8 მაისს პროსახელისუფლებო მედია POSTV-მ, ასევე ფეისბუქ-მომხმარებლებმა Nodo Demurishvili და Davit Jebashvili გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ამბობს: “მე ერეკლეს წინ ვდგავარ ახლა და კიდევ ერთხელ მინდა განვმეორდე, რომ პირველად ღალატი საქართველოს ზუსტად ერეკლეს ღალატით აგემა რუსეთმა”. კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ ის საუბრობს ღალატზე, რომელიც მეფე ერეკლე II-მ ჩაიდინა.
აქციის მონაწილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, აქციის მონაწილე არა მეფე ერეკლე II-ს, არამედ რუსეთის მიერ ჩადენილ ღალატზე საუბრობს.
ქალი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, 7 მაისს კახეთში, თელავში ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეა. კომენტარი, რომელშიც ის მეფე ერეკლეზე, რუსეთსა და ღალატზე საუბრობს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა.
“სანამ პროფესიაზე დავვიწროვდებით, ჩვენი სიტყვა, მოქალაქეობრივი ვალი არ უნდა დაგვავიწყდეს და დღეს მე ვდგავარ აქ, როგორც მოქალაქე, როგორც მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთ მომავალს შეჰყურებენ იმედით. იმედით, რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი. მე ერეკლეს წინ ვდგავარ ახლა და კიდევ ერთხელ მინდა, განვმეორდე, რომ პირველად ღალატი საქართველოს ზუსტად ერეკლეს ღალატით აგემა რუსეთმა. შესაბამისად, ჩვენი ქალაქი კიდევ ერთხელ იტყვის სიტყვას, რომ ამ ქალაქში ჩვენ რუსები არ გვიხარია, რუსები არ გვიხარია და არა რუსულ კანონს”. – თქვა მან ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. (4:50)
აქციის მონაწილის სრული კომენტარის მოსმენით ნათელი ხდება, რომ რეალურად, ვიდეოში ის არა მეფე ერეკლე II-ს, არამედ რუსეთის ჩადენილ ღალატზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პირველად რუსეთმა საქართველოს ერეკლე II-ს მეფობის დროს უღალატა.
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიში“Davit Jebashvili” ანტიუკრაინულ და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს და ფოტო/ვიდეო ფაბრიკაციებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
მცდარი ინფორმაცია წარსულში ასევე გაუვრცელებია ფეისბუქ-მომხმარებელ Nodo Demurishvili-ს. მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი მტკიცებები მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.