1 ივლისს ფეისბუქზე გავრცელდა პოსტები (1, 2, 3.), სადაც ატვირთულია ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის, ნიკო უილიამსის მიერ საქართველოს ნაკრებთან გატანილი გოლის აღნიშვნის კადრი. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ იგი ამ ჟესტით ქართველ ფეხბურთელ გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძეს დასცინის ან ბაძავს. პოსტების კომენტარებში ხალხის დიდი ნაწილი ამ მიზეზის გამო უილიამსის მიმართ ბრაზს გამოხატავს და შეაურაცხყოფას აყენებს.
გავრცელებული ფოტო შეცდომაში შემყვანია და არ ადასტურებს მტკიცებას, თითქოს ნიკო უილიამსი ფოტოზე ნაჩვენები ჟესტით მიქაუტაძეს დასცინის ან ბაძავს. გოლის აღნიშვნის ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და ის თავად უილიამსსაც გამოუყენებია წარსულში.
30 ივნისს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებმა ითამაშეს. მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ესპანელთაგან მესამე გოლი ნიკო უილიამსმა გაიტანა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ფოტოზე ნაჩვენები ჟესტი გამოიყენა. აღსანიშნია, რომ ეს ფოტო უეფას ევრო 2024-ის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეც გამოქვეყნდა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ჟესტი დაკავშირებულია ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან, რომელიც თითქმის ყველა გატანილ გოლს ამ სტილში აღნიშნავს, რაც გახდა კიდეც ფეისბუქზე გავრცელებული სპეკულაციის მიზეზი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უილიამსს აღნიშვნის ეს ფორმა წარსულშიც გამოუყენებია და მისთვის რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ გოლის გატანისას მსგავსი ჟესტის გამოყენება არც მიქაუტაძეს და არც ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს არ მოუგონია. მას “სათვალის აღნიშვნის” (Goggles celebration) სახელით იცნობენ და წლების მანძილზე არაერთ სპორტსმენს გამოუყენებია, მათ შორის კალათბურთელებს.


2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია და მანიპულაცია გავრცელდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე. დეტალურად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.