16 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მიხეილ მეტრეველმა პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ხოშტარიას ხელში ჩარჩოში ჩასმული ბანერი უჭირავს, რომელზეც იკითხება: “მიშა ბოდიში ისევ ჩავი*ვით!”

ფეისბუქზე ელენე ხოშტარიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება – ბანერზე ტექსტი რედაქტირებულია. რეალურად, ფოტოში ხოშტარია აჩვენებს საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრას, რომელსაც პროტესტის ნიშნად “ღორი” და “ნაძირალა” დააწერა.
2019 წელს საკრებულოს შენობასთან “ქართული ოცნების” დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართა, რომელსაც “ევროპული საქართველოს” იმჟამინდელი წევრი, ელენე ხოშტარია შეუერთდა. პროტესტი მოჰყვა დეპუტატის ფეისბუქ-პოსტს, რომელიც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებიდან რამდენიმე დღეში დაწერა:
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც”.
ელენე ხოშტარიამ საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა და მასზე “ღორი” და “ნაძირალა” დააწერა. მან 2019 წლის 16 დეკემბერს აბრის ფოტო თავადვე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ელენე ხოშტარია ამ აბრით აქციას შეუერთდა. სწორედ ეს აბრაა გამოსახული რეალურ ფოტოზე, რომელიც არაერთმა მედიამ (1;2;3) დაურთო საკუთარ სტატიას.

წყაროს შესახებ
ელენე ხოშტარიას ფოტოფაბრიკაცია გაავრცელა ფეისბუქ-მომხმარებელმა მიხეილ მეტრეველმა, რომელიც ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს და ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ აქვს გავრცელებული (1;2;3).

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















