დეზინფორმაცია, თითქოს ევროპულმა ქვეყნებმა სირიაზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სირია
172
VIEWS

10 მარტს ფეისბუქზე ფართოდ გავრცელდა (1,2,3,4,5) ინფორმაცია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ სირიაზე რეზოლუციას 25-მა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, იტალიამ, ბალტიისა და სკანდივანიის ქვეყნებმა ხელი არ მოაწერეს.

სირია

10 მარტს სირიასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ნამდვილად გაიმართა, თუმცა საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას სირიაზე რეზოლუცია არ მიუღია. მსგავსი რეზოლუცია არ მიუღია არც გაეროს გენერალურ ასამბლეას.

10 მარტს სირიაში ძალადობრივ შეტაკებებით გამოწვეული დაძაბული ვითარების განხილვისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორები აშშ და რუსეთი იყვნენ. 10 მარტს გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ საბჭო სირიასთან დაკავშირებით დოკუმენტზე მუშაობს და სურს, რომ ის მალე მიიღოს. ნებენზიას თანახმად, საბჭო დახურულ სხდომაზე განხილულ საკითხებზე საკმაოდ ერთსულოვანი იყო. ამ დროისთვის უშიშროების საბჭოს სირიასთან დაკავშირებით რეზოლუცია არ მიუღია. მსგავსი რეზოლუცია არც უშიშროების საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულა და მის შესახებ ინფორმაცია არც მედიაში გავრცელებულა. 

სირია
უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ბოლო რეზოლუციები

ფეისბუქ-პოსტებში ჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან. საბჭოში სულ 15 წევრია, ის 5 მუდმივი და 10 არამუდმივი წევრისგან შედგება. ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, რეზოლუცია, რომელზეც პოსტებში წერენ, გაეროს გენერალურ ასამბლეას უნდა მიეღო, თუმცა მსგავსი რეზოლუცია არც გენერალურ ასამბლეას მიუღია.

სირია
გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუციები

სირიაში 6 მარტიდან დაწყებულ ძალადობასთან დაკავშირებით რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად არ წარუდგენიათ და შესაბამისად ქვეყნები მისთვის მხარდაჭერისგანაც ვერ შეიკავებდნენ თავს.

  • რა ხდება სირიაში და როგორ ეხმაურებიან ევროპის ქვეყნები?

სირიაში ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 მარტს ქალაქ ჯაბლაში ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული პირები პოლიციას დაესხნენ თავს. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა უშიშროების ძალების 16 წევრი. სამთავრობო ძალებმა კი 31 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 28 ასადის ლოიალისტი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიაში მდგომარეობა მკვეთრად გამწვავდა და დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლოს” თანახმად, დაღუპულთა შორის 830 მშვიდობიანი მოქალაქეა, 231 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლი და 250 ასადის მხარდამჭერი მებრძოლი. 

დაღუპულთა უმრავლესობა ალავიტია. ალავიზმი შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. სირიის ყოფილი მმართველი ბაშარ ალ-ასადი ალავიტია, რის გამოც მის ხელისუფლებაში ალავიტები პრივილეგირებული პოზიციით სარგებლობდნენ. ალავიტები სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენენ. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თამინ ალ-ხიტანის განცხადებით, გაერომ ამ დროისთვის 111 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების. აღნიშნულია, ასევე რომ მედიაში გავრცელებული ცნობებით დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. ალ-ხიტანის თანახმად, როგორც ცნობილია, შემთხვევების უმეტესობას რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი სიკვდილით დასჯა იყო. პასუხისმგებელი პირები კი, არსებული ინფორმაციით, მოქმედი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების წევრები და წინა ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ შეგროვებული ჩვენებების მიხედვით, თავდამსხმელები მაცხოვრებლებს ეკითხებოდნენ ალავიტები იყვნენ თუ სუნიტები და შემდეგ წყვეტდნენ მოეკლათ ისინი თუ არა. 

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ პოსტებში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან უმეტესობა სირიაში არსებულ რთულ ვითარებას გამოეხმაურა. საფრანგეთმა და გერმანიამ სირიის გარდამავლ ხელისუფლებას ძალადობის შემთხვევების გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდეს. დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ესტონეთის და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სირიასთან დაკავშირებულ განცხადებებში ყველა სირიელის, განურჩევლად იმისა რომელ უმცირესობას წარმოადგენენ, უფლებების და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

არქივი (1)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო, სირია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist