2-3 ივნისს ფეისბუქის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მათი მტკიცებით 1 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურებული რუსული ბომბდამშენები ჩანს. ვიდეოში ვხედავთ ათობით ასეთ საფრენ აპარატს, რომელთა უმრავლესობა სრულად განადგურებულია, ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანებული.
ვიდეო, რომელშიც ფეისბუქ-მომხმარებლების მტკიცებით ასახულია განადგურებული რუსული ბომბდამშენები, პროგრამულად არის შექმნილი. ეს კადრები არც ერთ რეპუტაციულ მედიაში არ გავრცელებულა და არც უკრაინის ოფიციალური უწყებების მიერ ნაჩვენებ მასალებში მოხვედრილა. ამასთანავე, ვიდეოში ბევრი ისეთი უზუსტობა შეიჩნევა, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოებისა და ვიდეოებისთვის სახასიათოა. სიმართლეა თავად ფაქტი, რომ უკრაინამ რუსულ სამხედრო ბაზებზე თვითმფრინავები გაანადგურა.
ვიდეოს გადამოწმებისას, პირველ რიგში, შევამოწმეთ რეპუტაციული მედიებისა და უკრაინის ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებული მასალები, რაც 1 ივნისის სპეცოპერაციის დეტალებს ასახავს, თუმცა მსგავსი კადრები არსად მოიძებნა. ის ძირითადად სოციალური ქსელების მომხმარებელების მიერ ვრცელდება ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, X-ზე, Threads-ზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მათგანმა ეჭვი შეიტანა ვიდეოს ავთენტიკურობაში და აღწერაში ხელოვნურ ინტელექტზე მიუთითა.
სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო, გადავწყვიტეთ ვიდეო კარგად შეგვესწავლა და მასზე დაკვირვების შედეგად ბევრი ისეთი უზუსტობა აღმოვაჩინეთ, რაც ხელოვნური ინტელექტისთვის არის დამახასიათებელი. კერძოდ, ერთ-ერთ თვითმფრინავს, თავშიც და ბოლოშიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით აქვს პილოტის ჩასაჯდომი, სამართავი ადგილი. ანუ გამოდის, რომ ამ საფრენ აპარატს ორი “თავი” აქვს, მათ შორის ერთი ძრავების ადგილას, და ორივე მხარეს შეუძლია ფრენა. რა თქმა უნდა, მსგავსი თვითმფრინავი სინამდვილეში არ არსებობს.
ვიდეოში ნაჩვენები თვითმფრინავების ნაწილს, რომლებიც არა ბომბდამშენებს, არამედ გამანადგურებლებს ჰგავს, სამი ან მეტი ძრავი აქვს, რაც შეუძლებელია ნამდვილი იყოს, რადგან ამ ტიპის თვითმფრინავებს მხოლოდ 1 ან 2 ძრავი აქვთ. დამატებით, ვიდეოს ბოლოს, მარჯვენა კუთხეში ჩანს ორი პიროვნება, რომლიდანაც ერთ-ერთი 1 წამის შემდეგ ქრება და შემდეგ კვლავ ბრუნდება.



უკრაინის უშიშროების სამსახურმა 1 ივნისს რუსეთში სპეცოპერაცია სახელად “ობობის ქსელი” ჩაატარა, რა დროსაც დრონების საშუალებით შეუტიეს სამხედრო ბაზებს და არაერთი თვითმფრინავი გაანადგურეს. კერძოდ, უკრაინული მხარის ცნობით მათ დადასტურებულად გაანადგურეს ან მნიშვნელოვნად დააზიანეს 41 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის ძირითადად ბომბდამშენები: Tu-95, Tu-22 M3 და Tu-160, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს. უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის განცხადებით, ამ ოპერაციის შედეგად განადგურდა რუსეთის სტრატეგიული საკრუიზო რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34%.



სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.






















