18 თებერვალს გადაცემაში (1,2) “სოლიდარობის დრო დავით ახვლედიანთან ერთად” პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი არღვლიანმა განაცხადა, რომ რუსული ელექტროსისტემიდან გათიშვის შემდეგ, ესტონეთში ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა ელექტროენერგიის ფასების ზრდის გამო დაიხურა.
ამავე გადაცემაში არღვლიანმა ასევე თქვა, რომ გასულ წელს, აღდგომის პერიოდში, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა შესთავაზა, რაზეც, მისი თქმით, უკრაინამ ირონიული პასუხი გასცა.
რუსული ელექტროსისტემიდან გათიშვის შემდეგ ესტონეთში ქარხნის დახურვისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის შესახებ მტკიცება მანიპულაციურია. რეალურად, ელექტროენერგიის ფასების ზრდა სხვა ტექნიკურმა და საბაზრო ფაქტორებმა განაპირობა, მათ შორის EstLink-2 კაბელის დაზიანებამ, გაზრდილმა მოთხოვნამ და გაზის ფასების მატებამ.
პუტინის მიერ 2024 წლის აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთავაზება ღია წყაროებით არ დასტურდება, უფრო მეტიც, აღდგომის პერიოდში რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმები განახორციელა. 2022 წელს კი გაეროს მიერ შეთავაზებულ აღდგომის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთმა უარი განაცხადა.
-
ელექტროენერგია ესტონეთში
2025 წლის 9 თებერვალს ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი გამოეთიშა BRELL-ის ქსელს, რომელიც აერთიანებდა ბელარუსს, რუსეთს, ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას. ისინი ევროპული ENTSO-E ქსელის ნაწილი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გათიშვის შემდეგ ესტონეთში ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამის მთავარი მიზეზი არა რუსეთის ენერგეტიკული სისტემიდან გათიშვა, არამედ სხვა ტექნიკური და საბაზრო ფაქტორებია.
როგორც ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TalTech) ენერგეტიკის მეცნიერების სპეციალისტი, დოქტორი იგორ კრუპენსკი გამოცემა Insider-თან განმარტავს, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთიდან ელექტროენერგიას უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ყიდულობდნენ, ხოლო რუსულ ქსელთან დაკავშირება მხოლოდ ტექნიკური სიხშირის რეგულირების ფუნქციას ასრულებდა. შესაბამისად, გათიშვა ავტომატურად გავლენას ვერ მოახდენდა ელექტროენერგიის ფასებზე.
რეალურად, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა სხვა ფაქტორებმა გამოიწვია. 2024 წლის დეკემბერში ფინეთსა და ესტონეთს შორის არსებული EstLink-2 წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი დაზიანდა. მისი სიმძლავრე 650 მგვტ-ია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ესტონეთისთვის, რადგან ფინეთი ძირითადად ბირთვულ ენერგიაზე დაფუძნებულ იაფ ელექტროენერგიას აწვდის. კაბელის მწყობრიდან გამოსვლა ნიშნავს, რომ ესტონეთმა დაკარგა მნიშვნელოვანი რაოდენობის იაფი ელექტროენერგია და იძულებულია ძვირადღირებული ალტერნატივები გამოიყენოს. გარდა ამისა, სეზონური ფაქტორიც დიდი როლს თამაშობს – ზამთარში ელექტროენერგიის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც თავის მხრივ ფასებზე აისახება.
ესტონეთი, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, გარკვეულწილად ეყრდნობა ბუნებრივ აირს, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის დროს ელექტროსადგურების მოსამარაგებლად. შესაბამისად, გაზის გაძვირებამ ავტომატურად გამოიწვია ელექტროენერგიის ფასის ზრდაც.
ამასთან, ენერგეტიკის ექსპერტები მიუთითებენ, რომ ფასების ზრდა დროებითია. კაბელის აღდგენის შემდეგ, იაფი ფინური ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა აღდგება, გაზაფხულზე კი განახლებადი ენერგიის გამომუშავების ზრდა ბუნებრივად შეამცირებს ფასებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთის მრავალი მომხმარებელი და ბიზნესსექტორი ფიქსირებულ ფასიან კონტრაქტებს იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელი ვერ გრძნობს ბაზარზე არსებული ზრდის ზეწოლას.
-
Estonian Cell 2021 წელსაც დაიხურა მაღალი ტარიფების გამო
გიორგი არღვლიანი გადაცემაში ესტონური ქარხნის სახელს არ ასახელებს, თუმცა რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას Estonian Cell-ის მიერ მუშაობის შეწყვეტის შესახებ. Estonian Cell არის მერქნის გადამამუშავებელი ქარხანა ესტონეთის ქალაქ კუნდაში. ის აწარმოებს ქაღალდისა და მუყაოს წარმოებისთვის საჭირო მერქნის მასას, რომელიც შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიულ პროცესებში. ეს საწარმო დიდი რაოდენობით მოიხმარს ენერგიას, თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ქარხანას მუშაობის შეჩერება მოუწია. Estonian Cell იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა წარმოება არა მხოლოდ 2025 წელს, არამედ 2021 წლის დეკემბერშიც, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ესტონეთი კვლავ დაკავშირებული იყო რუსეთის ენერგოსისტემასთან. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 2021 წელს განმარტავდა, ქარხნის დროებით გაჩერების მიზეზი იყო ელექტროენერგიისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა. კომპანია ნაწილობრივ ფიქსირებულ ტარიფებზე დაფუძნებულ კონტრაქტებს იყენებდა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად არ იყო დამოკიდებული ბაზარზე არსებული ფასების ცვალებადობაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2021 წლის ნოემბერში გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებზე დამატებით 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ. რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის ენერგიის საერთო ხარჯი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა.
-
შესთავაზა თუა არა პუტინმა უკრაინას აღდგომის დღესასწაულზე ტყვეების გაცვლა?
გიორგი არღვლიანი გადაცემაში აღნიშნავს, რომ შარშან აღდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას შესთავაზა ერთი დღით გაეჩერებინათ ცეცხლი და ტყვეები გაეცვალათ, რაზედაც უკრაინისგან ირონიული პასუხი მიიღო.
გიორგი არღვლიანი: “თუ არ ვცდები, შარშან აღდგომას იყო, როცა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა უკრაინას, ერთი დღით, აღდგომა დღეს გაეჩერებინა ცეცხლი და ეს ტყვეების გაცვლა ყოფილიყო და როგორი ირონიით უპასუხეს, რუსეთს უნდა ამოისუნთქოსო. არანაირი ღვთისნიერი მარცვალი იქეთა მხარეს არ დევს.”
2024 წელს, მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტყვეების გაცვლის მიზნითა ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის არ შეუთავაზებია. უფრო მეტიც, აღნიშნული პერიოდი გამოირჩეოდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების გააქტიურებით უკრაინის ტერიტორიაზე.
მართლმადიდებლური აღდგომის კვირას, 2024 წლის 5 მაისს, რუსეთმა განახორციელა საჰაერო დარტყმები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე, რამაც სამოქალაქო მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. დონეცკისა და ხარკივის რეგიონებში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 17 დაშავდა. ხარკივის რეგიონში, დრონების თავდასხმის შედეგად, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დნიპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა გამოიწვია ხანძარი რამდენიმე შენობაში, თუმცა მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ეს თავდასხმები ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ორივე ქვეყანა აღნიშნავდა მართლმადიდებლურ აღდგომას. აღსანიშნავია, რომ ცეცხლი რუსეთს არც ომის სხვა წლებში შეუჩერებია აღდგომის დღესასწაულზე, მაგალითად, 2023 წლის აღდგომის კვირაში რუსეთმა ზაპორიჟიას ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, აღდგომის ღამეს კი ამავე ოლქში 1906 წელს აგებული მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი დაბომბვის შედეგად განადგურდა. ასევე ნიკოლაევის ოლქში სარაკეტო ცეცხლს ორი მოზარდი შეეწირა.
2022 წლის აპრილში, აღდგომის პერიოდში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოითხოვა ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და სამოქალაქო პირების ევაკუაცია იმ რაიონებიდან, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა ომისგან. რუსეთმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა, რომ ეს დრო უკრაინელებს გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა.
-
ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები რუსეთსა და უკრაინას შორის 2024 წელს
2024 წლის განმავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად არაერთი მცდელობა იყო, თუმცა წარმატებულად არც ერთი მათგანი არ დამთავრებულა.
2024 წლის 14 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისთვის შემდეგი პირობები წარმოადგინა: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეტოვებინა დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიას ოლქები, უკრაინას უნდა შეეწყვიტა ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა და ოფიციალურად გამოცხადებულიყო ნეიტრალურ ქვეყნად და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაეუქმებინა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ წინადადებებს ულტიმატუმი უწოდა და მათ დათანხმებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
2024 წლის მაისში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის იმ პირობით, რომ უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები დათანხმდებოდნენ საომარი ფრონტის იმჟამინდელი ხაზების აღიარებას. ეს წინადადება ასევე ითვალისწინებდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიას – რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას.
უკრაინის ხელისუფლებამ ეს წინადადებები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რეალური მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებდა.
2024 წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა წამოაყენა წინადადება საშობაო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისა და მასშტაბური ტყვეების გაცვლის შესახებ. კრემლმა ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ. ზელენსკის ადმინისტრაციამ კი მანამდე გამოთქვა შიში, რომ რუსეთი დროებით ცეცხლის შეწყვეტას სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენებდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.