიპტეს ეკუთვნის და კადრები მან ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტის ქალაქ შორუკში გადაიღო სამხედრო კოლეჯის დამთავრების ცერემონიის დროს.
ტიკ-ტოკზე გავრცელებულ ვიდეოზე დაკვირვებისას შესამჩნევია ავტომობილის სანომრე ნიშანი. მართალია კადრების ხარისხი არ იძლევა ყველა დეტალის გარჩევის საშუალებას, თუმცა კარგად აღიქმება მისი ფორმა, ფერები და სტილი, რომელიც ძირითადად ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ისრაელში, ირანსა და ეგვიპტეში გამოყენებადი მანქანის სარეგისტრაციო ფორმების შემოწმების შემდეგ, გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სანომრე ნიშანი სწორედ ეგვიპტურია, რადგან ისინი ზუსტად ამ სტილშია დამზადებული. რეგიონების მიხედვით ნიშნები ერთმანეთისგან ფერებით განსხვავდება, რომელთა შორისაც ლურჯი ფერი მრავლად ფიგურირებს.

რაც შეეხება ისრაელისა და ირანის მიერ გამოყენებად სანომრე ნიშნებს, ისინი სრულიად განსხვავდება ვიდეოში ნაჩვენები სარეგისტრაციო ნომრისგან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.