გადაეცემა თუ არა ნაყოფს ქალის პირველი სექსუალური პარტნიორის გენეტიკური ინფორმაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.6k
VIEWS

10 თებერვალს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, რომლის თანახმად ორგანიზმი ქალის პირველი სექსუალური პარტნიორის “გენეტიკურ ინფორმაციას” იღებს, ინახავს და ის ქალის მომავალ შვილს გადაეცემა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბავშვის მამა სხვა ადამიანი იქნება. იგივე ვიდეო ინსტაგრამზე იანვარში გავრცელდა.

Screenshot 2025 02 12 at 17.40.40 გადაეცემა თუ არა ნაყოფს ქალის პირველი სექსუალური პარტნიორის გენეტიკური ინფორმაცია?

მტკიცება, რომ ქალის ორგანიზმი ქალის პირველი სექსუალური პარტნიორის გენეტიკურ ინფორმაციას ინახავს და სხვა პარტნიორისგან გაჩენილ შვილს გადასცემს, მეცნიერულად არ დასტურდება და სიმართლეს არ შეესაბამება.

  • რა არის ტელეგონია და აქვს თუ არა მას სამეცნიერო საფუძველი?

მოსაზრება, რომ ქალი პირველი პარტნიორის გენეტიკურ ინფორმაციას “ინახავს” და შემდგომ შთამომავლობას გადასცემს დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა მისი სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს. ამ მოსაზრებას ტელეგონია ეწოდება და ის სათავეს ჯერ კიდევ არისტოტელესგან იღებს, რომელმაც ივარაუდა, რომ მემკვიდრეობითობაზე გავლენა აქვს არა მხოლოდ უშუალოდ მამას, არამედ დედის ყოფილ სექსუალურ პარტნიორებს და იმ კაცებს, რომლებისგანაც ქალი წარსულში დაორსულდა. ენციკლოპედია “ბრიტანიკაზე” აღნიშნულია, რომ ტელეგონია ცრურწმენად უნდა იყოს მიჩნეული, რადგან არსებულ სამეცნიერო ცოდნას და გამოცდილებას არ შეესაბამება. ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ ტელეგონიის შესაძლო შემთხვევას დარვინიც განიხილავდა, როდესაც ცხენი ჯერ ზებრასთან შეჯვარდა, შემდეგ არაბულ ულაყთან, რომლისგან გაჩენილ ნაყოფს ფეხებზე ზოლები ჰქონდა. თუმცა შემთხვევა უფრო მარტივად აიხსნება იმით, რომ ცხენის ზოგ სახეობაში მსგავსი ზოლები ბუნებრივად გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ არსებობს 2 კვლევა, რომელიც მწერებში, ბუზებსა და ხოჭოებზე ჩატარდა სადაც მწერების შთამომავლობაზე გავლენა მდედრი მწერის წინა პარტნიორს ჰქონდა. როგორც, ამ კვლევებიდან ერთ-ერთის ავტორი, ანჯელა კრინი Тime-სთან ინტერვიუში განმარტავს, ბუზის ზომაზე გავლენა ჰქონდა მდედრი ბუზის წინა პარტნიორს, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედი სხვა მამრმა ბუზმა გაანაყოფიერა. კრინი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წინა პარტნიორები შესაძლოა ისეთი გარემო ფაქტორი იყოს, როგორც მდედრის ცხოვრების წესი და დიეტა, რასაც გავლენა აქვს ნაყოფზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ მწერებზე ჩატარებული კვლევების ადამიანზე განზოგადება არასწორი იქნება. ამავე ინტერვიუში თავად კვლევის ავტორიც აღნიშნავს, რომ ადამიანებთან დაკავშირებით იმავე დასკვნისთვის პირდაპირი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.

ანჯელა კრინი: “ადამიანებთან დაკავშირებით ამ საკითხზე სპეკულაცია ნამდვილად არ გვსურს. ამისთვის პირდაპირი სამეცნიერო მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით”

  • რა არის მიკროქიმერიზმი?  

მტკიცება, რომ ქალი არა მხოლოდ, პირველი, არამედ ყველა სექსუალური პარტნიორის დნმ-ს “ინახავს”, სხვადასხვა დროს გავრცელებულა. ამ მტკიცების ერთ-ერთი საბაბი 2012 წლის კვლევა “მამრობითი მიკროქიმერიზმი მდედრი ადამიანის ტვინში” გახდა, რომელიც არასწორად იყო ინტერპრეტირებული. მიკროქიმერიზმი ეწოდება ფენომენს, როდესაც ერთ ადამიანში გვხვდება მეორე ადამიანის უჯრედების მცირე ჯგუფი. კვლევა ქალის ტვინში მამრობითი სქესის უჯრედების არსებობას იკვლევდა. თუმცა კვლევებში მიკროქიმერიზმის მიზეზად სქესობრივი კავშირი დასახელებული არ არის. კვლევებში განხილულია ფენომენის ამხსნელი გავრცელებული მიზეზები, როგორებიცაა ორსულობა მამრობითი სქესის ნაყოფზე, სპონტანურად შეწყვეტილი ორსულობა, მამრობითი სქესის ტყუპის არსებობა, რომელიც არ განვითარდა, ან საერთოდაც უჯრედები უფროსი ძმისგან, რომელიც დედის ორგანიზმში დარჩა და ორსულობის დროს მდედრობითი სქესის ნაყოფს გადაეცა.

კვლევის ავტორი დოქტორი ჯეი ლი ნელსონი Business Insider-თან კომენტარში განმარტავს, რომ ზოგადად ქალის ორგანიზმში მამრობით სქესის უჯრედების არსებობა უმეტეს შემთხვევაში ორსულობის შედეგია. 2012 წლის კვლევაში მკვლევრებმა 59 გარდაცვლილი ქალის ტვინი შეამოწმეს მიკროქიმერიზმზე და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 60%-ში კაცის დმნ არსებობდა. 2005-ში ჩატარებულ კვლევაში 120 ისეთი ქალის სისხლის სინჯები შეამოწმეს, რომელბსაც ბიჭი შვილი არ ჰყავდათ. მიკროქიმერიზმი კაცის დნმ-ით მათ 21%-ში გამოვლინდა.

ნელსონი აღნიშნავს, რომ არ არსებობს სამეცნიერო საფუძველი, იმის დასამტკიცებლად, რომ სქესობრივი კავშირების შემდეგ ქალის ორგანიზმი დნმ-ს “ინახავს”. ზოგიერთ კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ნელსონის თქმით, ამ ეტაპზე ეს უბრალოდ სპეკულაციაა. ნელსონი ასევე აღნიშნავს, რომ მამრობითი მიკროქიმერიზმი სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული რომ იყოს, 2005 წლის კვლევაში ფენომენი უფრო მეტ ქალში გამოვლინებოდა.

ნელსონი: “ჩემთვის მთავარი განცხადება მონაცემებია. ეს რომ სისტემატურად ხდებოდეს, [ფენომენს] იმ ზრდასრული ქალების უმეტესობაში შევხვდებოდით, რომლებსაც ბიჭი შვილები არ ჰყავთ და რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ”

იმავეს ამბობს განხილული კვლევების კიდევ ერთი ავტორი უილიამ ჩენი Reuters-თან კომენტარში. ჩენმა აღნიშნა, რომ მტკიცება, თითქოს სქესობრივი კონტაქტი მიკროქიმერიზმს იწვევს, მცდარია. ჩანი აღნიშნავს, რომ კვლევაში, ისევე როგორც მანამდე არსებულ კვლევებში სქესობრივი კავშირი მიკროქიმერიზმის ერთ-ერთ შესაძლო, თუმცა დაუმტკიცებელ მიზეზად არის დასახელებული. რაც ნიშნავს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ის არ არის შემოწმებული და შესაბამისად დამტკიცებულიც. ჩენის განმარტებით, დღეის მდგომარეობით არ არსებობს კვლვა, რომელიც ამას ადასტურებს და შესაბამისად, მსგავსი მტკიცებები მცდარია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist