31 ივლისსა და 1 აგვისტოს ქართულ (1) და რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა (1, 2, 3) ვიდეო და ფოტო გაავრცელეს. ვიდეოში ნაჩვენებია ქუჩაში ღამით გადაღებული კადრები, რა დროსაც ბანერი ინგლისურენოვანი წარწერით: “Stop Zelenskyy, Stop War” ჩნდება. პოსტის ავტორთა მტკიცებით, ეს ბანერი იაპონიაში იყო განთავსებული.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული, ორიგინალი ვიდეო, კი ომის დაწყებამდე, 2020 წლის ოქტომბერში არის გადაღებული და ბანერზე ასახულ რეკლამას რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. ამასთან, იაპონიის მთავრობამ 2023 წლის ივნისში უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ იაპონიაში ანტიუკრაინული ელექტრონული ბილბორდი იყო განთავსებული.
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ღამის საათებშია გადაღებული და 12 წამის განმავლობაში გრძელდება. კადრებში ნაჩვენებია, როგორ კვეთენ ქუჩას ადამიანები, მოპირდაპირედ არსებულ ელექტრონულ ბილბორდზე კი წინადადება “Stop Zelenskyy, Stop War” ციმციმებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში ბილბორდის ზუსტი ადგილმდებარეობა მითითებული არ არის, თუმცა ფეისბუკის მომხმარებლები წერენ, რომ ეს ვიდეო იაპონიაშია გადაღებული. ვიდეოდან აღებული კადრის Google Lens-ში ძებნით ირკვევა, რომ ეს ადგილი ტოკიოში, შიბუიას რაიონში მდებარეობს. შენობებზე არსებული წარწერების („Bic Camera“, „Taito Station“) ამოკითხვა კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სარეკლამო ბანერის ზუსტი კოორდინატები დავადგინოთ.
გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვების: Bic Camera Shibuya, Taito Station Shibuya ჩაწერისას ზუსტად შეგვიძლია გავიგოთ, რომ ვიდეოში ნაჩვენები ბანერი ტოკიოში, შიბუიას რაიონში ადგილობრივი მატარებლის სადგურთან ახლოს მდებარე შენობაზე არის განთავსებული, რასაც Google Maps-ში 2022 წლის ოქტომბერში ატვირთული ქუჩის ხედიც (Street view) ადასტურებს.


საკვანძო სიტყვების: “bic camera, shibuya, nigth” YouTube-ზე მოძებნისას, სისტემა შიბუიაში ღამით სეირნობის ამსახველ რამდენიმე ვიდეოს გვთავაზობს. მათ შორის არის 2020 წლის ოქტომბერში ატვირთული ვიდეო, რომელსაც რვა მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეო სახელწოდებით “ღამის გასეირნება ტოკიოში შიბუიაში (東京散歩)” Youtube არხმა VIRTUAL JAPAN გამოაქვეყნა. YouTube ვიდეოში კადრები ვიდეოს 21 წუთსა და 18 წამზე სრულიად ემთხვევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, თუმცა არის ერთი სხვაობა: YouTube-ის ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ბილბორდზე წარწერის „Stop War, Stop Zelenskyy“ ნაცვლად, სარეკლამო ბანერზე გამოსახულ ქალს ვხედავთ. ვიდეოთა იდენტურობას ცალკეული კადრების შედარება ადასტურებს, მაგალითად. ორიგინალ ვიდეოში პირი, რომელიც კადრებს იღებს, ზებრა გადასასვლელზე გადადის, რა დროსაც ორივე ვიდეოს კადრებში ერთი და იგივე ადამიანები, ტრანსპორტი და შენობები ჩანს.


ამ კადრების შედარებისას ნათელია ისიც, რომ რეალურ ვიდეოში სარეკლამო ბილბორდზე ორი ქალია აღბეჭდილი, თუმცა გამოსახულება რამდენჯერმე იცვლება და სხვადასხვა ქალის გამოსახულება მონაცვლეობით ჩნდება.
გაყალბებული ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნდა და ფაქტების გადამოწმების არაერთმა პორტალმა (Newsweek, factcheck.afp, reuters) შეისწავლა. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიის მთავრობამ 2023 წლის 23 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იაპონია აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ იაპონიაში რომელიმე ბანერზე ანტიუკრაინული გზავნილი იყო განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე ბანერი წარწერით: “არა ზელენსკი, არა ომი” განთავსდა. რეალურად, აღნიშნული ვიდეოც პროგრამულად იყო დამუშავებული, ვიდეოს ორიგინალი ვერსია კი ომის დაწყებამდე იყო გადაღებული.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
წყაროს შესახებ
“მითების დეტექტორს” ფეისბუკ ანგარიშის Nero Nero მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია. ანგარიში ავრცელებს როგორც კორონავირუსთან, ასევე უკრაინასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებსა და ვიდეო-ფოტო ფაბრიკაციებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.