15 ივნისს “ევროპის დაისის” მე-5 ეპიზოდში წამყვანებმა, ბაჩო ოდიშარიამ და გური სულთანიშვილმა გერმანიის ენერგორესურსების დამოუკიდებლობასა და მსოფლიოში ქოლ-ცენტრებით დაზარალებულ მოქალაქეებზე ისაუბრეს. ბაჩო ოდიშარია ამტკიცებს, რომ გერმანიას ევროკავშირმა ატომური ქარხანა დაუხურა და ენერგოდამოუკიდებლობა აუკრძალა. ამავე ეპიზოდში გური სულთანიშვილი ამბობს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების სამიზნე მხოლოდ ევროპის ქვეყნებისა და კანადის მოქალაქეები არიან, ამერიკაში კი დაზარალებულები არ არსებობენ.
ბაჩო ოდიშარია [21:27]: “ზუსტად გერმანიის მაგალითი არის სანიმუშო მაგალითი იმისა, ევრობიუროკრატიამ როგორ აუკრძალა ენერგორესურსების დამოუკიდებლობა მიეღოთ, იმიტომ, რომ ატომური ქარხანა დაუხურა და დატოვა რუსულ გაზზე დამოკიდებულად რეალურად. იმიტომ, რომ ამ რეგულაციას ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ არ დაიცავს, ისე ვეღარ იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
გური სულთანიშვილი [27:20]: შენ თუ დააკვირდები ქოლ-ცენტრების მოქმედების, ფუნქციონირების მექანიზმი როგორია: მაგალითად, ევროპელ პენსიონერებზე აძლევენ უფლებას, რომ ძარცვონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მაგრამ ამერიკელზე გაგიგია რამე? არა. ამერიკელზე არ ხდება და კანადელზეც ანალოგიურად არის შეტევა. მე რატომ მგონია, ამის უფლებას რატომ აძლევენ: მითხარი, ვინ არის სეგმენტი, ვისაც ქოლ-ცენტრი აზარალებს? ეს არის ხანში შესული ძველი ევროპული თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ენატრება ეს სუვერენიტეტი, რომელიც ვერ იქნება მომხრე ამ კულტურული მარქსიზმის, ამ ახალი თეორიების, ის არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ის არის ანტისისტემური თავის თავში და იმას აკოტრებენ, გესმის?
“ევროპის დაისის” წამყვანების მტკიცებები დეზინფორმაციულია: 1) ატომური ელექტროსადგურების დახურვის გადაწყვეტილება გერმანიაში პოლიტიკურმა ძალებმა თავად მიიღეს, მიზეზი არა ევროკავშირის დირექტივას, არამედ ფუკუშიმას კატასტროფას უკავშირდება; 2) FBI-ის რეპორტები მოწმობს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების სამიზნეები ამერიკელი პენსიონერები ისევე ხდებიან, როგორც ევროპელები.
- მტკიცება გერმანიის შესახებ
გერმანიის ატომური ქარხნის დახურვისა და ევროკავშირის მიერ ენეგორესურსების დამოუკიდებლობის შესახებ ბაჩო ოდიშარიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილება ატომური ქარხნის დახურვის შესახებ გერმანიის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ქვეყანამ თავად მიიღო. ღია წყაროებით აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის რაიმე მოწოდება არ იძებნება. 2011 წლიდან, ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდიდან დაწყებული პროცესი 2023 წელს დასრულდა, როდესაც გერმანიამ ბოლო 3 ატომური ელექტროსადგური დახურა. პროცესის განმავლობაში ქვეყანაში იმართებოდა საპროტესტო აქციები გადაწყვეტილების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ისევე, როგორც პოლიტიკური დებატები.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არა ევროკავშირის დირექტივას, არამედ 2011 წელს იაპონიაში მომხდარ ფუკუშიმას კატასტროფას უკავშირდება. აღნიშნულის შემდეგ გერმანიაში გადაწყვიტეს, რომ ნელ-ნელა დაეხურათ ატომური სადგურები. 2023 წელს გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა შტეფი ლემკემ თქვა:
“საბოლოო ჯამში, ბირთვული ენერგიის რისკები უკონტროლოა. სწორედ ამიტომ, ბირთვული ენერგიის თანდათან გაუქმება ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოს გახდის, ასევე, ხელს შეუშლის ბირთვული ნარჩენების რაოდენობის გაზრდას”.
2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია შეეწინააღმდეგა ევროკავშირის წინადადებას, ბირთვული ენერგია მისი კლიმატის სტრატეგიის ნაწილი გაეხადა და დაიცვა გადაწყვეტილება ატომური ელექტროსადგურების დახურვის შესახებ. აღნიშნულ პერიოდში Associated Press-ი წერდა ევროკავშირის გეგმის პროექტზე, რომლის მიხედვითაც ბირთული ენერგია და ბუნებრივი აირი, გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, საინვესტიცო მიზნებისთვის მდგრადად ჩათვლილიყო.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გერმანიამ შეწყვიტა რუსული გაზის პირდაპირი იმპორტი, თუმცა რუსული თხევადი გაზი ევროპის პორტებიდან ისევ აღწევს გერმანიაში. დამოკიდებულება რუსულ გაზზე საკმაოდ შემცირებულია, თუმცა არა სრულიად გამქრალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ დადებული შეთანხმების 194-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ენერგიის წყაროები. წევრ ქვეყნებს აქვთ სრული სუვერენული უფლება გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა ატომური ენერგია და რა ტიპის ენერგია სურთ. ევროკავშირი არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს, გახდნენ ენერგოდამოუკიდებლები.
სქრინშოტი ევროკავშირის ფუნციონირების შესახებ დადებული შეთანხმებიდან
მაგალითად, საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, აქტიურად იყენებს ბირთვულ ენერგიას. საფრანგეთი ელექტროენერგიის, დაახლოებით, 70%-ს ბირთვული ენერგიიდან იღებს. 2014 წელს მთავრობის მიზანი ბირთვული ენერგიის წილის 50%-მდე შემცირება იყო, თუმცა, 2023 წელს ამ მიდგომაზე უარი თქვეს. 2022 წელს საფრანგეთმა განაცხადა 6 ადალი რექტორის მშენებლობის შესახებ. საფრანგეთს ამჟამად 18 კომერციული ატომური ელექტროსადგური აქვს.
ფოტო: World Nuclear Association
- მტკიცება ქოლ-ცენტრების შესახებ
ამავე გადაცემაში გური სულთანიშვილი ამტკიცებს, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების სამიზნე მხოლოდ ევროპელები და კანადელები ხდებიან. მისივე მტკიცებით, ამერიკელები დაზარალებულნი არ არიან. სიმართლეს არც ეს განცხადება შეესაბამება.
მაგალითად FBI-ის მიერ გამოცემულ 2023 წლის ‘Elder Fraud Report-ში, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს ეხება, ნახსენებია, რომ ქოლ-ცენტრების მიერ ჯამური ზარალი $1.3 მილიარდზე მეტს შეადგენდა. აღნიშნული რაოდენობიდან 60+ ასაკის დაზარალებულებზე ჯამური ზარალის რაოდენობის 58% მოდიოდა – შესაბამისად, მათ თითქმის $770 მილიონამდე დანაკარგი განიცადეს. თაღლითობის შედეგად, მოხუცებმა სრულად დახარჯეს საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხები და ფული ისესხეს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, რათა თაღლითობით გამოწვეული დანაკარგები დაეფარათ. ზოგიერთი შემთხვევა სუიციდით დასრულდა.
სქრინშოტი FBI-ს ანგარიშიდან
გარდა ამისა, ინფორმაციას, რომ აშშ-ში ხანდაზმულები თაღლითური სქემების მსხვერპლი ხშირად ხდებიან, ადასტურებს 2024 წლის რეპორტიც. FBI-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ხანდაზმულებმა თაღლითური სქემებით $4.8 მილიარდი დაკარგეს. 50-59 წლის ადამიანებმა კი – $2.5 მილიარდი. აღნიშნული რიცხვი მხოლოდ ქოლ-ცენტრებს არ მოიცავს და ყველა სახის ფინანსურ თაღლითობას აერთიანებს.
ამ მონაცემებით ჩანს, რომ ამერიკელებიც იგივე გლობალური თაღლითური ქოლ-ცენტრების სამიზნეები არიან, რომლებმაც შესაძლოა ევროპელებიც დააზარალონ. შესაბამისად, გური სულთანიშვილის მტკიცება, თითქოს ქოლ ცენტრით დაზარალებული ამერიკელი პენსიონერი არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
მოამზადა ლიკა გვენეტაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.