მცდარია, თითქოს ევროკავშირი ნეგატიურად მხოლოდ ე.წ. აგენტების და ანტი-ლგბტ კანონებზე საუბრობს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

82
VIEWS

17 დეკემბერს სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის გადაცემა “პოსტ ანალიტიკაში” “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ნეგატიურად მხოლოდ ე.წ. აგენტებისა და ანტი ლგბტ კანონის შესახებ საუბრობს.  მისი თქმით, უკანასკნელ ანგარიშში საქართველოს პროგრესი დადებითადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ ქვეყანა “ხელშესახები პროგრესის გზით მიდის”. ქადაგიშვილმა ისიც განმარტა, რომ ევროპისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა მიუღებელია. მან ანტი ლგბტ კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სურვილია ლგბტ თემა, “ეს ახალი ფსევდორელიგია”, საყოველთაო გავრცელების საგანი გახდეს.  

Screenshot 2024 12 20 162932 მცდარია, თითქოს ევროკავშირი ნეგატიურად მხოლოდ ე.წ. აგენტების და ანტი-ლგბტ კანონებზე საუბრობს

სიმართლეს არ შეესაბამება ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცება, თითქოს ევროკავშირი გაფართოების ანგარიშით საქართველოს პროგრესს დადებითად აფასებს და უარყოფით მოსაზრებებს მხოლოდ ე.წ. აგენტებისა და ანტი ლგბტ კანონების შესახებ გამოთქვამს. სინამდვილეში, გაფართოების შესახებ ანგარიშზე ევროკავშირის საბჭოს 17 დეკემბრის დასკვნაში საქართველო არაერთი მიმართულებითაა გაკრიტიკებული. აღნიშნულია სასამართლო სისტემის გაუმართაობა და ყოვლისმომცველი რეფორმების ნაკლებობა, დემოკრატიული უკუსვლა, შეზღუდული ეკონომიკა და ზოგადად, ევროკავშირის მიერ დასახული 9 ნაბიჯის არასათანადო შესრულება. გაფართოების ანგარიშში, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მზაობა და პროგრესია შეფასებული, ვკითხულობთ, რომ რიგი მიმართულებით საქართველოს წინსვლა საერთოდ არ აქვს. 

17 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის დასაწყის პარაგრაფებში გაფართოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეა საუბარი. 

დასკვნაში საქართველოს შეფასება მიმდინარე მოვლენებით იწყება. მასში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის ივნის-ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე კურსი ძირს უთხრიდა ქვეყნის ევროპულ გზას. აღებულმა კურსმა კი საქართველო გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებამდე მიიყვანა. დასკვნის ტექსტში სინანულია გამოთქმული “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების თაობაზე, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს. 

დასკვნის მომდევნო თავებში ევროკავშირის საბჭო მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას გმობს. “საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ,” – წერია დასკვნაში. 

  • ევროკავშირის საბჭო საქართველოს პროგრესს პოზიტიურად არ აფასებს 

134-ე პარაგრაფში ევროკავშირის საბჭო საქართველოს დემოკრატიული, საყოველთაო და მდგრადი რეფორმების გატარებას მოუწოდებს. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ადამიანების უფლებების დაცვის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის საკითხებზე. 

გაფართოების შესახებ დასკვნის თანახმად, საქართველოში უკუსვლა შეიმჩნევა კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. პატივი უნდა სცენ თავისუფალ, დამოუკიდებელ და მრავალფეროვან მედიას ისევე, როგორც ლგბტქ+ ადამიანების უფლებებს. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოუწოდა, შეწყდეს ძალადობა, დაშინება და დისკრიმინაცია პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ. 

ევროკავშირის საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების არაჯეროვანი ფუნქციონირების გამო და ინსტიტუტების შეზღუდულ თავისუფლებაზე მიანიშნებს. ისევე როგორც ევროკავშირის არაერთ ანგარიშში, ევროკავშირის საბჭო ამჯერადაც ხაზს უსვამს, რომ მართლმსაჯულების რეფორმისას, სასურველია, გათვალისწინებული იყოს ევროპული სტანდარტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. 

გაფართოების შესახებ ანგარიშის დასკვნაში ეკონომიკური კრიტერიუმიცაა განხილული. მასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ დონეს, ხოლო პროგრესს მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში შეზღუდულად აფასებს. ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განვითარება. 

ბოლო პარაგრაფებში ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოუწოდებს, განაგრძოს ვიზა ლიბერალიზაციითა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 

  • რა წერია ევროკომისიის მიერ გამოცემულ გაფართოების ანგარიშში? 

2024 წლის 24 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ეტაპზე საქართველოს პროგრესია შეფასებული. აღნიშნულ ანგარიშზე “ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი და მიღწევებით უკრაინასა და მოლდოვას გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ განცხადება სეფაშვილმაც POSTV-ის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პოსტი” გააკეთა. 

პოლიტიკოსის მტკიცება “მითების დეტექტორმა” მალევე გადაამოწმა და ის დეზინფორმაციად შეაფასა. საქართველოს გარკვეული მიმართულებებით საანგარიშო პერიოდში პროგრესი საერთოდ არ აქვს. მის შესაფასებლად არცერთ ნაწილში არ არის გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა “მზადყოფნის კარგი დონე” ან “მოწინავე”. ასევე, პროგრესის გასაზომად არცერთ პუნქტში არ გვხვდება “კარგი პროგრესი” და “ძალიან კარგი პროგრესი”. მაგალითად, არანაირი პროგრესი არ ყოფილა ფინანსური კონტროლის, საქონლის თავისუფალი გადაადგილების, მუშაკთა თავისუფალი გადაადგილების, მომსახურების გაწევის თავისუფლების, ფინანსური და საბიუჯეტო დებულებების, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებით. 13 თავში ქვეყანას “შეზღუდული პროგრესი” ჰქონდა.

19 დეკემბერს ევროპული საბჭოს ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელეს. საჭომ “ქართული ოცნების” მიერ აღებულ კურსზე შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს გზა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლზეც ევროკავშირია დაფუძნებული. საბჭოს საბოლოო ტექსტში ასევე დაგმობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობა. საბოლოოდ, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist