21-23 ნოემბერს ფეისბუქზე ქართულ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ემანუელ მაკრონის ვიდეო, რომელშიც მას უკრაინის რუკა უჭირავს და ფრანგულ ენაზე საუბრობს. პოსტების აღწერის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტს აღნიშნული რუკა არასწორად უკავია, რის გამოც მას დასცინიან, რუსული ანგარიში კი მას “მოუწოდებს” რუკა ამოატრიალოს. მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუკა მართლაც შემობრუნებულია და უკრაინის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარე საპირისპირო მიმართულებით არის დაფიქსირებული.

ფეისბუქ-მომხმარებლები ემანუელ მაკრონის შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, ავთენტიკურ ვიდეოზე დაკვირვებით ირკვევა, რომ პრეზიდენტს უკრაინის რუკა სწორად ეჭირა, თუმცა ვიდეო პირდაპირ ეთერში ხარვეზებით გაეშვა, რამაც სარკისებური ეფექტი გამოიწვია და მარჯვენა და მარცხენა მხარე აირია.
გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ემანუელ მაკრონს უკრაინის რუკა უჭირავს და მიმდინარე ომის მდგომარეობის ახსნას ცდილობს, 2025 წლის 20 თებერვალს არის გადაღებული, კადრები სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერის რეჟიმით გაეშვა. აღსანიშნავია, რომ ლაივ ვიდეოს ჩანაწერებში, დასაწყისში არაერთი ხარვეზია დაფიქსირებული. მაგალითად, პირველი წუთ-ნახევრის მანძილზე, მხოლოდ პრეზიდენტის ხმა ისმის, თუმცა გამოსახულება არ ჩანს, ვიდეო კი სრულად ე.წ. სარკისებური ეფექტით გადაიცემოდა, რაც გულისხმობს კადრის შემობრუნებას, როდესაც მარჯვენა და მარცხენა მხარე საპირისპიროდაა მოქცეული. უკვე მომდევნო დღეს, მაკრონის იუთუბ არხზე ვიდეო ხელახლა აიტვირთა, გასწორებული კადრებით, სადაც ჩანს, რომ მას უკრაინის რუკა სწორად ეჭირა. აღსანიშნავია, რომ პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი 1:45 წუთზე ამბობს კიდეც, რომ ვიდეოში ტექნიკური პრობლემებია და დახმარებას სთხოვს მასთან ერთად მყოფ პიროვნებას.


პირდაპირ ეთერში გასულ ვიდეოში არსებული ხარვეზების გამო, ერთი შეხედვით ჩანს, რომ უკრაინის რუკა შემობრუნებულია, მისი აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთითაა მოქცეული, დასავლეთი კი პირიქით, თუმცა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები სწორ ადგილასაა განთავსებული. ეს გამორიცხავს იმ მტკიცებას, თითქოს მას რუკა ამოტრიალებული ეჭირა.
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ გავრცელებული კადრი სარკისებურადაა შებრუნებული, ემანუელ მაკრონის გულსაბნევია. ეს არის “Grand Cross Rosette”, ღირსების ლეგიონის უმაღლესი ორდენი, რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს ენიჭება და ყოველი მათგანი მუდმივად ატარებს. როგორც ფეისბუქზე, ისე იუთუბზე პირდაპირ ეთერში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ აღნიშნული გულსაბნევი მაკრონს პიჯაკის მარჯვენა მხარეს აქვს მიმაგრებული, თუმცა სინამდვილეში იგი მას ყოველთვის მარცხენა მხარეს, გულის ზემოთ ატარებს, რაც პროტოკოლით წინასწარ არის განსაზღვრული და სავალდებულო.



აღსანიშნავია, რომ მტკიცება, თითქოს მაკრონს რუკა არასწორად ეჭირა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, თებერვალშიც აქტიურად გავრცელდა, განსაკუთრებით რუსულ მედიაში, სადაც აღნიშნულზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, მარია ზახაროვას კომენტარი გაშუქდა (TASS; RIA; Rambler; RG.RU; Life.ru; MK.RU).


ემანუელ მაკრონი ხშირად ხდება სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციების სამიზნე. “მითების დეტექტორს” მსგავსი მრავალი ცრუ მტკიცება, მათ შორის ფოტო/ვიდეო მანიპულაციები და ფაბრიკაციები აქვს გადამოწმებული. ვრცლად იხილეთ ჩვენს სტატიებში:
- სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
- დეზინფორმაცია, თითქოს მაკრონი მატარებელში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას კოკაინს მალავს
- რა შეთქმულების თეორიას ავრცელებენ ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ყალბი ვიდეოს გამოყენებით?
- ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, სადაც საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მეუღლეზე ძალადობს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















