ექიმ კოტე ჩახუნაშვილის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

კოტე ჩახუნაშვილი
800
VIEWS

4 დეკემბერს ტელეკომპანიებმა იმედმა და რუსთავი 2-მა, ასევე საინფორმაციო სააგენტოებმა (ნიუსჰაბი; პრაიმ ტაიმი) და ფეისბუქ-გვერდმა აი პოლიტიკა გამოაქვეყნეს ექიმი კოტე ჩახუნაშვილის ციტატა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემული ინტერვიუდან. ციტატაში ვკითხულობთ: “მიკერძოებული ვარ. ეს “კვლევა” რომ გავაკეთე, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილი არის”. 

კოტე ჩახუნაშვილი
კოტე ჩახუნაშვილი
კოტე ჩახუნაშვილი


კოტე ჩახუნაშვილის ციტატა ინტერვიუდან კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან კვლევის მიკერძოებულობა აღიარა. რეალურად, სრული ციტატიდან ჩანს, რომ ჩახუნაშვილი საკუთარ თავს მიკერძოებულს უწოდებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ კვლევაში მხოლოდ ის მონაცემები შევიდა, რაც რეალურად აღმოაჩინეს, რადგან ის სამეცნიერო მტკიცებულებას პატივს სცემს.

ექიმი კოტე ჩახუნაშვილის ინტერვიუ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ნასტასია არაბულთან 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. ინტერვიუში ჩახუნაშვილმა მის კვლევაზე, BBC-ის გამოძიებასა და ხელისუფლების პოზიციასა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა. 

ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ჩახუნაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სახელი და გვარი იმიტომ ახსენეს, რომ წარმოეჩინათ, თითქოს BBC-ის გამოძიება მხოლოდ მის კვლევას ეფუძნება და ამასთან, ეჩვენებინათ, რომ “BBC მიკერძოებულია, რადგან ჩახუნაშვილი მიკერძოებულია”. 

ამის საპასუხოდ, ჟურნალისტმა ჩახუნაშვილს ჰკითხა არის თუ არა ის მიკერძოებული, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა, რომ თავად ის მიკერძოებულია და ის ფაქტიც, რომ ამ კვლევის გაკეთება გადაწყვიტა, შესაძლოა მიკერძოების ნაწილი იყოს, მაგრამ კვლევაში მხოლოდ ის მონაცემებია შესული, რაც მან რეალურად აღმოაჩინა, რადგან ის პატივს სცემს სამეცნიერო მტკიცებულებას.

კოტე ჩახუნაშვილი (10:51-დან): “მიკერძოებული ვარ, მაგრამ მაგალითად, მიკერძოებული რომ ვყოფილიყავი, დავწერდი ბევრ ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ და უბრალოდ მე პატივს ვცემ სამეცნიერო მტკიცებულებას და შესაბამისად ჩემს თავს არ დავაყენებ იმ მდგომარეობაში, რომ რაღაც “ფეიქები” დამეწერა, ხო? იმიტომ, რომ მერე ამას მოყვება, მაგალითად, მერე იქ “დისქლოჟერში” გვიწერია, ესეთი რაღაცა, რომ მეცნიერი ვიღაცა თუ იტყვის რომ მომაწოდეთ თქვენი “დათა”, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენი “დათა” და შესაბამისად იმანაც თუ იგივე სტატისტიკური დასკვნები ვერ გამოიტანა, მერე პრობლემა არის ხო ჩვენთვის და შეგვეძლო ძაან ბევრი რამე ჩაგვეწერა, მაგრამ, რაც ვიპოვეთ რეალური, ის ჩავწერეთ. კაპილაროსკოპიაზე მაგალითად, ვიპოვეთ, რომ 4 შემთხვევა იყო 69 პაციენტიდან, საკონტროლოში ვერ ვიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ იქ 0% იყო და აქ გამოდიოდა მემგონი 7%-მდე, სტატისტიკური ანალიზი როდესაც გავაკეთეთ, დაგვიწერა, რომ “weak p value” არის ესეთი, მაღალი, რომელიც იყო მაღალი 0.05-ზე და შესაბამისად, ეს ჩვენთვის იმას ნიშნავდა, რომ არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა და ვერ დავწერდით, რომ ამის გამო შეიძლება იყოს ეს გამოწვეული, შესაბამისად, მიკერძოებული, რა თქმა უნდა ვარ, იმიტო… ეს კვლევაც რომ გავაკეთე ზოგადად, ეგეც ალბათ მიკერძოების ნაწილი არის, მაგრამ… ხო.”

შესაბამისად, გავრცელებულ ციტატაში ჩახუნაშვილის სრული პასუხის ის ნაწილი, რომელშიც ის კვლევის მიუკერძოებლობაზე საუბრობს, გამოტოვებულია. დარჩენილი ციტატა კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩახუნაშვილი როგორც საკუთარ, ასევე კვლევის მიკერძოებულობასაც აღიარებს. 

კოტე ჩახუნაშვილისა და სხვა ქართველი ექიმების კვლევა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც BBC-მა ის  საკუთარ გამოძიებაში ერთ-ერთ წყაროდ გამოიყენა. 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ გამოძიებაში ქიმიური იარაღის ექსპერტებისგან, ქართული სპეცრაზმის ინფორმატორებისგან და ექიმებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2024 წელს საპროტესტო გამოსვლების დარბევისას ხელისუფლებამ ბრომობენზილ ციანიდი, ასევე ცნობილი, როგორც “კამიტი”, გამოიყენა, რომელიც ცირკულაციიდან 1930-იანი წლებიდან ამოიღეს ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ეფექტის გამო. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას მოიცავს და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს როგორც კოტე ჩახუნაშვილი, ასევე კვლევის თანაავტორი რამდენიმე ექიმი და BBC-ის სხვა რესპონდენტები

არქივის ბმულები: 1; 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist