11-15 დეკემბერს ქართულ (1;2;3) და რუსულენოვანმა (1;2;3;4;5) ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის ოფისის ჩხრეკისას აღმოაჩინა მისი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის უცხოური, მათ შორის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, ბაჰამის კუნძულებისა და სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციის ყალბი პასპორტები. მათი ინფორმაციით, NABU-მ ჩხრეკის შედეგად ამოიღო 14 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნაღდი ფული და აღმოაჩინა ოფშორულ ანგარიშებზე დაახლოებით 2,6 მილიარდი აშშ დოლარის გადარიცხვების ამსახველი მტკიცებულება. ფეისბუქ-ანგარიშების ნაწილი ინფორმაციის წყაროდ Open Ukraine-ს ასახელებს.
ცნობები ერმაკის ოფისში ყალბი დოკუმენტებისა და დიდი რაოდენობით თანხის აღმოჩენაზე რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა Ukraina.ru-მ და Rf-smi.ru-მაც გაავრცელეს.



ცნობები, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ანდრიი ერმაკის ოფისში ყალბი პასპორტები, ნაღდი ფული და საბანკო გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოაჩინა, დეზინფორმაციულია. გავრცელებულ ვიდეოში მოცემული პასპორტების ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული და მათ შესაქმნელად საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოებია გამოყენებული. მსგავსი დოკუმენტაციის აღმოჩენა NABU-მაც უარყო.
რა ვიცით ინფორმაციის სავარაუდო პირველწყაროს შესახებ
ზოგიერთ ფეისბუქ-პოსტში ინფორმაციის წყაროდ უკრაინული მედიასაშუალებებია დასახელებული, რამდენიმე პოსტში კი გვხვდება მტკიცება, რომ ცნობები Open Ukraine-მა გაავრცელა. Open Ukraine Telegram არხია, რომელიც ძირითადად ანტი-უკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაცია ერმაკის ოფისის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთმტკიცებებზე არხზე 11 დეკემბერს გამოქვეყნდა და 12 დეკემბერს ჩასწორდა.

ეს Telegram არხი რუსეთშია რეგისტრირებული, რაც რუსეთის სახელმწიფო მომსახურების მონაცემთა ბაზის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციითაც დასტურდება.

ინფორმაციას NABU უარყოფს
NABU-ს ოფიციალური ვებ-საიტისა და სოციალური ქსელების (1;2;3) გადამოწმების შედეგად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერმაკის ოფისიდან პასპორტები, ნაღდი ფული და გადარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტები ამოიღეს, არ დასტურდება.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით NABU-ს პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ 11 დეკემბრიდან ვირუსულად გავრცელებული ცნობები ყალბია.
ვიდეოში ასევე ვხვდებით სპეციალული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) ლოგოს, რომელიც NABU-ს ზედამხედველობას უწევს ნდობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის ასამაღლებლად. SAPO სრულიად დამოუკიდებელი ორგანოა. ამ ეტაპზე ორგანოს დამოუკიდებელი ოფიციალური საიტი არ აქვს. ცნობები ერმაკის ოფისში აღმოჩენილი პასპორტებისა და თანხის შესახებ არც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს არ გაუვრცელებია.
რა ვიცით ვიდეოში გამოყენებული ოფიციალური დოკუმენტების ფოტოების შესახებ
ფეისბუქსა და მედიაში გავრცელებული ვიდეო და მასში მოყვანილი ფოტოები უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა provereno.media-მ გადაამოწმა. პორტალის მიხედვით, გაყალბებულ დოკუმენტებში გამოყენებული ფოტოები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და პასპორტების ვიზუალებში უზუსტობები შეიმჩნევა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პასპორტების ფოტოები დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით შეიქმნა.
მაგალითად, ვოლოდიმირ ზელენსკის “ბრიტანული პასპორტისთვის” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან აღებული ფოტოა გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის გაცემის თარიღად 2020 წელია მითითებული, მაგრამ 2020 წლისთვის ბრიტანეთში გაცემული პასპორტების დიზაინი განსხვავებული იყო.


ანალოგიურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდანაა აღებული ფოტო, რომელიც “ისრაელის პასპორტშია” გამოყენებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი მის გვარს ინგლისურად ორი “y” ასოთი წერს. მას თავის სოციალურ ქსელებშიც თავისი გვარი, როგორც “Zelenskyy” უწერია (1; 2).
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით გაყალბებული დოკუმენტები, ასევე, ფოტო და ვიდეოფაბრიკაცია ხშირად ვრცელდება. გარდა ამისა, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა NABU-ს სახელით გავრცელებული გაყალბებული ვიდეო, თითქოს ტიმურ მინდიჩის სახლში ლუვრიდან მოპარული სამკაულები აღმოაჩინეს. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















