გამოქვეყნდა თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და ვინ მისწერა მაკა ბოჭორიშვილს რეალურად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ეუთო/ოდირი
1.4k
VIEWS

1-3 დეკემბერს “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის, ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი კომენტარები პროსახელისუფლებო მედიის (1;2;3), საინფორმაციო სააგენტოებისა (1;2;3;4;5;6) და “ხალხის ძალის” (1;2) ფეისბუქ-გვერდებზე გამოქვეყნდა. პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და მასში 26 ოქტომბრის არჩევნები პოზიტიურადაა შეფასებული. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დასკვნა არჩევნების ლეგიტიმურობის დასტურია. ეკა სეფაშვილმა თქვა: “ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნაში საერთოდ აღარ საუბრობს იმ რაღაც დარღვევებზე, რაზეც არჩევნების შემდეგ ამახვილებდა ყურადღებას.” რატი იონათამიშვილმა კი განაცხადა: “ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ.” 

ამასთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 3 დეკემბერს თქვა, რომ მან ეუთოს მისიის ხელმძღვანელისგან, პასკალ ალიზარდისგან წერილი მიიღო, რომელშიც, მისივე სიტყვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები კონკურენტუნარიანადაა შეფასებული და “ეუთოს მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან.” ბოჭორიშვილის განცხადება სამთავრობო მედიამ (1;2;3) და საინფორმაციო სააგენტოებმა (1;2) გაავრცელეს. ტელეკომპანია “იმედმა” ასევე გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია პასკალ ალიზარდის ციტატა, ხოლო თავად ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელადაა წარმოჩენილი. 

დეზინფორმაციულია “ქართული ოცნების” წევრების მტკიცება, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის წინასწარ ტექსტში არჩევნებში დარღვევებზე საუბარი არ არის: 1) რეალურად, მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს. ეუთო/ოდირმა უარყო, რომ “ქართული ოცნების” წევრებს მსგავსი დოკუმენტი გაუგზავნეს; 2) სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. ეუთო/ოდირის სპიკერმა დაგვიდასტურა, რომ პასკალ ალიზარდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, რომელიც ოდირის სახელით ვერ ილაპარაკებს.

  • ეუთო/ოდირს საბოლოო დასკვნა არ მოუმზადებია 

“ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრები საუბრობენ, რომ მათ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა/წინასწარი ტექსტი აქვთ. მასზე დაყრდნობით კი ამბობენ, თითქოს სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნებს მაღალი ხარისხით აფასებს და დარღვევების შესახებ არ საუბრობს. 

ეუთო/ოდირის მიერ მომხადებული საბოლოო დასკვნისა ან წინასწარი ტექსტის შესახებ ინფორმაცია არსად იძებნება. მის შესახებ არც სადამკვირვებლო მისიასა და არც მედიას გაუვრცელებია ინფორმაცია. ეუთო/ოდირმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი დასკვნა 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასში საუბარია ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევებზე. ანგარიშის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების 6% ნეგატიურად შეფასდა, რაც არსებითად დიდი რიცხვია. სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა

საბოლოო დასკვნის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად “მითების დეტექტორმა” ეუთო/ოდირს კითხვით მიმართა. კატია ანდრიუში, ეუთო/ოდირის სპიკერი განმარტავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო ანგარიშზე მუშაობა არ დასრულებულა, არ გამოქვეყნებულა და არც ტექსტი გაუგზავნიათ ვინმესთვის. საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ანგარიში 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. 

  • პასკალ ალიზარდი ეუთოს მისიის ხელმძღვანელი არ არის 

ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, პასკალ ალიზარდმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, წერილი მისწერა. მას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. წერილი მაკა ბოჭორიშვილის სახელზეა დაწერილი და ასევე მიემართება შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძეს. პასკალ ალიზარდი წერილს ხელს აწერს, როგორც სპეციალური კოორდინატორი და საქართველოში ეუთოს მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელი. 

ეუთო/ოდირი

წერილის თანახმად, ეუთო/ოდირმა არჩევნების პერიოდში როგორც ძლიერი მხარეები, ასევე გამოწვევებიც აღმოაჩინა. წერილში აღნიშნულია, რომ არჩევნების დროს ადამიანებზე ზეწოლის შემთხვევები გამოვლინდა და ფინანსურმა დისბალანსმა არათანაბარი პირობები შექმნა. ამავე ტექსტში ნახსენებია ახალმიღებული კანონი [ე.წ. აგენტების კანონი], რომელმაც საფრთხე შეუქმნა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. წერილში ვკითხულობთ:

“სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნები წარმოაჩენდა როგორც საარჩევნო პროცესის ძლიერ მხარეებს, ისე გამოწვევებს. არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით – კარგად იყო პროცესი ორგანიზებული. ზოგადად, კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მათი რიტორიკა ძალიან დაპირისპირებული და პოლარიზებული იყო. ასევე, როგორც თქვენ შეამჩნიეთ ჩვენს ერთობლივ წინასწარ დასკვნებში, ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული საკითხი. ეს საკითხები მოიცავდა ამომრჩეველზე ზეწოლას, ფინანსური დისბალანსის გამო შექმნილ არათანაბარ პირობებს, პარტიულ სიებში ქალთა არასაკმარის რაოდენობას და სხვა გამოწვევებს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით იყო საყურადღებო, ეხებოდა ახლადმიღებულ კანონს და მის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენი მიგნებები, რომლებიც ყოველთვის კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული, ხაზს უსვამს ძირითადი მიმართულებების მოგვარების მნიშვნელობას, რათა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ნდობა და დემოკრატიული სტანდარტები.”

პასკალ ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი არ არის, ის საპარლამენტო ასამბლეის წევრია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე ალიზარდის შესახებ წერია, რომ ის არის “დელეგაციის ხელმძღვანელი, სპეციალური წარმომადგენელი ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, რეგლამენტისა და სამუშაო პრაქტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე”. საქართველოში ეუთო-ს ვებ-გვერდზე მისი მანდატი განსაზღვრულია, როგორც “ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი”

ეუთო/ოდირი
წყარო: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიზარდმა თქვა, რომ საარჩევნო გარემო იყო დაძაბული და ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა.  

ეუთო/ოდირის სპიკერთან პასკალ ალიზარდის მანდატიც გადავამოწმეთ. კატია ანდრიუშმა უარყო, რომ ის ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირი იუენ მერფის ხელმძღვანელობით დააკვირდა. ანდრიუშმა დამატებით განმარტა, რომ ალიზარდს ოდირთან კავშირი არ აქვს და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრები არ საუბრობენ სადამკვირვებლო მისიის სახელით. 

  • რა წერია ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში? 

11 ოქტომბერს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. მასში წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული და მიუთითებს პოლიტიკური პოლარიზაციასა და დაძაბულობაზე. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიები უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში წარიმართა, ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან დაშინების ტაქტიკაზე მიუთითებდა. შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საარჩევნო კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა 2024 წლის ცვლილებები საჯარო კონსულტაციების გარეშე განხორციელდა და ოდირის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამომრჩეველთა სიების უზუსტობაზე, უბნებზე ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობასა და გამოყენებული ტექნოლოგიის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე საუბარი იყო ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მასში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით არის გამოწვეული.

საარჩევნო პერიოდში სამთავრობო მედია გამუდმებით აქვეყნებდა საერთაშორისო დამკვირვებლების ციტატებსა და შეფასებებს. “მითების დეტექტორმა” იმ დამკვირვებლების ბიოგრაფია და საქმიანობა შეისწავლა, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებდა. გაირკვა, რომ არაერთ მათგანს საეჭვო რეპუტაცია აქვს. 

არქივის ბმულები: 1; 2; 3; 4; 5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist