ბოლო დროს ცალკეული პირები თუ დაინტერესებული ჯგუფები თესავენ ეჭვებს, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და შეუძლია თუ არა დასავლეთს საფრთხეებისგან ჩვენი დაცვა. ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილი, რომელსაც ამ მიზნით სხვადასხვა ჯგუფები ხშირად მიმართავენ, იდენტურ ფრაზეოლოგიაში გამოიხატება, რამაც ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკა საქართველოს მხოლოდ „წყლით და პამპერსით” დაეხმარა. ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი მონაცემები კი საპირისპიროს ცხადყოფენ: სწორედ ომის დროს და შემდგომ პერიოდში დასავლეთის მხრიდან აღმოჩენილმა სამხედრო და ფინანსურმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა საქართველოს, თავი აერიდებინა სოციალური და პოლიტიკური კრიზისისთვის და შეენარჩუნებინა სახელმწიფო წყობა.
დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველომ მთლიანობაში 4.45 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. ეს თანხა მოხმარდა როგორც კერძო სექტორს (საბანკო სექტორი), ასევე – საჯაროს, რაც გულისხმობდა საბიუჯეტო დახმარებებს, დევნილთათვის მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, არაერთ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტს.
გარდა ზემოთმოყვანილი ფაქტებისა, საქართველოსთვის დიდი პრაქტიკული და მორალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ის მყისიერი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების პროგრამები, რომლებიც თბილისმა დასავლეთიდან მიიღო.
აშშ-ის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში არ იბრძოდნენ ამერიკელი სამხედროები და თბილისს დასავლური (ამერიკული) შეიარაღება არ მიუღია. მეორეს მხრივ, აშშ-ს ქმედებებმა საქართველოს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უზრუნველყო. კერძოდ, რუსული აგრესიის დაწყებისას, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი შავი ზღვისკენ დაიძრა, რაც რუსეთისთვის პოლიტიკური და სამხედრო გზავნილიც იყო. თუკი რუსეთი შეეცდებოდა დასავლეთ საქართველოს შემდგომ ოკუპაციას, მას ლოჯისტიკური უზრუნველყოფა უნდა აეწყო ფოთის პორტიდან. ამერიკული გემების ყოფნა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსების ლოჯისტიკურ გეგმებს პრობლემებს შეუქმნიდა. გარდა ამისა, ომის შემდგომ აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ჩაატარა საქართველოს შეიარაღებული ძალების კომპლექსური შეფასება და შეიმუშავა დასკვნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარების კუთხით – ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო. სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე დაიწყო ქართული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხანგრძლივი პროცესი, რაც დღესაც გრძელდება.
აშშ-ს სამხედრო დახმარება
სწორედ აშშ იყო ის სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დასახმარებლად პირველმა გადადგა ნაბიჯები.
2008 წლის 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა,რომ ამერიკა საქართველოს დასახმარებლად ჰუმანიტარულ მისიას იწყებდა, რისთვისაც ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალებს გამოიყენებდა. ამ გეგმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ თბილისის აეროპორტი მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო და შესაბამისად რუსულ სამხედრო ძალებს მისი დაბომბვისა თუ აღების საშუალება არჰქონოდათ.
ამ ოფიციალურ განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკელების მხრიდან აღმოჩენილი პირველი რეალური დახმარება. კერძოდ, 9 აგვისტოს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოწვევის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება განახორციელეს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა, რომლებმაც 8 რეისით საქართველოში 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 11 ტონა ტვირთი გადმოისროლეს. ეს ოპერაცია დასრულდა 11 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ყველა საჭირო ლოჯისტიკური და ფინანსური მხარე მთლიანად ერაყში დისლოცირებულმა საერთაშორისო ძალების სარდლობამ ითავა. აშშ-ის ამგვარი ქმედება რუსეთის გაღიზიანების მიზეზი გახდა.
უკვე 13 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამ ჰუმანიტარულ რეისს ჰქონდა სამხედრო დანიშნულება, რადგან აეროპორტის ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკავება რუსი სამხედროებისთვის უკვე ნიშნავდა ამ ობიექტის სამხედრო სამიზნეთა რიცხვიდან ამოღებას. საჰაერო გზით ჰუმანიტარული მისიის განხორციელება ძირითადად გერმანიაში, რამშტეინის ამერიკული სამხედრო ბაზიდან ხორციელდებოდა.
ჯამში აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჰუმანიტარული სახის 59 ფრენა განახორციელეს. მათ საქართველოში 15,4 მილიონი დოლარის ღირებულების 1145 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს, როგორიცაა: 8 000 საწოლი, 20 000 საძილე ტომარა, ნახევარი მილიონი საკვები პაკეტი და სხვა.
ამერიკის საზღვაო ძალები ჰუმანიტარული ტვირთის გადასატანად იყენებდნენ ჯერ ბათუმის, ხოლო შემდეგ ფოთის პორტს.
ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ შემდეგი ხომალდები:
Arleigh Burke კლასის გამანადგურებელი USS McFaul -ხომალდზე განთავსებულია 90 ერთეული ტომაჰავკის ტიპის (Tomahawk) მრავალფუნქციური, სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა. მოქმედების რადიუსი – 1300-2500 კმ. მასზე შესაძლებელია ბირთვული ქობინის დაყენება.
ხომალდის შეიარაღებაშია ასევე RIM-67 Standard ER (SM-1ER/SM-2ER). ის წარმოადგენს ხმელეთი-ჰაერის ტიპის ანტი სახომალდო რაკეტას. მოქმედების რადიუსი 120-185 კმ, ფრენის სიმაღლე – 24 კმ.
ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტის გამშვები სისტემა, რომელიც შეიარაღებულია ჰარპუნის ტიპის (Harpoon) რაკეტებით. მოქმედების რადიუსი საშუალოდ 90-220 კმ. მაქსიმალური მაჩვენებელი დამოკიდებულია მატარებლის მოდიფიკაციაზე.
2 ერთეული სატორპედო გამშვები აპარატი Mark 32.
USS Mount Whitney (LCC/JCC 20) Blue Ridge კლასის ხომალდი – წარმოადგენს აშშ-ის მეექვსე საზღვაო ფლოტის საფლაგმანო ხომალდს. აღჭურვილია ახლო მანძლის თავდაცვითი შეიარაღებით. მის შეიარაღებაში შედის SH-60/MH-60 Seahawk ვერტმფრენი.
Hamilton კლასის სანაპირო დაცვის კატარღაUSCGCDallas (WHEC-716).
ამ ხომალდების შეიარაღების მოქმედების რადიუსი ფარავდა როგორც სამხრეთ კავკასიას, ასევე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს და უფრო მეტს. მსგავსი შეიარაღების ყოფნა შავ ზღვაში, მით უფრო ბათუმისა და ფოთის პორტში წარმოადგენდა მნიშნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ სიგნალს.
ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი დაიწყო 24 აგვისტოს, როდესაც ბათუმში, Arleigh Burke-კლასის საზღვაო ხომალდმა ოპერაცია „გარანტირებული მიწოდების” (Operation Assured Delivery) ფარგლებში 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. 27 აგვისტოს აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღამ 34 ტონაჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში, ხოლო 17 ტონა ტვირთი 7 სექტემბერს უკვე ფოთის პორტში ჩაიტანა.
საზღვაო გზით მოხდა რძის ფხვნილის, მინერალური წყლის, საბნების, ჰიგიენისა და ბავშვთა საკვების ტრანსპორტირება.
მიუხედავად სწრაფი ჰუმანიტარული დახმარებისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვითონ ამერიკული ხომალდების, სამხედროების ყოფნას შავ ზღვასა და საქართველოში.
ამასთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტი აშშ-ის ყოფნას რეგიონში ხაზს უფრო მეტად უსვამდა. ამ სახის დახმარებები და ვიზიტი ნამდვილად იყო ის შემაკავებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც გავლენა იქონია რუსული სამხედროების ყოფნაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა. გარდა ამისა, მხარდაჭერის ამ ფორმამ სახელმწიფოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას სერიოზული ბიძგი მისცა.
ფინანსური დახმარება
აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე. მის ამგვარ ქმედებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონიანი დახმარება მოჰყვა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „ევროპისა და ევრაზიისთვის აშშ-ს დახმარების კოორდინატორის სახელმწიფო აპარატის” მონაცემებით, 2000-2010 წლებში აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად ყველაზე დიდი თანხები 2008-2009 წლებში გამოყო.
უშუალოდ ომის მიმდინარეობის პერიოდში უკვე 9 აგვისტოდან USAID–ისა და აშშ-ს„უცხოური კატასტროფების დახმარების” ოფისის მიერ გამოიყო თავდაპირველი დახმარება 250, 000$-ის ოდენობით. თანხა განკუთვნილი იყო აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული 10,000 მდე ადამიანისთვის საჭირო გადაუდებელი დახმარებისათვის. 2008 წლის 20 აგვისტოსთვის, USAID–ის მონაცემებით თავად სააგენტოს, აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 10 733 378 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2008 წლის 30 სექტემბერს, აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა „კონსოლიდირებული უსაფრთხოების, კატასტროფების დახმარების და უწყვეტი ასიგნების აქტი”, რომელმაც ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერის, რეკონსტრუქციისა და დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოს დამატებით 365 მილიონი დოლარი გამოუყო. მთლიანობაში ა.შ.შ.-ის მხრიდან განხორციელებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა [იქვე, გვ 39].
აშშ-ს მთავრობამ საქართველოს მთავრობა უზრუნველყო სასიცოცხლო მნიშვნელობის ფულადი რესურსით, რათა განეიტრალებულიყო აგვისტოს კონფლიქტით გამოწვეული ძლიერი შოკი. საქართველოს მთავრობას გაუჩნდა შესაძლებლობა პენსიონერები და მოწყვლადი მოსახლეობა უზრუნველეყო მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროთი; არ დაეხურა საჯარო სკოლები და შეენარჩუნებინა სამთავრობო სტრუქტურები ხელფასის უწყვეტად გადახდის გზით.
დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანზიაციების ჰუმანიტარული დახმარება
აშშ-ის სწრაფი და აქტიური ჰუმანიტარული/ეკონომიკური მხარდაჭერა გახლდათ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რამაც დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან დახმარების წახალისება გამოიწვია. აგვისტოს თვეში საქართველომ დასავლური სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.
11 აგვისტოს, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დაიწყო კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის. ეს დახმარება მოიცავდა 10 დღიან საკვებ რაციონს იმ პირებისთვის, რომლებიც თბილისში იმ დროისთვის თავშესაფარში იყვნენ განთავსებულები. 12 აგვისტოს დევნილთა და ომისგან დაზარალებულთა დასახმარებლად კანადამ 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
12 აგვისტოს გაეროს პირველი ჰუმანიტარული მისია განხორციელდა. დუბაიში არსებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მარაგიდან საჰაერო გზით თბილისში ჩამოვიდა 34 ტონა ჰუმანიტარული დახმარება: კარვები, კონსერვირებული საკვები, საბნები და სამზარეულოს კომპლექტი.
12 აგვისტოს ამოქმედდა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 11 ევროპული ქვეყანა: ავსტრია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და შვედეთი საკვებით, სამედიცინო დახმარებით, საბნებით და თავშესაფარით დახმარებას უზრუნველყოფდნენ.
დევნილთა დასახმარებლად ესპანეთმა გამოყო 500 000 ევრო. ეს თანხა წითელი ჯვრის პროგრამებში დაიხარჯა. ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით 20 000 ლატის ღირებულების სამედიცინო დახმარება (სისხლის მარაგი) გამოიგზავნა. მთავრობამ ასევე გამოთქვა მზაობა 100 000 ლატის მობილიზებაზე. ლიტვის მთავრობამ 28 აგვისტოს მეხუთე საჰაერო რეისი განახორციელა, რითაც ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა თბილისში. ესტონეთმა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტებიც გამოგზავნა, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე მუშაობდნენ.
13 აგვისტოს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია დევნილებს 500 000 ევროთი დაეხმარებოდა. ამავე დღეს ჩეხეთის სამხედრო თვითფრინავმა თბილისში განახორციელა ჰუმანიტარული რეისი, რითაც მეტწილად სამედიცინო (სისხლის მარაგი) სახის დამხარება ჩამოიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც ჩეხეთმა სხვა ქვეყანას სისხლის მარაგის დახმარება აღმოუჩინა.
14 აგვისტოს პოლონეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა (CASA-295) თბილისში სამედიცინო დახმარება ჩამოიტანა. იმავე დღეს 32 ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მეორე ჰუმანიტარული მისია თბილისში ჩამოვიდა. UNICEF-მა ჰიგიენის საშუალებებითა და წყლით უზრუნველყვეს იძულებით გადაადგილებული 3600 ბავშვი და ქალი.
14 აგვისტოს იტალიის მთავრობამ და იტალიის წითელმა ჯვარმა 460 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. გარდა ამისა, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებით 300 000 ევროს დახმარების გამოყოფაზე მზადყოფნა გამოაცხადა.