30 აგვისტოს ფეისბუკ-მომხმარებელმა Salome Shonia გამოაქვეყნა ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას ციტატა, რომლის მიხედვითაც საშვის გარეშე წვიმიან ამინდში გარეთ გამოსულ მოქალაქეებს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ. პოსტი გაზიარდა რამდენიმე ჯგუფშიც (აქეთ-იქეთური ამბები, არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას, არა ციფრულ ვალუტას).
როგორც პოსტზე დატოვებული კომენტარებით ირკვევა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია რეალურად აღიქვა.
გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია, რეალურად ლელა ჯეჯელავას პოსტი სატირული შინაარსისაა და თბილისის მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიემართება.
ლელა ჯეჯელავამ პოსტი 29 აგვისტოს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თბილისის მერიამ ძლიერი ნალექის გამო მოქალაქეებს ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია.
ჯეჯელავას პოსტი სატირული შინაარსისაა, რაც მან “მითების დეტექტორსაც” დაუდასტურა.
“წარმოუდგენელი ვითარებაა, როდესაც ადამიანებისთვის უკვე სულ ერთია, აგრესიის მსხვერპლად ვის ამოირჩევენ. ეს არის წაკითხულის გააზრების პრობლემა და უნაპირო სიძულვილი. ადამიანების ნაწილმა პოსტის გააზრება ვერ შეძლო და ვერ მიხვდა, რა იგულისხმებოდა. მიიღეს, რომ ეს არის კლიმატური ლოქდაუნისთვის საფუძველის მომზადება”. – აღნიშნა ლელა ჯეჯელავამ “მითების დეტექტორთან” სატელეფონო კომენტარში.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ-მომხმარებელმა გაავრცელა სქრინი ონლაინ მედია Newposts-ის მასალიდან, თუმცა მოჭრა ნაწილი, რომელშიც ლელა ჯეჯელავას სრული ციტატა ჩანდა. სრულ პოსტში ის წერს:
“ამიერიდან ყოველი წვიმის დროს ქალაქის მერია გასცემს ქუჩაში გამოსვლისათვის სპეციალურ საშვებს . საშვის გარეშე წვიმიან ამინდში გარეთ გამოსულ მოქალაქეებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული ჯარიმა. უსაფრთხოებაც დაცული იქნება და და ბიუჯეტიც შეივსება, მააშ!”.
წყაროს შესახებ:
მომხმარებელი Salome Shonia სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიას სისტემატურად აზიარებს. “მითების დეტექტორს” მისი პოსტები ყალბად არაერთხელ შეუფასებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.