14 ოქტომბერს ანტი ოპოზიციურმა ფეისბუქ გვერმა “ქვეყნის მტრები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მსვლელობას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ მსვლელობას კოალიციის წევრები სოფო ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე და სხვები მიუძღვებიან. მათ უჭირავთ ბანერი წარწერით: “თბილისი ირჩევს ერთიანობას.” პოლიტიკოსების მსვლელობის ვიდეოს პარალელურად ისმის ხმა: “ტანჯულა, რომელ ხელზე დაგა**ი, რომელზე?”, ხოლო პოსტის ავტორი ვიდეოს ურთავს წარწერას: “თავზე ჯობია.” პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ მომხმარებლების ნაწილი ვიდეოს რეალურად აღიქვამს და ფიქრობს, რომ კოალიციის მსვლელობისას მსგავსი შინაარსის რეპლიკა ისმოდა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მსვლელობის ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. რეალურ ვიდეოში უცენზურო რეპლიკა არ ისმის და მსვლელობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. აღნიშნული ვიდეო კოალიციის ერთ-ერთი წევრის, სოფო ჯაფარიძის ფეისბუქ-ლაივიდანაა მოჭრილი.
14 ოქტომბერს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თბილისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მსვლელობა მოაწყვეს. თავდაპირველად, ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და ამომრჩეველს თავისი საარჩევნო პროგრამა და დაპირება გააცნეს. მსვლელობა მედიამაც გააშუქეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სოფო ჯაფარიძის ფეისბუქ ლაივის ფრაგმენტია. სწორედ მისი ლაივიდან მოჭრილი ვიდეოა დამონტაჟებული. 14 ოქტომბერს ჯაფარიძის ფეისბუქის პირად ანგარიშზე მსვლელობის ამსახველი პირდაპირი ეთერი ჩაირთო, რომელშიც თავადაც ჩანდა. პოლიტიკოსის ლაივში ჩანს, რომ მსვლელობაში კოალიციის სიის მე-8 ნომერი, ირაკლი ხვადაგიანი და პარტიის საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანიც მონაწილეობდნენ.
ეჭვს, რომ ვიდეო სწორედ ჯაფარიძის ფეისბუქ ლაივიდანაა მოჭრილი, რამდენიმე დეტალი ადასტურებს და მათ შორისაა ვიდეოების გადაღების იდენტური რაკურსი და შენობები, რომლებიც მსვლელობის მონაწილეების უკან ჩანს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოსგან განსხვავებით, სოფო ჯაფარიძის ლაივში არ ისმის უცენზურო რეპლიკა. სინამვილეში, ფრაზა ერთ-ერთი ქართული იუმორისტული სერიალიდანაა გამოყენებული. იუთუბ სერიალის “ჩვენც გევიმართებით” პირველი სეზონის პირველ სერიაში ერთ-ერთი პერსონაჟი მეორეს ეუბნება: [დრო: 8:20] “ტანჯულა, რომელ ხელზე დაგა**ი, რომელზე?”. სერიალის აღნიშნული ეპიზოდის ხმაა გადადებული “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მსვლელობის ვიდეოზე და სინამდვილეში, მსვლელობის მონაწილეთათვის მსგავსი რამ არ უთქვამთ.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. წინასაარჩევნო პროცესისა და პარტიების კამპანიის პარალელურად, სოციალურ ქსელში მათ შესახებ დეზინფორმაცია თუ მანიპულაციური ვიზუალური მასალები ვრცელდება. მსგავსი შინაარსის პოსტებს “მითების დეტექტორი” აკვირდება და სისტემატურად იკვლევს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.