15-21 აპრილს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა შოთა აფხაიძემ ბრიტანეთის პოლიციაში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების შესახებ პოსტები გამოაქვეყნა. აფხაიძის თანახმად, “სამართალდამცავ ორგანოებში, თეთრ ბრიტანელებს აღარ იღებენ” და ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებსა და სპეცრაზმში ყველაზე მეტი აზიელია დასაქმებული, სადაც რიცხობრივად მეორე ადგილზე შავკანიანები არიან, ხოლო ამავე უწყებებში ყველა მცირე რაოდენობით თეთრკანიანი ადამიანები არიან დასაქმებული.
მცდარია შოთა აფხაიძის მიერ ბრიტანეთის პოლიციაში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია: 1) სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ბრიტანეთის პოლიციაში “თეთრკანიან ბრიტანელებს” აღარ იღებენ. ინფორმაცია გამოცემა “ტელეგრაფზე” დაყრდნობით ვრცელდება და მედიის თანახმად თეთრკანიანების დისკრიმინაცია იორკშირის პოლიციის დეპარტამენტში ხდება. აღნიშნულს უარყოფს როგორც იორკშირის მერი, ასევე პოლიციის დეპარტამენტიც; 2) დეზინფორმაციაა, რომ ბრიტანეთის პოლიციაში დასაქმებულების უმეტესობა აზიელია. ბრიტანეთის მთავრობის მონაცემით, დასაქმებულთა მხოლოდ 4%-მდე აზიელია, დაახლოებით 8%-მდე მიიჩნევს თავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლად და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი თეთრკანიანია.
-
იორკშირის პოლიციაში თეთრკანიანი ადამიანები სამსახურში ისევ აჰყავთ
შოთა აფხაიძის პოსტს თან ერთვის ბრიტანული ტელევიზია GB News-ის გადაცემის ფრაგმენტი, რომელშიც ჟურნალისტი იორკშირის პოლიციაში თეთრკანიანი ადამიანების მიმართ რასისტულ ქმედებასა და პოზიტიურ დისკრიმინაციაზე საუბრობს. წამყვანის თქმით, იორკშირის პოლიციაში თეთრკანიანებს აღარ იღებენ. თავდაპირველად მსგავსი ცნობა გამოცემა “ტელეგრაფმა” გაავრცელა და დაწერა, რომ დასავლეთ იორკშირის პოლიციის დეპარტამენტმა, მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, თეთრკანიანი ადამიანების განაცხადების მიღება დროებით დაბლოკა. გამოცემა სტატიას ინფორმატორის მონაყოლის საფუძველზე აქვეყნებს. როგორც მედია წერს, პრივილეგირებული იყვნენ შავკანიანი და წარმოშობით აღმოსავლეთ აზიელი კანდიდატები, რადგან ისინი სტრუქტურაში “არასაკმარისად იყვნენ” წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში შრომით ბაზარზე პოზიტიური დისკრიმინაცია უკანონოა, თუმცა არსებობს არაერთი საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უმცირესობების ხელშეწყობა ხდება.
“ტელეგრაფის” სტატიას იორკშირის პოლიციამ უპასუხა. განცხადების მიხედვით, მათ ბრიტანელებისთვის კონკურსში მონაწილეობა არ შეუზღუდავთ. სარეგისტრაციო ფანჯარა ნაკლებად წარმოდგენილი უმცირესობებისთვის უფრო ადრე გახსნეს და გამოიყენეს პოზიტიური ქმედება, რისი უფლებაც “თანასწორობის შესახებ კანონით” ეძლევათ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იორკშირის მოსახლეობის 23% თავს ეთნიკურ უმცირესობას მიაკუთვნებს, პოლიციაში კი ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 9%-ია. ბრიტანელებს ასევე შეუძლიათ პროგრამაზე განაცხადის გაგზავნა მას შემდეგ, რაც ძირითადი სარეგისტრაციო ფანჯარა გაიხსნება. იორკშირის პოლიციის განცხადებაში განმარტებულია, რომ ასე ხელს შეუწყობენ ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები მიიზიდონ, თუმცა შემდეგ ეტაპზე მათ მიმართ რაიმე მიკერძოებას გამორიცხავენ. განცხადებაში წერია:
“პოზიტიური ქმედება საშუალებას აძლევს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს, რომლებიც სისტემაში გაწევრიანების ინტერესს გამოთქვამენ, შეავსონ აპლიკაცია, რომელიც დასაქმების ფანჯრის გახსნამდე ფაილში ინახება. გასაუბრებები არ ტარდება მანამდე, სანამ სარეგისტრაციო ფანჯარა ოფიციალურად ღიაა ყველა კანდიდატისთვის. ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებისათვის განაცხადის ადრე გაგზავნა მიღების პროცესში მათ უპირატესობას არ აძლევს, ეს უბრალოდ გვაძლევს მეტ შესაძლებლობას მოვიზიდოთ ნიჭიერი ადამიანები განმცხადებლების ამ ჯგუფებიდან.”
იორკშირის პოლიციაში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი უარყო ქალაქის მერმაც. მან BBC-ის უთხრა, რომ თეთრკანიანი აპლიკანტების წინააღმდეგ დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისათვის რეგისტრაციის ფანჯრის უფრო ადრე გახსნით პოლიცია ცდილობს, გააფართოოს დასაქმების მსურველთა ბადე, საბოლოოდ კი სამსახურს საუკეთესო კანდიდატი მიიღებს.
იორკშირის პოლიციაში თეთრკანიანი აპლიკანტების არმიღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “როიტერსმაც” გადაამოწმა.
-
ბრიტანეთის პოლიციაში უმრავლესობას აზიელები არ წარმოადგენენ
მცდარია ინფორმაცია, რომ ბრიტენეთის პოლიციაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი აზიელია დასაქმებული. შოთა აფხაიძეს ინფორმაციის წყაროდ მოჰყავს სქრინშოტი, რომელზეც წერია, რომ ინგლისისა და უელსის პოლიციის ოფიცრები და თანამშრომლები ეთნიკურ კუთვნილებას ხუთი გაერთიანებული ჯგუფის მიხედვით აცხადებენ. ეს ჯგუფებია: აზიელები, შავკანიანები, შერეული ეთნოსი, თეთრკანიანები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალი რაოდენობის კლების მიხედვით არ არის დალაგებული და აზიელები პირველ ადგილზე პირობითად წერია.
შოთა აფხაიძე ინფორმაციის წყაროდ იყენებს ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიციის პერსონალის შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტს. დოკუმენტში ინფორმაცია 2022 წლის კვლევებიდანაა შეჯამებული და დახარისხებულია პოლიციაში დასაქმებული ადამიანების ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. კვლევის თანახმად, ბრიტანეთში პოლიციის ოფიცრების 91.9% თეთრკანიანია (კვლევაში თეთრკანიან ჯგუფს შორის ეთნიკური კუთვნილება არ განსხვავდება), 3.7% აზიელია, 1.3% შავკანიანია, 2.5% შერეულ ეთნოსს მიეკუთვნება, 0.7% კი ჩამოთვლილთაგან არც ერთ კატეგორიაში არ ხვდება. ბრიტანეთში სულ 136 274 პოლიციის ოფიცერია, მათგან 125 221 თეთრკანიანია.

ამავე, თუმცა უფრო ფართო კვლევაში, ისიც წერია, რომ პოლიციაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების მაჩვენებლით თეთრკანიანი ადამიანები, ყველაზე მცირე, 87%-ს შეადგენენ (Diversity. Figure 5.6).

შედარებით ახალი კვლევა, რომელიც წარმოაჩენს პოლიციის პერსონალის განაწილებას 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეთნიკური ნიშნით დასაქმებულთა რაოდენობას შორის მცირე ცვლილებას ასახავს. ყველა ჩამოთვლილ პოზიციაზე ეთნიკური უმცირესობის ჯგუფიდან დასაქმებულთა რაოდენობა რამდენი პროცენტით გაზრდილია, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩება თეთრკანიანების რაოდენობას.

წყაროს შესახებ:
სოციალურ ქსელში შოთა აფხაიძის მიერ გამოქვეყნებული მცდარი ცნობები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. ბოლო წლებში აფხაიძემ საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ დეზინფორმაციული ცნობები რუსულ მედიაშიც გაავრცელა. ასევე, კრემლის პროპაგანდისტული მედია მას ხშირად ციტირებს.
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.