აღიარა თუ არა ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაცია და რა თქვა ალენ ბერსემ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.9k
VIEWS

20 დეკემბერს ტელევიზია რუსთავი 2-მა, საინფორმაციო სააგენტოებმა  “ნიუსჰაბი” (1, 2) და INFO9 გაავრცელეს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერის, ვახტანგ ჩოჩიასა და აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებები, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსესა და ხელისუფლების წევრების შეხვედრა ორგანიზაციის მიერ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. ჩოჩიას განცხადების თანახმად, ბერსე “შეხვდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ვინაიდან მსგავსი შეხვედრები არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ იმართება.” მან ისიც განარტა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრით საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ ევროსაბჭოს პოზიცია გამოიკვეთა. 

ალენ ბერსე

სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ალენ ბერსესა და “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრით ევროპის საბჭომ მთავრობის ლეგიტიმაცია აღიარა. ორგანიზაციის ფუნქცია სადავო არჩევნების აღიარება/არაღიარება არ არის. ბერსემ თავადაც განაცხადა, რომ ის არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არ ჩამოსულა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. 

18 დეკემბერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. ბერსეს დელეგაციას ახლდნენ ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები. გენმდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში განმარტა: “ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.”

თბილისში ყოფნისას ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ევროპის საბჭოს მდივანი “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. ბერსემ ასევე შეხვედრა გამართა ოპოზიციურ პარტიებთან, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის საკითხს ალენ ბერსე პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. გენერალური მდივნის თქმით, ის თბილისში არჩევნების აღიარებისთვის არ ჩამოსულა. ბერსემ განმარტა, რომ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადება ევროპის საბჭოს მანდატი არ არის და ეს სხვა კომპეტენტური უწყებების საქმეა. მედიასთან საუბრისას ბერსემ თქვა:

„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება.” 

  • ევროსაბჭოს ფუნქციები

ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა მოწინავე ორგანიზაციაა. ის ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის მუშაობს. ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე აუცილებელი სამართლებრივი რეფორმების გატარებაში ეხმარება. საბჭოს მიზანი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაწინაურებაა. ამ მიზნით, ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, რის საფუძველზეც სახელმწიფოებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს. ევროპის საბჭო საკუთარ ვებ-გვერდებზე განმარტავს ორგანიზაციის მიზნებს, ღირებულებებსა და მისიას, თუმცა არსად ახსენებს, რომ მისი მოვალეობაა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სადავო არჩევნების ლეგიტიმურობა შეაფასოს და აღიაროს. 

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა

28 ნოემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ეჭვია გამოთქმული, რამდენად ზუსტად ასახავს არჩევნების შედეგი ამომრჩევლის ნებას. სადამკვირველო მისიამ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა გამოავლინა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო დაძაბული იყო, ხასიათდებოდა მზარდი პოლარიზაციით, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ ზეწოლას, პროცედურულ დარღვევებს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. PACE-ის ანგარიშში კენჭისყრის პროცესიც უარყოფითადაა შეფასებული. კერძოდ, სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს, რომ 26 ოქტომბერს მმართველი პარტიის წარმოამდგენლები მოქალაქეებს საარჩევნო უბნების გარეთ აშინებდნენ, ასევე, სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ, დამონტაჟებული იყო კამერები, რაც ხმის მიცემის ფარულობას არღვევდა, რიგ უბნებზე შეიმჩნეოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების ჩარევა, გამოვლინდა ხმის მოსყიდვის შემთხვევები და ხმის დათვლის დროს პროცედურული შეუსაბამობები. 

  • ლეგიტიმაციის საკითხი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების შედეგი სადავოა და საარჩევნო დარღვევები გამოძიებას საჭიროებს. არჩევნების გამოძიებას ითხოვენ ამერიკელი პოლიტიკოსებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატები საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებას უერთდებიან და არჩევნებზე დარღვევების გამოძიებას ითხოვენ

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” წევრები და მათთან დაკავშირებული მედია ლეგიტიმაციის საკითხზე დეზინფორმაციას ავრცელებს. მიმდინარე თვეში მმართველი ძალის წევრებმა გაავრცელეს დეზინფორმაციული ცნობა, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში დარღვევებზე საუბარი აღარ არის, ეუთოს ხელმძღვანელმა კი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილი წერილით ხელისუფლება ლეგიტიმურად აღიარა. “მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ აღნიშნული განცხადებები დეზინფორმაციული შინაარსისაა. ეუთო/ოდირს საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია და პასკალ ალიზარდი ეუთოს ხელმძღვანელი არ არის.

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროსაბჭო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist