დეზინფორმაცია, თითქოს გაფართოების ანგარიშის ყველა თავში საქართველოს პროგრესი აქვს

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

გაფართოების ანგარიში
79
VIEWS

19 ნოემბერს “ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმა POSTV-ის გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი” თქვა (17:30-დან), რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია, თუმცა, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ყველა თავში პროგრესი აჩვენა და მოლდოვასა და უკრაინას გაუსწრო.  

სეფაშვილის განცხადება გააშუქა პროსახელისუფლებო მედიამ, მათ შორის, იმედმა, მედიაჰოლდინგმა “კვირა” (1;2), რეზონანსმა და მარშალპრესმა

ეკა სეფაშვილი: “ბორელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, მთავრობამ გადაუხვია ევროკავშირის კურსსო. ესეც მაინტერესებს, როდესაც ბორელი ასეთი ორმაგი სტანდარტის გამოყენებით ხელმძღვანელობს – როგორ ამტკიცებს, რომ მთავრობამ გადაუხვია კურსს, როდესაც სწორედ მისდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ, ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა გაფართოების შესახებ ანგარიში, სადაც ყველა თავის მიხედვით, 35 თავია ამ ანგარიშში, საქართველომ აჩვენა პროგრესი და გაცილებით წინ უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, რომლებთანაც მოლაპარაკებებია დაწყებული.” 

გაფართოების ანგარიში

გაფართოების ანგარიშიეკა სეფაშვილი გაფართოების ანგარიშის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რიგი მიმართულებებით პროგრესი საერთოდ არ აქვს, ნაწილში “შეზღუდული” და “გარკვეული” პროგრესი აქვს.  

  •  გაფართოების ანგარიში 2024 – ზოგადი მიმოხილვა 

 ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში  2024 წლის 30 ოქტომბერს წარადგინა.  ანგარიშის შესავალში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. შესავალში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიღებისა, მთავრობამ 28 მაისს მიიღო “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და ამას მოჰყვა სხვა ნეგატიური მოვლენებიც, რომლებიც არ ემთხვევა მთავრობის გამოცხადებულ სურვილს ევროკავშირის გზაზე სვლის შესახებ. შესავალში ასევე ნახსენებია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების განხილვა და დასკვნა, რომ მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება იმ პრიციპებსა და ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ასევე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.  

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი – 49% რჩება. ზოგად მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველო არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისის მენეჯმენტის მისიებსა და ოპერაციებში, ასევე,  მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან და რუსეთისკენ ფრენების რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობდა სანქციების გვერდის ავლის თავიდან არიდების მიზნით.   

  • აქვს თუ არა საქართველოს პროგრესი ყველა თავში?  

სეფაშვილი ამტკიცებს, რომ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 35 თავიდან ყველაში აქვს პროგრესი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   

ანგარიში 2023 წლის 15 ივნისიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და ეფუძნება სხვადასხვა წყაროს მონაცემებს. ანგარიშში ქვეყნები სხვადასხვა პუნქტებში მზადყოფნის დონის მიხედვით არის შეფასებული. შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი დონეები: ადრეული ეტაპი, მზადყოფნის გარკვეული დონე, საშუალოდ მზადყოფნა, მზადყოფნის კარგი დონე და მოწინავე. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პუნქტების მიმართულებით მიღწეული პროგრესის აღსაწერად გამოყენებულია: უკუსვლა, პროგრესის გარეშე, შეზღუდული პროგრესი, გარკვეული პროგრესი, კარგი პროგრესი და ძალიან კარგი პროგრესი. 

 საქართველოს გარკვეული მიმართულებებით საანგარიშო პერიოდში პროგრესი საერთოდ არ აქვს. მის შესაფასებლად არცერთ ნაწილში არ არის გამოყენებული “მზადყოფნის კარგი დონე” ან “მოწინავე”, ასევე, პროგრესის გასაზომად არცერთ პუნქტში არ გვხვდება “კარგი პროგრესი” და “ძალიან კარგი პროგრესი”. 

მაგალითად, არანაირი პროგრესი არ ყოფილა ფინანსური კონტროლის; საქონლის თავისუფალი გადაადგილების; მუშაკთა თავისუფალი გადაადგილების; მომსახურების გაწევის თავისუფლების; ფინანსური და საბიუჯეტო დებულებების; საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებით. 13 თავში ქვეყანას “შეზღუდული პროგრესი” ჰქონდა.  შეფასებები ყველა თავის მიხედვით ასეთია: 

სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები  – საქართველო მზადყოფნის გარკვეულ დონეზეა და საანგარიშო პერიოდში უკუსვლა ჰქონდა.  

სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება – საქართველოს აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე, ქვეყანამ აჩვენა შეზღუდული პროგრესი საანგარიშო პერიოდში. 

 სახელმწიფო შესყიდვები – საქართველოს აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე, საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

 სტატისტიკა – ქვეყანას აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე, აღნიშნულ პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა. 

ფინანსური კონტროლი – ქვეყანას აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე, საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

 საქონლის თავისუფალი გადაადგილება – საქართველოს აქვს მზადყოფნის გარკვეული დონე, განსაზღვრულ პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

მუშაკთა გადაადგილების თავისუფლება – საქართველო მზადყოფნის ადრეულ ეტაპზეა, ხოლო საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

დაფუძნების უფლება და მომსახურების გაწევის თავისუფლება – საქართველოს აქვს მზადყოფნის საშუალო დონე, საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

 კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა – საქართველოს მზადყოფნის გარკვეული დონე აქვს და საანგარიშო პერიოდში შეზღუდული პროგრესი აჩვენა.

კორპორატიული სამართალი – ქვეყანა მზადყოფნის გარკვეულ დონეზეა და მოცემულ ვადებში შეზღუდული პროგრესი აჩვენა.

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი – საქართველო მზადყოფნის გარკვეული დონეზეა და შეზღუდული პროგრესი აჩვენა. 

კონკურენციის პოლიტიკა – საქართველო მზადყოფნის ადრეულ სტადიასა და მზადყოფნის გარკვეულ დონეს შორის არის და საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი აჩვენა.

 ფინანსური სერვისები – საქართველოს მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზეა და აღნიშნულ პერიოდში შეზღუდული პროგრესი აჩვენა.  

 მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა – ქვეყანა მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზეა და საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

 ციფრული ტრანსფორმაცია და მედია – საქართველო მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზეა და საანგარიშო პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა. 

გადასახადები – არის გარკვეული მზადყოფნის ქონისა და საშუალო მომზადების დონეებს შორის. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ შეზღუდული პროგრესი აჩვენა. 

ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა – საქართველო მზადყოფნის საშუალო დონეზეა და აღნიშნულ პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა. 

სოციალური პოლიტიკა და დასაქმება – ქვეყანას მზადყოფნის გარკვეული დონე აქვს და შეზღუდული პროგრესი ჰქონდა. 

საწარმო და სამრეწველო პოლიტიკა – საქართველოს მზადყოფნის საშუალო დონე აქვს და საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა.

მეცნიერება და კვლევა – საქართველო მზადყოფნის საშუალო დინეზეა და მოცემულ პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

განათლება და კულტურა – საქართველო მზადყოფნის საშუალო დონეზეა, საანგარიშ პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა.  

Customs union (საბაჟო კავშირი) – მზადყოფნის საშუალო დონეზეა, მოცემულ პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

სატრანსპორტო პოლიტიკა – მზადყოფნის გარკვეულ დონეზეა,  საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

ენერგეტიკა – მზადყოფნის გარკვეულ დონეზეა და მოცემულ პერიოდში გარკვეული პრიგრესი ჰქონდა. 

ტრანსევროპული ქსელები – ქვეყანა მზადყოფნის გარკვეული დონეზეა და გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

გარემოსა და კლიმატის ცვლილება – საქართველო მზადყოფნის ადრეულ სტადიაზეა და გარკვეული პროგრესი აქვს. 

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება – საქართველო მზადყოფნის ადრეულ ეტაპზეა და მოცემულ პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა – საქართველო მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზეა და გარკვეული პროგრესი აქვს. 

მეთევზეობა და აკვაკულტურა – საქართველო მზადყოფნის გარკვეულ დონეზეა და საანგარიშო პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა.

რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია – ქვეყანა არის მზადყოფნის ადრეულ ეტაპსა და გარკვეული მზადყოფნის ქონის ეტაპებს შორის. საანგარიშო პერიოდში გარკვეული პროგრესი ჰქონდა. 

 ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები – საქართველო მზადყოფნის ადრეულ ეტაპზეა, საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

გარე ურთიერთობები – საქართველო მზადყოფნის საშუალო ეტაპზეა, საანგარიშო პერიოდში შეზღუდული პროგრესი ჰქონდა.

საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა – ქვეყანა მზადყოფნის საშუალო ეტაპზეა და საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ჰქონია. 

  • უსწრებს თუ არა საქართველო პროგრესით მოლდოვასა და უკრაინას?

ყველა პუნქტში პროგრესთან ერთად, ეკა სეფაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო გაცილებით წინ უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას.  

 ევროკავშირმა ანგარიშით მიმოიხილა მოლდოვაში არსებული სიტუაცია და პროგრესი იმ მიმართულებებით, რომლებითაც, მათ შორის, საქართველოც შეაფასა. უმეტესობაში, 19 თავში აღნიშნულია, რომ მოლდოვა მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზეა, 5 თავში ის ადრეულ ეტაპზეა, 4 თავში საშუალო მზადყოფნა აქვს, 2 შემთხვევაში გარკვეულ დონესა და საშუალო დონეს შორის არის, ასევე 2 შემთხვევაში ადრეულ ეტაპსა და გარკვეულ მზადყოფნას შორის, ერთ შემთხვევაში კი საშუალო ეტაპსა და კარგ მზადყოფნას შორის. რაც შეეხება პროგრესს, 18 ნაწილში მოლდოვას გარკვეული პროგრესი აქვს,  6 ნაწილში – შეზღუდული პროგრესი, 7 ნაწილში – კარგი პროგრესი. ქვეყანას პროგრესი არ აქვს მეთევზეობისა და აკვაკულტურის, ასევე ფინანსური და საბიუჯეტო მიმართულებებით. 

 რაც შეეხება უკრაინას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე ხაზგასასმელი სიმტკიცე და ერთგულება აჩვენა. განხილული თავების მიხედვით, უკრაინა მზადყოფნის გარკვეულ ეტაპზე 17 თავშია, ადრეულ ეტაპზე არის 5 თავში, 4 თავში – მზადყოფნის კარგ ეტაპზე, 4 თავში – საშუალო ეტაპზე. ერთ თავში ქვეყანა საშუალო დონესა და კარგ დონეს შორის არის, 2 შემთხვევაში კი გარკვეულ დონესა და საშუალო დონეს შორისა. უკრაინას გარკვეული პროგრესი 16 თავში აქვს, შეზღუდული პროგრესი – 10-ში, კარგი პროგრესი – 6-ში, ხოლო ერთ ნაწილში პროგრესი არ აქვს.    

  • ნაბიჯების / პრიორიტეტების განხორციელების შეფასება 

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, გადაწყვეტილება მიიღეს დათქმით, რომ ქვეყანა ნაბიჯებს გადადგამდა 9 მიმართულებით – შესრულებდა 9 პუნქტს. ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. გაფართოების ანგარიშში, რომლის შესახებად ეკა სეფაშვილი საუბრობს, საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაც არის განხილული

1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა 

 დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულირება გაიზარდა. კონკრეტულად, “რუსული კანონის” ხელახალი შემოტანის შემდეგ, პერიოდული გახდა ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილები, რომლებსაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და დეპუტატებიც ავრცელებდნენ. საპარლამენტო არჩევნების წინ დეზინფორმაციული ნარატივები გაძლიერდა, მათ შორის, მთავრობასთან დაკავშირებული მედიისა და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. 

2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება

საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი მუდმივად დაბალი იყო  და 49%-ს შეადგენდა

 3. პოლიტიკური პოლარიზაცია

პოლიტიკური პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ; ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე მრავალპარტიული თანამშრომლობა ძალიან შეზღუდული იყო; საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას კვლავ ემუქრებოდნენ; კანონის პროტესტის დროს ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე ფიზიკურად იძალადეს და დააშინეს; ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას აკრძალავს; პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა გაუარესდა. 

4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი 

 მარტში პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები უგულებელყოფდა ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის დიდი ხნის განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს. ანგარიშის ამ პუნქტში ასევე განხილულია არჩევნებზე ეუთო ოდირის მიერ დაფიქსირებული ხარვეზები, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პროცედურული შეუსაბამობები, ამომრჩევლების დაშინება და ზეწოლა, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.  

5. საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა 

 თავში განხილულია სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის, ცესკოში, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაში კადრების დანიშვნის პრობლემები და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გამოწვევები. თავში ვკითხულობთ:  2021 წელს უკანონო მოსმენების ბრალდების გამოძიებას არანაირი სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია; არანაირი ქმედება არ განხორციელებულა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის გამჭვირვალედ და კონკურენტულად დანიშვნის უზრუნველსაყოფად. 

 6. სასამართლო რეფორმა 

 ანგარიშის მიხედვით, მთავრობის მიერ მიღებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს გაფართოების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კანონი რამდენიმე უმნიშვნელო პოზიტიურ ელემენტს შეიცავს. შესწორებები არ მოიცავს სასამართლო რეფორმის განსახორციელებენ ერთიან და ეფექტიან მიდგომას. 2024 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა შერჩევის პროცესისთვის ევროპულ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება. 

7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობა 

ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს, რადგან ცვლილებები არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. პარლამენტმა სპეციელური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებები მიიღო, რომლებიც ვენეციის კომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას ითვალისწინებდა, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალაში რჩება ძირითადი შეშფოთება სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნასა და იმუნიტეტთან დაკავშირებით, მაღალი თანამდებობის პირების გამორიცხვასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ეფექტიანობასა და ფარულ მოსმენებთან მიმართებაში მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით.  

8. დეოლიგარქიზაცია

2023 წლის სექტემბერში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, რომელიც “პირად” მიდგომას ითვალისწინებდა და ნოემბერში მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს ‘სისტემური” მიდგომის შესაბამისად.  გეგმა არ ითვალისწინებს რეგულარულ საკონსულტაციო მექანიზმს ყველა საპარლამენტო პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამოცანების განაწილება და ვადები ზედმეტად ფართო რჩება. 2024 წლის აპრილში დაჩქარებულად მიღებულ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ოფშორული თანხების საქართველოში გადასახადის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება

9.  ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება 

 ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია არ შეცვლილა 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით. სამოქმედო გეგმა შეზღუდული კონსულტაციებით დამტკიცდა და არ მოიცავს დებულებებს LGBTQ+ ადამიანებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ. 17 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შედგებოდა “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონი და და კანონებში 18 ცვლილებისგან, თუმცა აღნიშნული მოხდა წინასწარი საჯარო კონსულტაციების, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო კანონის პროექტი შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად მიიჩნია და რეკომენდაცია არ გაუწია მის მიღებას. საკანონმდებლო საქმიანობისა და ჰომოფობიური სიძულვილის ენის მუდმივი გავრცელების შედეგად, LGBTQ+ პირები საქართველოში სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ ატმოსფეროში ხვდებიან. 2021 და 2023 წლების „პრაიდის“ მოვლენების დროს მომხდარი ძალადობის ორგანიზებაზე გამოძიება არ დასრულებულა.

საქართველო განაგრძობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, თუმცა რჩება ხარვეზები გენდერზე დაფუძნებული ძალადობის პრევენციასა და რეაგირებასთან დაკავშირებით. გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება. 

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი მიიღეს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, რომელმაც მისი სრულად გაუქმების რეკომენდაცია გასცა. კანონი ხელყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების რიცხვი

 ამრიგად, ეკა სეფაშვილის მტკიცება, თითქოს, ბორელის კრიტიკის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს 35 თავში პროგრესი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყანას რამდენიმე მიმართულებით პროგრესი არ ჰქონია ან შეზღუდული პროგრესი ჰქონდა. რაც შეეხება 9 პუნქტს, რა დათქმითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, აღნიშნული პრიორიტეტები, მიმოხილვის მიხედვით, შესრულებული არ არის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარკვეული მიმართულებებით სიტუაცია, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist