16 ოქტომბერს POSTV-ის გადაცემაში “ლიბერალიზმის ანატომია” წამყვანმა გიორგი ახვლედიანმა და სტუმარმა, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა ევროკომისიის 2026-30 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ ისაუბრეს. როგორც ახვლედიანის, ასევე შაქარიშვილის მტკიცებით, ანგარიში მოზარდების სურვილზე დაფუძნებით, მშობლისა და მედიკოსების თანხმობის გარეშე სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების ჩატარებას გულისხმობს.
გიორგი ახვლედიანი: “სრული სიგიჟე იგეგმება ევრო-მედიცინაში – სტრატეგიაში წერია, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება აირჩიონ სქესი ნებისმიერ ასაკში, შესაბამისად, ამ მიმართულებით უნდა გაუქმდეს ყველანაირი ასაკობრივი შეზღუდვა, მაგალითად, 5 წლის ბავშვმა თუ მოინდომა სქესის შეცვლა, ანუ სხეულის დასახიჩრება, ევროკავშირში მას ამის შესაძლებლობა ექნება, თან ისე, რომ მშობლებს საერთოდ არავინ არაფერს ჰკითხავს. ანუ ის, რომ სქესი ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება, აღარც განიხილება”.
ვატო შაქარიშვილი: “ღიად ითრევენ ბავშვებს, იმ ადამიანებს ვისაც, ალკოჰოლის, თამბაქოს შეძენის უფლებაც კი არა აქვს და არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ გააჩნია, მათ ანიჭებენ იმის უფლებას, რომ ყოველგვარი თანხმობის გარეშე, მშობლის თანხმობის გარეშე და ზედმეტი ბარიერების, მათ შორის, დაკონკრეტებულია, ასაკობრივი ბარიერების გარეშე, მიიღონ სქესის შეცვლის სამედიცინო მომსახურება”.
ამავე მტკიცებას 13 ოქტომბერს ქართულენოვან ფეისბუქ ჯგუფებში (1; 2; 3; 4; 5) გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით.
12-15 ოქტომბერს მსგავსი ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმაც (1; 2; 3; 4) გაავრცელეს. პოსტებში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ახალი შემოთავაზებით, სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეეძლება და მთავრობები, რომლებიც ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გადაწყვეტენ, დაჯარიმდენიან. პოსტებს გამოცემა The Times-ის სტატიის სქრინშოტი ერთვის.



ევროკომისიის 2026-30 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ მანიპულაცია ვრცელდება. სტრატეგია გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებას ეხება და მასში არსად წერია, რომ მოზარდებს სამედიცინო პროცედურების მშობლის ან მედიკოსთა ნებართვის გარეშე ჩატარება შეეძლებათ.
ევროკომისიის 2026-30 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2025 წლის 1 აპრილს გამოიცა. ანგარიშის მიხედვით, მისი მიზანია ლგბტქ+ ადამიანების დაცვა დისკრიმინაციის, ძალადობისა და “მავნე პრაქტიკებისგან, მათ შორის, ე.წ. “კონვერსიული თერაპიისგან”. ასევე, ანგარიშის მიზნებს შორის დასახელებულია ლგბტქ+ პირების გაძლიერება, ოჯახების მხარდაჭერა, ინკლუზიურობისა და სოციალური მიმღებლობის გაუმჯობესება.
ფეისბუქზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანგარიში მოზარდების მიერ საკუთარი სქესის თავად არჩევას და სამედიცინო პროცედურების, მათ შორის, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთებას მშობლისა და მედიკოსების ნებართვის გარეშე ითვალისწინებს.
მსგავსი ჩანაწერი ანგარიშში არ გვხვდება. თვითგამორკვევის შესახებ ანგარიშის იმ ნაწილშია საუბარი, რომელიც გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებას ეხება. ამ ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი აღიარება თვითგამორკვევაზე უნდა დაფუძნდეს. ასაკობრივი შეზღუდვის არარსებობა სწორედ ამ ნაწილშია ნახსენები:
2026-30 წლების ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია: “გენდერული იდენტობის აღიარების მოთხოვნები მნიშვნელოვნად განსხვავდება წევრ სახელმწიფოებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ რიგმა სახელმწიფოებმა უკვე მიიღეს თვითგამორკვევის მოდელები, სხვები აწესებენ სამედიცინო პროცედურებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, შესაძლოა ადამიანის უფლებებს არღვევდეს. კომისია ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, რათა მხარი დაუჭიროს თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გენდერული იდენტობის აღიარების სამართლებრივი პროცედურების შემუშავებას, რომელიც ასაკობრივი შეზღუდვებისგან თავისუფალია”.
ამ აბზაცის სრული კონტექსტის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ საუბარია გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებაზე, ნეგატიურ კონტექსტშია განხილული სამედიცინო პროცედურებზე დაფუძნებით აღიარება და საუკეთესო პრაქტიკად არის მოყვანილი თვითგამორკვევაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.
გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება ევროკომისიის სხვა დოკუმენტებშიცაა განმარტებული. 2020 წელს გამოსული “გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება ევროკავშირში” განსაზღვრავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა, იოგიაკარტას (ინდონეზია) პრინციპების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ ისეთი პროცედურების არსებობა, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფოს მიერ გაცემული ყველა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც პირის გენდერზე/სქესზე მიუთითებს, მათ შორის, დაბადების მოწმობები, პასპორტები, საარჩევნო ჩანაწერები და სხვა დოკუმენტები, პირის თვითგანსაზღვრულ გენდერულ იდენტობას ასახავს. ასევე, დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ არავინ უნდა იყოს იძულებული ჩაიტაროს სამეციდინო პროცედურები, მათ შორის, სქესის შეცვლის ოპერაცია, სტერილიზაცია ან ჰორმონოთერაპია გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარების მიზნით.
გარდა ევროკომისიისა, სხვა წყაროებშიც თვითგამორკვევის საფუძველზე გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარება განმარტებულია, როგორც პირის იდენტობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დოკუმენტების შეცვლის პროცესი, რომელიც არ საჭიროებს მესამე მხარის ჩართვას. ეს გულისხმობს იმას, რომ პირს შეუძლია, შეცვალოს საკუთარი დოკუმენტები ისე, რომ გენდერული იდენტობის შესახებ ცვლილებების შეტანა არ საჭიროებდეს სამედიცინო ან ფსიქოლოგიურ ჩარევას.
ევროკომისიის ანგარიშში სამედიცინო პროცედურები და სქესის შეცვლის ოპერაცია რამდენიმეჯერაა ნახსენები. “მავნე პრაქტიკებთან ბრძოლის” ქვეთავში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ჯერ კიდევ არსებობს გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარებისთვის ქირურგიულ და სამედიცინო პროცედურების ჩატარების ვალდებულება, რაც ტრანსგენდერი, არაბინარული და ინტერსექსი ადამიანების სხეულის ავტონომიის შეზღუდვაა. ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს (FRA) გამოკითხვის მიხედვით, ლგბტქ+ პირების 24%-ს განუცდია “კონვერსიული თერაპია”, მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება. ხოლო მშობლის ნებართვა ანგარიშში ძირითადად იმ კონტექსტშია ნახსენები, რომ FRA-ის კვლევის მიხედვით, ინტერსექსი ადამიანების 57% ამბობს, რომ მათთვის ისეთი სამედიცინო ან ჰორმონალური პროცედურა ჩაუტარებიათ, რომელზეც არც მათ და არც მათ მშობლებს ინფორმირებული თანხმობა არ გაუციათ.
გავრცელებული პოსტების ნაწილში ასევე გაჟღერებულია მტკიცება, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც მსგავს კანონმდებლობას არ გაატარებენ, ევროკავშირისგან “სასჯელი” ემუქრებათ. ანგარიშში ამ მტკიცებასთან მიახლოებული მხოლოდ ერთი წინადადება გვხვდება, რომლის მიხედვითაც “საჭიროების შემთხვევაში, კომისია უყოყმანოდ მიიღებს შემდგომ ზომებს ამ უფლებების დასაცავად”, თუმცა, ეს წინადადება იმ ქვეთავშია მოცემული, რომელიც ევროკავშირის შიგნით, საზღვრის კვეთის შემთხვევაში ერთნაირსქესიან წყვილებს შორის არსებული ქორწინების ან სამოქალაქო კავშირის, ასევე მშობლის უფლების აღიარებას ეხება. ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანები ევროკავშირის 22 წევრ სახელმწიფოში ქორწინების ან/და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებით სარგებლობენ, თუმცა ქვეყნების კანონდებლობებში არსებული განსხვავებების გამო, შესაძლოა ოჯახური კავშირები საზღვრის კვეთის შემთხვევაში აღიარებული არ იყოს. ასევე, ლგბტქ+ მშობლებს საზღვრის კვეთის შემთხვევაში შესაძლოა მშობლის უფლების აღიარებაშიც შეექმნათ პრობლემები. თავისუფალი გადაადგილების დირექტივა, ისევე როგორც ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, იცავს ევროკავშირის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებას თავისუფლად გადაადგილდნენ და იცხოვრონ ევროკავშირის მასშტაბით, შესაბამისად, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ამ უფლების დასაცავად.
რუსულენოვან ფეისბუქ-პოსტებში, რომლებსაც გამოცემა The Times-ის სტატიის სქრინშოტი აქვთ დართული, სტატიიდან ისეთი ციტატებია ამოღებული, რომლებიც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ თვითგამორკვევა და მშობლის ნებართვა არასრულწლოვნის ნებით სამედიცინო და ქირურგიული პროცედურების ჩატარების კონტექსტშია ნახსენები. სრული სტატიიდან, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულია, ჩანს, რომ საუბარი გენდერული იდენტობის სამართლებრივ აღიარებაზეა.
“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის ევროკომისიასაც დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ევა ჰრნჩიროვას განმარტებით, გავრცელებული ცნობები მცდარია და ის სტრატეგიის არასწორ ინტერპრეტაციას და ევროპული საკანონმდებლო პროცესის შესახებ ცოდნის ნაკლებობას ეფუძნება. როგორც მან განგვიმარტა, სტრატეგია არაა კანონი, დირექტივა, ან რეგულაცია, ასე რომ მისი შეუსრულებლობისთვის ქვეყნების დასჯა შეუძლებელია. ჰრნჩიროვას მიხედვით, სტრატეგია იმის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რომ ევროპაში ყველა ადამიანს თანასწორად მოეპყრონ და არავინ განიცდიდეს დისკრიმინაციას. აღნიშნული სტრატეგია კომისართა კოლეგიამ დაამტკიცა და 2020 წლიდან მოქმედ სტრატეგიას ეფუძნება. სტრატეგია ხელს უწყობს თანასწორობას თანამშრომლობის გზით. წევრი სახელმწიფოები თავად წყვეტენ საკუთარ კანონებს და ევროკავშირი ეხმარება მათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში.
დამატებით, ევა ჰრნჩიროვა განმარტავს, რომ კომისია სრულად სცემს პატივს წევრი სახელმწიფოების კომპეტენციას, რაც მოიცავს ექსკლუზიურ კომპეტენციას გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი მტკიცება, რომ კომისია სახელმწიფოებს მსგავს ზომებს დააკისრებს, სიმართლეს არ შეესაბამება. წევრ ქვეყნებს შორის გენდერული იდენტობის სამართლებრივი აღიარების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სიახლე არაა და ის კომისიის სტრატეგიის ნაწილი 2020 წლიდანაა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















