2023 წლის 1-2 ივლისს კრემლისტური არხის ალტ-ინფოს ფეისბუკ-გვერდმა ალტნიუსი, ასევე ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა ნანა უგულავა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) ქუჩაში მორბენალი ცხოველების ვიდეოები გაავრცელეს. პოსტების ავტორების მტკიცებით, კადრებში ვხედავთ საფრანგეთის ქალაქებში მოსიარულე ეგზოტიკურ ცხოველებს, რომლებიც ქვეყანაში აჯანყებულებმა გამოუშვეს. ფეისბუკ ანგარიშების ნაწილი ცხოველების ვიდეოებთან ერთად პოსტებს საფრანგეთში ამჟამინდელი საპროტესტო აქციებიის კადრებს ურთავს.
მტკიცება იმის შესახებ, რომ საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ზოოპარკიდან ცხოველები გამოუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოებში ნაჩვენები კადრების უმეტესობა ინტერნეტში 2020 წლიდან ვრცელდება და საფრანგეთის საპროტესტო აქციებთან კავშირი არ აქვს.
ვიდეოკოლაჟი რამდენიმე ვიდეოსგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა მოვლენებსა და ცხოველებს ასახავს, თუმცა არც ერთი მათგანი საფრანგეთში მიმდინარე აქციებს არ უკავშირდება.
1. ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოკოლაჟის პირველ კადრებში ჩანს ქუჩაში მორბენალი ცხენი და ზებრა. აღნიშნული ვიდეო (1, 2.) თავდაპირველად 2020 წლის აპრილში გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ცხოველები პარიზის ახლოს მდებარე ქალაქში მყოფი ცირკიდან 10 აპრილს გაიქცნენ და საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეს. გავრცელებული ვიდეო ავთენტიკურია, თუმცა ეს მოვლენა 2020 წელს დაფიქსირდა და არც საფრანგეთში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და არც სხვა აქციასთან კავშირი არ აქვს.


2. ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ცხენის და ზებრის კადრებთან ერთად სამი მორბენალი ლომის ვიდეოსაც ავრცელებენ. საფრანგეთში მიმდინარე აქციებს არც ეს კადრები უკავშირდება. პირველად ისინი 2020 წლის თებერვალში იუთუბ-არხზე Chaîne info Internationale გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, მოვლენა გადაღებულია სენ დენიში, პარიზის გარეუბანში. უცნობია კონკრეტულად როგორ აღმოჩნდნენ ეს ცხოველები ქალაქის ქუჩებში, მაგრამ ვიდეოს საპროტესტო აქციასთან კავშირი არ დასტურდება.


3. ვიდეოკოლაჟის ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ქუჩაში მოსიარულე თხა, ვიდეოს კი ფრანგულად მოსაუბრე პიროვნება იღებს. უცნობია თუ სად და ზუსტად როდის არის კადრები გადაღებული, თუმცა როგორც ფორბსმა დაადგინა, აღნიშნული ვიდეო ტიკტოკზე ჯერ კიდევ 2023 წლის იანვარში დაიდო.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ცხოველების კადრების გავრცელების შემდეგ, 3 ივლისს პარიზის ზოოპარკმა ტვიტერის გვერდზე დაპოსტა, რომ ცხოველები კარგად და დაცულად არიან.
აღნიშნულ ვიდეოებს საფრანგეთში მიმდინარე აქციებს სხვა ქვეყნებშიც უკავშირებდნენ. კადრები ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Maldita-მ და Newschecker.in-მა გადაამოწმეს.
27 ივნისს პარიზის გარეუბანში ორმა პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ნაელ მერზუკი ავტომობილით მოძრაობისას გააჩერა. კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ორივე პოლიციელი დგას მანქანის გვერდით, მძღოლის მხარეს და ერთ-ერთი მათგანი იარაღიდან ესვრის ნაელ მერზუკს, მიუხედავად იმისა, რომ, ერთ შეხედვით, თინეიჯერი სახიფათოდ არ გამოიყურებოდა. ინციდენტის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. პოლიციელის განცხადებით, მას გაუჩნდა იმის შიში, რომ ნაელი ავტომობილით ვინმეს დაეჯახებოდა და განზრახ დააზიანებდა და სწორედ ამიტომ ესროლა მას. ამ ამბავმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ახალგაზრდა რასობრივ ნიადაგზე იქნა მოკლული, რადგან, მათი თქმით, ფრანგული პოლიცია ეთნიკურ უმცირესობებს ჩაგრავს. შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდა. აქციების შედეგად დაზიანდა ათასობით ავტომობილი, ასევე დააკავეს 2000-ზე მეტი აქტივისტი. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია და მას ბრალად მკვლელობა ედება. უნდა აღინიშნოს, რომ 3 ივლისიდან დაპირისპირებებისა და ვანდალიზმის რაოდენობები მკვეთრად შემცირდა და პროცესები ნელ-ნელა ცხრება.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ-პროფილს ნანა უგულავას ყალბი ინფორმაციები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად, იხილეთ:
- ეკრძალებათ თუ არა 1 ოქტომბრიდან უკრაინელ ქალებს ქვეყნის დატოვება?
- თქვა თუ არა სენატორმა გრეჰემმა, რომ უკრაინაში რუსები იხოცებიან და ეს ამერიკისთვის საუკეთესოდ დახარჯული ფულია?
- დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში უკრაინის დროშის საჯაროდ გამოფენა აიკრძალა
არქივის ბმულები:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.