გამოიყენება თუ არა “სიკვდილის კაფსულა” ევთანაზიისთვის შვეიცარიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია - სიკვდილის კაფსულა
2.5k
VIEWS

2024 წლის 9 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში ამუშავდება ევთანაზიის მიზნით შექმნილი “სიკვდილის კაფსულა”, რომელიც ‘თვითმკვლელობის მსურველებმა’ შეიძლება გამოიყენონ. ერთ-ერთ პოსტში ამტკიცებენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო კაფსულა სამედიცინო მოწყობილობად არ არის მიჩნეული, სწორედ ამიტომ გამოყენებამდე ტესტირებას და სერტიფიცირებას არ საჭიროებს.  

Screenshot 2024 07 18 at 2.49.18 PM | mythdetector.com Screenshot 2024 07 18 at 2.49.01 PM | mythdetector.com

მტკიცება, თითქოს შვეიცარიაში “სიკვდილის კაფსულით” ევთანაზიის გაკეთება ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება. Sarco გამოსაყენებლად შვეიცარიის არცერთი სააგენტოს მიერ არ არის დამტკიცებული. შვეიცარიული მედიის ცნობით, შაფჰაუზენისა და ვალეს კანტონებში Sarco-ს გამოყენება აკრძალეს.

Sarco, ანუ Sarcophagus-ი, რომლის დანიშნულებაც ადამიანისთვის ევთანაზიის გაკეთებაა, 2017 წელს შეიქმნა. იდეის ავტორი ავსტრალიელი ფილიპ ნიჩკეა. 3D კაფსულის დიზაინი კოსმოსურ ხომალდს არის მიმსგავსებული. მედიაში გამოგონებას “სიკვდილის კაფსულას” უწოდებენ. როგორც გამომგონებელი განმარტავს, კაფსულის გააქტიურება მასში მყოფ ადამიანს თავად შეუძლია, მას შემდეგ, რაც დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს. ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, კაფსულაში ჟანგბადის დონე 1%-მდე მცირდება და ის აზოტით ივსება, რაც პაციენტის სიკვდილს იწვევს. ნიჩკე განმარტავს, რომ ადამიანი დეზორიენტაციასა და ეიფორიას გრძნობს და ამტკიცებს, რომ პანიკისა და დახრჩობის შეგრძნების გარეშე კვდება.   

2021 წელს ნიჩკე ამტკიცებდა, რომ Sarco-მ სამართლებრივი განხილვა გაიარა და არ არსებობდა სამართლებრივი საკითხები, რომლებიც 2022 წელს მის გამოყენებას შეუშლიდა ხელს. თუმცა, მას “სამართლებრივი საკითხების” შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. როგორც 2021 წელს არაერთმა ფაქტების გადამოწმების უცხოურმა ორგანიზაციამ დაწერა (1;2;3), Sarco შვეიცარიის სამედიცინო საბჭოს მიერ დამტკიცებული არ ყოფილა. Swissmedic-ის სპიკერმა ალექს ჯოსტიმ, რომელიც პასუხისმგებელია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ავტორიზაციაზე, Reuters-თან მეილით განაცხადა, რომ Sarco-ს შესახებ განხილვა არ იყო Swissmedic-ის პასუხისმგებლობაში , რადგან ის არ არის წამალი.  

გარდა ამისა, 2021 წელს შვეიცარიული Watson-ის გამოძიებით დადგინდა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შვეიცარიის მთავრობა კაფსულის გამოყენებას უშვებდა. ნიჩკე ამტკიცებდა იმასაც, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ადგილობრივ ორგანიზაციებთან. Snopes-ი ესაუბრა ორგანიზაციებს, რომლებიც შვეიცარიაში ევთანაზიას ატარებენ, აღმოჩნდა, რომ ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ ნიჩკეს იდეას, ხოლო ერთ-ერთმა უმსხვილესმა ორგანიზაცია EXIT-მა უარყო, რომ ნიჩკესთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა. შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებდა ნიჩკე, რომ 2022 წელს კაფსულას გამოიყენებდნენ.  

ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ 2022 წელს Sarco-ს კაფსულა გამოიყენეს. თუმცა, ფილიპ ნიჩკემ მის უახლოეს კვირებში გამოყენებაზე 2024 წელს კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ევთანაზიის გაკეთების მსურველი უკვე არჩეული იყო.  სწორედ ამას მოჰყვა შვეიცარიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანტონებში (ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში) Sarco-ს გამოყენება აკრძალეს. 

როგორც შვეიცარიული მედია Blick წერს, შაფჰაუზენის კანტონის პროკურატურა მას, ვინც კაფსულის გამოყენებას შეუწყობს ხელს, სისხლის სამართლის საქმით ემუქრება. მედიის ცნობით, დოკუმენტში, რომელიც ექსკლუზიურად მათთვის გახდა ხელმისაწვდომი, შაფჰაუზენის პროკურატურამ კომპანია გააფრთხილა, რომ კაფსულის გამოყენებას სერიოზული სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. Blick-ის ცნობით, წერილის ავტორი პირველი პროკურორი, პიტერ სტიჩერია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პროკურატურა მიიჩნევს, რომ Sarco-ს გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულზე კითხვებს ბადებს და შესაძლოა 5 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს. კონკრეტულად, მედია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი ითვალისწინებს “თვითმკვლელობამდე მიყვანას ან თვითმკვლელობის ხელშეწყობას ეგოისტური მიზეზების გამო”, რაც მოიცავს ნებაყოფლობითი თვითმკვლელობით მიღებულ ფინანსურ სარგებელსაც. ის ორგანიზაციები, რომლებიც ევთანაზიის პროცედურას ატარებენ, მკაცრად იმართება, როგორც არაკომერციული ორგანიზაციები.  

ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ “სიკვდილის კაფსულის” გამოყენებას ვეტო დაადეს ვალეს კანტონშიც. გარდა ხელისუფლების მიერ დადებული ვეტოსა, მედია წერს, რომ სამედიცინო სფეროში Sarco-ს გამოყენება აკრძალა კანტონის მთავარმა ექიმმა. როგორც მისი მოადგილე განმარტავს, აკრძალვა არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. მისივე განმარტებით, შვეიცარიაში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ევთანაზიის პროცედურას სამართლებრივი საფუძვლების გათვალისიწინებით, ხოლო Sarco-ს შემთხვევაში მათ არ იციან, თუ როგორ მოიქცეოდა კომპანია. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევთანაზია არ არის პროცედურა, რომელიც “სამყაროს დატოვების მსურველებს” უტარდებათ. ევთანაზია ადამიანის უმტკივნეულოდ სიკვდილის პრაქტიკაა, რომელიც ტარდება განუკურნებელი და მტკივნეული დაავადების მქონე ადამიანებს შემთხვევაში, ან მაშინ, როდესაც პაციენტს უწყდება სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების პროცედურები. ევთანაზია იმ ქვეყნებში, რომლებშიც დაშვებულია, ტარდება მრავალჯერ ტესტირებისა და ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან ხანგრძლივი გასაუბრებების შემდეგ. 

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ მომხმარებელი მაია თვალთვაძე ხშირად ავრცელებს ცრუ და დაუდასტურებელ ინფორმაციას, რაც მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა.

ფეისბუქ-მომხმარებელი David Gotsman-ს ყალბი ინფორმაცია არაერთხელ აქვს გავრცელებული. უცხოურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები ყალბ ინფორმაციად აქვთ მონიშნული (1;2;3).  

Screenshot 2024 07 18 at 2.49.48 PM | mythdetector.com


ელენე ებანოიძე და ცისია კირვალიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვეიცარია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist