2023 წლის 4 ივნისს ფეისბუკის ქართულენოვანმა ანგარიშმა პოსტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ორი ღამეა პარიზში, ეიფელის კოშკი რუსეთისა და ბელორუსიის დროშის ფერებითაა განათებული…”. პოსტს თან ახლავს ეიფელის კოშკის ორი ფოტო, ერთ-ერთში კოშკი თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებშია განათებული, მეორეში კი მწვანედ და წითლად.

გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ეიფელის კოშკი არც რუსეთის და არც ბელარუსის ფერებში განათებული არ ყოფილა. გავრცელებული ფოტო, სადაც ეიფელი წითელ და მწვანე ფერებშია განათებული, რეალურად 2016 წელს არის გადაღებული და პორტუგალიის დროშის ფერებს ასახავს.
2023 წლის ივნისში ეიფელის კოშკი რომელი ქვეყნის ფერებში განათებული არ ყოფილა, რასაც ეიფელის კოშკის ოფიციალურ ფეისბუქ და ტვიტერ გვერდებზე განთავსებული მასალებიც ადასტურებს. რუსეთის და ბელარუსის დროშების ფერებში ეიფელის კოშკი არც გასულ თვეებში განათებულა.
რეალურად გავრცელებული ფოტო, რომელზედაც ეიფელის კოშკი წითელ და მწვანე ფერებშია განათებული, 2016 წლის ივნისი-ივლისის პერიოდით თარიღდება. იმ პერიოდში UEFA-ს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობდა და ეიფელის კოშკი საფრანგეთისა და პორტუგალიის დროშის ფერებში რამდენჯერმე განათდა. იმაზე, რომ ფოტო ნამდვილად UEFA-ს ფინალზეა გადაღებულია, მიანიშნებს ეიფელის კოშკის შუაში ჩამოკიდებული ბურთი, რომელიც ფეხბურთის ჩემპიონატის სიმბოლოა.

რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელზეც თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებში განათებული ეიფელია გამოსახული, გავრცელებული ვერსია 2016 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის დროშის ფერებში განათებულ ეიფელის ფოტოებს ფერების თანმიმდევრობით არ ემთხვევა. იდენტური ფოტო, რამდენიმე რუსულენოვანი ბლოგის გარდა, არც ღია წყაროებში იძებნება და შესაძლოა პროგრამულად იყოს დამუშავებული.
იხილეთ 2016 წლის ჩემპიონატზე სხვადასხვა დღეს გადაღებული საფრანგეთის დროშის ფერებში განათებული ეიფელის კოშკის ფოტოები:



აღსანიშნავია, რომ UEFA-ს 2016 წლის ჩემპიონატისას მიმდინარეობდა ტელეკომუნიკაციების კომპანია Orange-ის კამპანია, რომლის მიხედვითაც Orange ყველა მატჩის შემდეგ გაანათებდა ეიფელის კოშკს იმ მონაწილე ქვეყნის ფერებში, რომელიც მატჩის დღეს ფეისბუქზე, ტვიტერსა და ინსტაგრამზე ყველაზე მეტ ჰეშთეგს მოაგროვებდა. რუსეთი 24 მონაწილე გუნდში შედიოდა, თუმცა, მედიასაშუალებებში, რომლებიც ჩემპიონატს აშუქებდნენ, არ იძებნება კადრი და ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ კოშკი სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის დროშის ფერებშიც განათდა.
გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებშია განათებული, ფოტოს უკუძიების საშუალებით რამდენიმე რუსულენოვან ბლოგსა და სოციალურ ქსელში მივაგენით. საძიებო სისტემამ ყველაზე ადრე გამოქვეყნებული ვერსია ერთ-ერთ ბლოგზე, 2016 წლის ივნისში მოძებნა, სადაც იდენტური ფოტოა გამოყენებული, თუმცა არ არის აღნიშნული, რომ ეიფელის კოშკი სწორედ ასე იყო განათებული. საიტზე განთავსებულ მასალაში მკითხველისთვის მიწოდებულია ინფორმაცია 2016 წლის ჩემპიონატზე Orange-ის ჰეშთეგების კამპანიასთან დაკავშირებით. მასალის ავტორი მკითხველებს მოუწოდებს, დაწერონ ჰეშთეგები #RUS and #OdnaKomanda რათა ეიფელის კოშკი სხვა ქვეყნის დროშის ფერების გარდა, რუსეთის დროშის ფერებშიც განათდეს. სავარაუდოდ, თეთრ, ლურჯ და წითელ ფერებში განათებული ეიფელის ეს ფოტოვერსიაც მასალას Orange-ის კამპანიის საილუსტრაციოდ ერთვის.

ზოგადად, ეიფელის კოშკზე სხვადასხვა სიმბოლოს გამოსახვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება. რაც შეეხება სხვა ქვეყნების დროშების ფერებს, ბოლოს ეიფელის კოშკი უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 23 თებერვალს, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობის განათებასთან დაკავშირებული ფოტომანიპულაცია ადრეც გავრცელებულა:
არქივის ბმული: https://archive.is/SA1ff
Მირანდა მჭედლიშვილი და მაიკო რატიანი
Მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.