5-6 თებერვალს ფეისბუქის ქართულ (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4.) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში შეიქმნა ახალი ზეეროვნული ორგანო “ევროპული დემოკრატიის ფარი”, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს გააუქმოს არჩევნები მის წევრ ქვეყნებში, თუ მათი შედეგები არ მოეწონება. პოსტის ავტორები ახსენებენ რუმინეთის მაგალითს, სადაც 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. გავრცელებულ პოსტებში რუმინეთის მაგალითზე ევროკავშირს ადანაშაულებენ.
ინფორმაცია, თითქოს “ევროპული დემოკრატიის ფარი” უფლებამოსილი იქნება გააუქმოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამართული არჩევნების შედეგები, მცდარია. ასევე მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს ამ ორგანოს საქმიანობა ევროკავშირს არჩევნების ანულირების საშუალებას მისცემს. რეალურად, ეს ორგანო არის ევროპარლამენტის მანდატით შექმნილი სპეციალური კომიტეტი, რომლის მთავარ მიზანს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური აქტორების ჩარევასთან ბრძოლა წარმოადგენს და მის განსაზღვრულ უფლებებში წევრი სახელმწიფოების არჩევნების შედეგების შეცვლა არ არის გაწერილი. არჩევნების გაუქმების უფლებამოსილება მხოლოდ წევრი ქვეყნების სასამართლოს აქვს.
2024 წელს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის 2024-2029 წლების პოლიტიკურ გზამკვლევში აღნიშნა, რომ მას სურდა შეექმნა “ევროპული დემოკრატიის ფარი”, რომელიც მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციას და ონლაინ ჩარევას მედია წიგნიერების გაზრდით, ევროპული ფაქტების გადამოწმების ქსელის შექმნით, რომელიც ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, ასევე ციფრული სერვისების შესახებ კანონისა და ხელოვნური ინტელექტის აქტის აღსრულებით. სწორედ აღნიშნული ინიციატივა დაედო სათავედ ევროპარლამენტში კომიტეტის შექმნას, რომელსაც “ევროპის დემოკრატიის ფარის სპეციალური კომიტეტი” (EUDS) ეწოდება და რომლის თავმჯდომარედ 3 თებერვალს ფრანგი ნატალი ლუაზო აირჩიეს.
2024 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც აანონსებდა EUDS კომიტეტის შექმნას, დეტალურად არის გაწერილი მისი შემადგენლობა და უფლება-მოვალეობები (ვრცლად იხილეთ ქვემოთ). ტექსტიდან ირკვევა, რომ კომიტეტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არსებული და განსახილველი კანონმდებლობის შეფასება, მასში ხარვეზების აღმოჩენა და ამ ხარვეზების აღმოფხვრის პოტენციური გზების შეთავაზება იმ საკითხებში, რაც ეხება შიდა თუ საგარეო აქტორების ჩარევას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ თავდაცვის სფეროებსა და ხალხის აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. დოკუმენტში არსად არის ნახსენები, თითქოს კომიტეტს არჩევნების შედეგების გაუქმების უფლება აქვს ან მისი შეფასებები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ევროკავშირის მიერ, კონკრეტული არჩევნების გასაუქმებლად.
2 თებერვალს ფრანგულ მედიაში გამოქვეყნდა ნატალი ლუაზოს ინტერვიუ, სადაც იგი EUDS-ის შესახებ საუბრობს. მან აღნიშნა, რომ მათი პირველი მიზანი იქნება ევროპაში დემოკრატიაზე თავდასხმის შემთხვევების აღწერა, აგრესორების იდენტიფიკაცია და მათი მეთოდების ანალიზი. მეორე რიგში კი კომიტეტი შეაფასებს ევროკავშირის ხელთ არსებული საპასუხო მექანიზმების ეფექტურობას. ის თვლის, რომ დიდი სოციალური პლატფორმების გადაწყვეტილება, შეაჩერონ ან შეამცირონ ფაქტების გადამოწმების პროგრამები და გაავრცელონ ე.წ. ლიბერტარიანული იდეოლოგია, შესაძლოა საბოლოოდ ავტორიტარიზმში გადაიზარდოს.
გავრცელებულ პოსტებში მაგალითად მოჰყავთ რუმინეთის შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ რუმინეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევების პირველი რაუნდის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და ევროკავშირი არ იყო პროცესში ჩართული. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო სადაზვერვო სამსახურის მონაცემებს, რომლებიც ადასტურებდნენ უცხოური აქტორების ჩარევას საარჩევნო პროცესში და სოციალური ქსელების მეშვეობით მოსახლეობის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენას.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს არ გააჩნია მექანიზმი, გააუქმოს არჩევნები წევრ ქვეყნებში. ამ საკითხზე გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღება.
-
ვინ ავრცელებს ინფორმაციას თითქოს “ევროპის დემოკრატიის ფარის სპეციალური კომიტეტის” შექმნა წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის?
ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ავტორების ნაწილი წყაროდ X (ყოფილი Twitter) ანგარიშ Daily Romania-ს ასახელებს, რომელიც თავის მხრივ ფრანგი პოლიტიკოსის, ფლორიან ფილიპოს პოსტს ეყრდნობა. ფილიპო ფრანგული ნაციონალისტური პარტია “პატრიოტების” პრეზიდენტი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კრიტიკოსია. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მან ხაზი გაუსვა იმ აქტს, რომ ნატალი ლუაზო “მაკრონისტია”, რის გამოც მას არ ენდობა. ფილიპო პოსტში არ ასახელებს კონკრეტულ მტკიცებულებებს და უბრალოდ წერს, რომ ამ ზესახელმწიფოებრივ ორგანოს, შეეძლება მისთვის მიუღებელი ნებისმიერი არჩევნების შედეგების გაუქმება, უცხო ძალის ჩარევის საბაბით.
“ყველა ნიუანსი/All Nuances”-ის პოსტში ჩანს სტატია სახელწოდებით “ევროპული დემოკრატიის ფარი: საფრთხე ეროვნული სუვერენიტეტისთვის?”. პოსტის ჩასწორების ისტორიაში ასევე ჩანს, რომ თავდაპირველი ვარიანტი სრულად ეყრდნობოდა აღნიშნულ სტატიას, რომელსაც ფეისბუქ ანგარიში “რუმინულ გამოცემა Simonmercieca-ს მიაწერს.
“მითების დეტექტორმა” მიაკვლია აღნიშნულ სტატიას, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, რომ “ევროპის დემოკრატიის ფარის სპეციალური კომიტეტი” საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს. ავტორი ამ შემთხვევაშიც რუმინეთის მაგალითს ახსენებს, როგორც პრეცედენტს და მტკიცებულებების გარეშე მიდის დასკვნამდე, რომ EUDS არჩევნების მაკონტროლებელი ორგანოა. აღსანიშნავია, რომ მტკიცების საპირისპიროდ, Simonmercieca არც რუმინულია და არც ოფიციალურ მედიას წარმოადგენს. საიტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ერთ პიროვნებას ეკუთვნის, რომელმაც თავდაპირველად შექმნა ბლოგი და შემდეგ ვებ-საიტად გადააკეთა, სადაც ყოველდღიურად წერს მის აზრს სტატიების სახით, მალტურ და ინგლისურ ენებზე.
-
რა უფლება-მოვალეობები შედის “ევროპის დემოკრატიის ფარის სპეციალური კომიტეტის” კომპეტენციაში?
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ კომიტეტი შედგება 33 ევროპარლამენტარისგან და მას ექნება 1 წლიანი ვადა, რომელიც შეიძლება შემდგომში გახანგრძლივდეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომიტეტის ძირითადი მოვალეობები მოიცავს:
- შეაფასოს შესაბამისი არსებული და დაგეგმილი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რათა შემდგომში აღმოაჩინოს შესაძლო ხარვეზები და გადაფარვები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დემოკრატიულ პროცესებში მავნე ჩარევისთვის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:
-
- პოლიტიკები, საკანონმდებლო წინადადებები და სტრუქტურები, რომლებიც უნდა შეიქმნას “ევროპული დემოკრატიის ფარის” ფარგლებში და უკვე შექმნილია “ევროპის დემოკრატიის სამოქმედო გეგმით”, ისევე როგორც შესაბამისი ინსტრუმენტები “სტრატეგიული კომპასის” ფარგლებში, როგორიცაა ევროკავშირის ჰიბრიდული ხელსაწყოები;
- ევროკავშირის სააგენტოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების, დაზვერვისა და წინასწარი აღმოჩენის მექანიზმების მიზნებისათვის;
- პოლიტიკა და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია 2024 წლის 30 ოქტომბრის ანგარიშში, სახელწოდებით „ერთად უფრო უსაფრთხოდ – ევროპის სამოქალაქო და სამხედრო მზადყოფნისა და მზადყოფნის გაძლიერება“;
- პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის დემოკრატიულ პროცესებს, დემოკრატიული მდგრადობა სიტუაციური ცნობიერების გზით, მედია და საინფორმაციო წიგნიერება, მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა;
- დემოკრატიული მდგრადობა საშინაო ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების და მავნე ჩარევის მიმართ;
- ჩარევა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კერძოდ, იმ პასუხისმგებლობისა და ზემოქმედების სიღრმისეული შეფასებით, რომელსაც ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმები ახდენენ ევროკავშირის დემოკრატიასა და დემოკრატიულ პროცესებზე;
- ჩარევის გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიულ სექტორებზე, მათ შორის უცხოურ ინვესტიციებსა და კავშირში მდებარე ქონების ფლობაზე;
- ჰიბრიდული საფრთხეები და თავდასხმები, მათ შორის: კიბერშეტევები, მათ შორის სამხედრო და არასამხედრო მიზნებზე, ადამიანის მიერ შექმნილი ტექსტი და აუდიოვიზუალური კონტენტი, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი და “დიფფეიკები”, რომლებიც გამოიყენება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისთვის, პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩარევისთვის;
- პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების მაღალ საერთო დონეს ევროკავშირის მასშტაბით და კიბერშეტევების წინააღმდეგ მდგრადობას, როცა ეს დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესებთან;
- მავნე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების როლი, მათი მოქმედების რეჟიმი და დაფინანსება, ასევე მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური დივერსია;
- ჩარევის გავლენა უმცირესობების და სხვა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებებზე;
- შეკავება, მიკუთვნება და კოლექტიური კონტრზომები, მათ შორის სანქციები;
- მეზობლობა და გლობალური თანამშრომლობა და მულტილატერალიზმი;
- ევროკავშირში დაფუძნებული აქტორების ჩარევა როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მესამე ქვეყნებში;
- პოლიტიკა და ზომები არჩევნების სამართლიანობისა და მთლიანობის შესანარჩუნებლად, დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის გასაძლიერებლად;
2. კომპეტენტურ მუდმივ კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავოს წინადადებები და შეთავაზებები ამ ხარვეზების შემდგომი გამოსწორების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის გამძლეობას ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების მიმართ, მათ შორის უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა, და როგორ გააუმჯობესოს ევროკავშირის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა;
3. შეაფასოს კომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში;
4. დაუპირისპირდეს მავნე მესამე ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის შიდა აქტორებისა და ორგანიზაციების გავლით, წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს, რომლებიც ზიანს აყენებენ ევროკავშირის მიზნებს და შექმნილია ევროკავშირის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისთვის;
5. საჭიროების შემთხვევაში განაგრძოს INGE 1 და INGE 2 სპეციალური კომიტეტების ანგარიშების შესრულება;
6. ხელი შეუწყოს საერთო ინსტიტუციურ მდგრადობას საგარეო ჩარევის, ჰიბრიდული საფრთხეების, თავდასხმებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ;
7. შეინარჩუნოს ურთიერთობა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან და ორგანოებთან, წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საპარლამენტთაშორისო ასამბლეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისევე როგორც სახელმწიფო და არასახელმწიფო პარტნიორებთან შესაბამის მესამე ქვეყნებში მის პასუხისმგებლობაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რათა გააძლიეროს კავშირის ქმედება ჰიბრიდული საფრთხეებისა და თავდასხმების და შიდა და საგარეო ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ; განსაკუთრებით სახელმწიფო და არასახელმწიფო პარტნიორებთან უკრაინასა და მოლდოვაში და პროევროპელ პარტნიორებთან საქართველოში, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან; რუსეთიდან მომდინარე მანიპულირებულ ნარატივებს დაუპირისპირდეს იმ კრიტიკული და მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ კავშირში;
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.