3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,შიინ ევროპისკენ” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს ვიდეო მტკიცებით, თითქოს, კიევში ,,ხალხთა მეგობრობის თაღი” LGBTQ+ დროშის ფერებში გადაღებეს. ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ ღებავენ თაღს ცისარტყელას ფერებით. ანტიდასავლური ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” წერს, რომ ,,უკრაინელებმა საბოლოოდ გადაღებეს საბჭოთა ხალხთა მეგობრობის თაღი.”
უკრაინაში თაღის გადაღებვის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2017 წელსაა გადაღებული და უკრაინაში ,,ევროვიზიის” გამართვის სამზადისს ასახავს. ამავე წლის ,,ევროვიზიის” თემა მრავალფეროვნება იყო, სწორედ ამიტომ გადაიღება თაღი ცისარტყელას ფერებში, შემდგომ კი პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
2017 წელს მუსიკალური კონკურსი ,,ევროვიზია” კიევში, უკრაინის დედაქალაქში, ჩატარდა. ამ წელს კონკურსის თემა მრავალფეროვნება, ხოლო სლოგანი ,,იზეიმე მრავალფეროვნება” იყო. კონკურსის ამ წლის ლოგოზე ტრადიციული უკრაინული ყელსაბამი იყო გამოსახული. ,,ევროვიზიის” განმარტებით, უკრაინული სტილის ყელსაბამი ბევრი განსხვავებული მძივისაგან შედგება, თითოეულს აქვს საკუთარი დიზაინი და აღნიშნავს მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალობას.

,,ხალხთა მეგობრობის თაღი”, რომელსაც ახლა “უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი” ჰქვია, სწორედ 2017 წლის ,,ევროვიზიის” თემატიკის შესაბამისად გადაღებეს და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება კონკურსის შემდგომ იყო დაგეგმილი. თაღის ცისარტყელას ფერებით გადაღებვის პროცესს ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ხელი შეუშალეს და ბოლომდე ვერ შეიღება. ,,ევროვიზიის” დასრულების შემდგომ, თაღს პირვანდელი სახე დაუბრუნეს და ის ახლაც მეტალისფერი კონსტრუქციაა.


,,ხალხთა მეგობრობის თაღი” კიევში 1982 წელს უკრაინელებისა და რუსების გაერთიანების პატივსაცემად აშენდა. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში ხელახალი შეჭრიდან მალევე, ,,ხალხთა მეგობრობის თაღს” სახელი შეუცვალეს და ის ახლა ,,უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღად” მოიხსენიება. თაღთან მდგომი უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობრობის მონუმენტი კი აიღეს.
უკრაინის ან ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება LGBTQ+ საკითხებთან დაკავშირებული არასწორი ცნობები. ,,მითების დეტექტორი” მას სისტემატურად ამოწმებს, ვრცლად იხილეთ მასალები:
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დასაშვებია
- დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი
- პრაიდი უკრაინაში თუ კარნავალი ესპანეთში – რას ასახავს ვიდეო?
წყაროს შესახებ:
ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.