2020 წლის 27 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Eka Gurgenidze გამოაქვეყნა პოსტი, რომელზეც სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ამერიკელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის ჰენრი კისინჯერის ციტატაა მოცემული. ციტატას ახლავს კისინჯერის ფოტო და დავითის ვარსკვლავი. აღნიშნული ციტატის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაცია პირველი ნაბიჯია “ნახირის” გასაკონტროლებლად და თუ ადამიანებს ამაზე დაითანხმებ, მომავალში ისინი ბავშვების გენმოდიფიცირებასა და სტერილიზაციასაც დათანხმდებიან, რაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ხელს შეუწყობს.
30 ნოემბრის მონაცემებით Eka Gurgenidze-ის პოსტს 613 გაზიარება აქვს. პოსტი შემდეგ საჯარო ჯგუფებში გააზიარეს:ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, რუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21და საქართველო.კორონა.@კოვიდ19.
აღნიშნული ციტატა ჰენრი კისინჯერს არ ეკუთვნის და ის გაყალბებულია. ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსმა ოდესმე მსგავსი ან მიახლოებული შინაარსის განცხადება გააკეთა. კისინჯერის იდენტური ყალბი ციტატა ინგილისურენოვან სოციალურ ქსელებში 2019-2020 წლებში გავრცელდა. (Xanax)
აღნიშნული ციტატა ჰენრი კისინჯერის ფოტოსთან ერთად სხვადასხვა დროს სოციალური ქსელების ინგლისურენოვან აუდიტორიაშიც ვრცელდებოდა და მისი ავთენტურობა 2019 წელის ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ – PolitiFact, ხოლო 2020 წელს გამოცემამ Reuters-მა გადაამოწმეს. როგორც კისინჯერის წარმომადგენლებმა Reuters-ს უთხრეს, ციტატა ყოფილ დიპლომატს არ ეკუთვნის. ამასთანავე, კისინჯერის საჯარო გამოსვლები, ესეები და ინტერვიუები თავმოყრილია ონლაინ არქივში, სადაც გამოცემამ მსგავსი ციტატა ვერ აღმოაჩინა.
ინგლისურენოვანი მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ზოგიერთ პოსტში ციტატასთან ერთად მითითებული იყო თარიღი და კონკრეტული გამოსვლაც, რომლის დროსაც თითქოს კისინჯერმა მსგავსი სიტყვები წარმოთქვა. ამ ვერსიის თანახმად, ციტატა ამოღებული იყო “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევგენიკის საბჭოზე” კისინჯერის 2009 წელს წარმოთქმული სიტყვიდან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მსგავსი საბჭო არ არსებობს.
ჰენრი კისინჯერის შესახებ
ჰენრი კისინჯერი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი, ყოფილი პოლიტიკოსი და დიპლომატია. იგი 1969-1976 წლებში ამერიკის პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ოფისებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველისა და სახელმწიფო მდივანის თანამდებობებს იკავებდა. 1973 წელს კისინჯერი ვიეტნამის კონფლიქტში სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების წარმართვის გამო ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს. კისინჯერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ჩინეთთან, საბჭოთა კავშირთან, ვიეტნამთან და ახლო აღმოსავლეთთან ამერიკის პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. კისინჯერი პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით არაერთი ნაშრომის ავტორი და ამერიკის სხვადასხვა საპატიო სამოქალაქო ჯილდოს მფლობელია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.