რა ნაწილობრივ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება ემიგრანტების მიერ ხმის მიცემაზე და რა წესი მოქმედებს დასავლურ ქვეყნებში? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ემიგრანტები
37
VIEWS

18 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ირმა ხახუტაიშვილმა საკუთარ ორ ანგარიშზე გამოაქვეყნა იდენტური პოსტი, რომელშიც ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის პრაქტიკაცე წერს. ხახუტაიშვილის მტკიცებით, “უამრავი ქვეყანა” საკუთარი მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს არ ხსნის. მას მაგალითად მოჰყავს 9 სახელმწიფო: დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, უკრაინა, გრენლანდია, კანადა, დანია, ისლანდია, კვიპროსი და ისრაელი. პოსტის ავტორი პარალელს ავლებს საქართველოში საარჩენო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ.  

ემიგრანტები

ემიგრანტების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით ირმა ხახუტაიშვილის პოსტი ნაწილობრივ მცდარია. ხსენებული ქვეყნების ნაწილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს, ძირითადად, საელჩოებში/საკონსულოებში ხსნის. მეორე ნაწილი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ  მყოფ მოქალაქეებს  შესაძლებლობას აძლევს, ხმა მისცენ ფოსტის ან მინდობილობის მეშვეობით, მათი საცხოვრებელი ადგილის დატოვების გარეშე.

პოსტში მაგალითად მოყვანილი 9 ქვეყნიდან უმეტესობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე რეფერენდუმებზე ხმა მისცეს იმ ქვეყნიდან, სადაც ისინი იმყოფებიან. ამისათვის რამდენიმე განსხვავებული პრაქტიკა გამოიყენება: საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის მიცემა ფოსტის მეშვეობით, ხმის მიცემა მინდობილობის საფუძველზე. შესაბამისად, პოსტის ავტორის მტკიცება, რომ ეს ქვეყნები საზღვარგარეთ უბნებს არ ხსნიან, ნაწილობრივ მცდარია. 

ცნობისათვის, 17 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “საარჩევნო კოდექსში” იგეგმება ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. “ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში” – თქვა პაპუაშვილმა. 

რეალურად ხმის მიცემის რა შესაძლებლობები გააჩნიათ ზემოთხსენებული ქვეყნების საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს?

  • დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი იმ კატეგორების ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს არ ხსნიან, თუმცა მის ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება, ხმა მისცეს ფოსტის ან მინდობილობის საფუძველზე, ისე რომ საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ მოუწიოს. ამისათვის, პირი უნდა აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს: 1. უნდა იყოს ბრიტანეთის მოქალაქე; 2. წარსულში იყო რეგისტრირებული, როგორც ხმის მიმცემი პირი ან წარსულში ცხოვრობდე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების რეგისტრაციას 3 წლიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც მათ ხელახლა მოუწევთ პროცედურის გავლა. როგორც უკვე აღინიშნა, მათ შეუძლიათ ხმა მისცენ ფოსტის მეშვეობით, მინდობილობა მიანიჭონ პირს, რომელიც მათ მაგივრად მისცემს ხმას, ან თავად მივიდნენ საარჩევნო უბანზე ბრიტანეთში, თუ არჩევნების დღეს ის სამშობოლოში იმყოფება.  

აღსანიშნავია, რომ წარსულში კანონმდებლობის მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემის უფლება მოქალაქეს მაქსიმუმ 15 წლით უნარჩუნდებოდა, თუმცა 2022 წელს პარლამენტმა ეს წესი გააუქმა და შეზღუდვა მოხსნა. 

  • უნგრეთი

უცხო ქვეყნიდან გაუსვლელად, საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს რეფერენდუმებსა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უნგრეთიც აძლევს. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების დროს განსხვავდება წესი მათთვის, ვისაც აქვს საცხოვრებელი მისამართი უნგრეთში და მათთვის, ვისაც ეს არ გააჩნია. აღნიშნულით დგინდება, შეუძლია თუ არა უნგრეთის მოქალაქეს ხმა მისცეს როგორც პარტიულ სიას, ასევე კონკრეტულ საარჩევნო ოლქში (სადაც საცხოვრებელი მისამართი აქვს) კანდიდატს. ისინი, ვისაც უნგრული მისამართი აქვს, ხმას აძლევენ უნგრეთის საელჩოში/საკონსულოში, იმ ქვეყანაში რომელშიც იმყოფებიან და მათ აქვთ უფლება, ხმა მისცენ როგორც პარტიებს, ისე მაჟორიტარებს. ხოლო მათ, ვისაც უნგრეთში რეგისტრირებული მისამართი არ აქვს, ხმას მხოლოდ პარტიულ სიას აძლევენ, ფოსტის მეშვეობით. 

  • უკრაინა

ირმა ხახუტაიშვილი უკრაინის შემთხვევაშიც ამტკიცებს, რომ ქვეყანა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს არ ხსნის. რეალურად, ქვეყნის კანონმდებლობით, მოქალაქეებს აქვთ უფლება ქვეყნის ფარგლებს გარედან მისცენ ხმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა უბნები მხოლოდ უკრაინის საელჩოებში/საკონსულოებში იხსნება. ეს ქმნის პრობლემებს პრაქტიკაში, რადგან უკრაინელი ემიგრანტების რიცხვი ძალიან დიდია, რომელიც 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და საკონსულოები არ არიან აღჭურვილნი იმისათვის, რომ არჩევნების დღეს ათობით ათასი მოქალაქე მიიღონ. თუმცა საინტერესოა, რომ გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში მყოფ უკრაინელ ემიგრანტებში კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს, მხოლოდ მესამედმა დაადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო არჩევნებში.

  • გრენლანდია და დანია

გრენლანდიასა და დანიაში ხმის მიცემის თითქმის იდენტური წესები მოქმედებს. წინა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, გამონაკლისების გარდა, დანიასა და გრენლანდიაში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. უცხო ქვეყნიდან ხმის მიცემის უფლება, ფოსტის საშუალებით, მოქალაქეებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი იქ დროებით, შემდეგი მიზეზებით იმყოფებან: დასვენება; ბიზნეს მოგზაურობა; სასწავლო პროგრამა; მკურნალობა; სახელმწიფო საქმიანობის შესასრულებლად საზღვარგარეთ განმწესება; პარლამენტის წევრობა; იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, რომლის წევრიც არის დანია; დანიური ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციაში მუშაობა. დანიელებს ასევე შეუძლიათ ხმის მიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყნის დატოვებიდან 2 წლის ვადაში აპირებენ უკან დაბრუნებას. დამატებით, საზღვარგარეთ მცხოვრები დანიის მოქალაქე ითვლება დანიის რეზიდენტად და ხმის მიმცემ პირად იმ დროს, როცა მისი მეუღლე ან რეგისტრირებული პარტნიორი ცხოვრობს დანიაში და მათ ოფიციალურად საერთო საცხოვრებელი ადგილი აქვთ რეგისტრირებული. 

  • კანადა

18 წელს გადაცილებულ კანადის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ცხოვრობდნენ კანადაში, თუმცა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან იქ დროებით იმყოფებიან, ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ ფედერალურ არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ წარსულში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5 წელზე მეტხანს მცხოვრებ მოქალაქეებს ეზღუდებოდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, თუმცა 2019 წელს უზენაესმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა.

  • ისლანდია

კანადასთან მიახლოებული წესები მოქმედებს ისლანდიაშიც. ხმის მისაცემად საჭიროა, რომ პირი იყოს 18 წელს გადაცილებული, ისლანდიის მოქალაქე და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მისი მუდმივი ლეგალური საცხოვრებელი სწორედ ისლანდიაში იყო. აღნიშნული უფლება ემიგრანტებს ავტომატურად უნარჩუნდებათ 16 წლის მანძილზე, რის შემდეგაც საჭიროა ხელახალი რეგისტრაცია, რომელსაც 4 წლიანი ვადა აქვს. ისინი, ადგილობრივი საკონსულოების/საელჩოებისა და ფოსტის მეშვეობით იღებენ საშუალებას ნაადრევად, განსაზღვრულ პერიოდში, მისცენ ხმა მათ სასურველ კანდიდატს. 

  • კვიპროსი

კვიპროსის კანონმდებლობა ითვალისწინებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნას და საღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას. თუმცა, ამისათვის შემდეგი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: განაცხადის შევსებამდე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს კვიპროსის მუდმივი მცხოვრები. გარდა ამისა, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭიროა, ამ ქალაქში კვიპროსის მინიმუმ 30 მოქალაქემ გამოთქვას არჩევნებში მონაწილობის მზაობა, რის გამოც ყველა მსურველის ინტერესი ვერ კმაყოფილდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 25 ქალაქში 35 საარჩევნო უბანი გაიხსნა, რომელთა უმრავლესობა, ემიგრანტების რიცხვიდან გამომდინარე, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში იყო.

  • ისრაელი

ირმა ხახუტაიშვილს მაგალითად ასევე მოჰყავს ისრაელი. ისრაელის საარჩევნო კოდექსით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც არჩევნების დროს ქვეყანა დატოვებული აქვთ, არ ეძლევათ საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. გამონაკლის წარმაოდგენენ დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები და სამხედრო პირები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist