8-10 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა (1;2); რუსთავი 2-მა (1;2) POSTV-მ, NewsHub-მა, პრაიმ ტაიმმა, Info 9-მ, რეპორტიორმა, Tia.ge-მ, Exclusive Media-მ, რადიო სივრცემ, აი პოლიტიკამ, InfoPostalioni.com-მა, ასევე, პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ (1;2), ხალხის ძალის წევრმა, დავით ქართველიშვილმა და “ქართული ოცნების” კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, ბენო გეგეჭკორმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Edison Research-ის მონაცემები, რომელიც აშშ-ის არჩევნების ეგზოტპოლს ატარებდა, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ დაემთხვა. ზემოთ ნახსენები წყაროების ნაწილი ამტკიცებს, რომ Edison Research-ის მონაცემებსა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს შორის კამალა ჰარისის შემთხვევაში 6%-იანი სხვაობა იყო; ნაწილი კი წერს რომ აშშ-ის გადამწყვეტ შტატებში ორგანიზაციის ეგზიტპოლი კამალა ჰარისის გამარჯვებას ვარაუდობდა.
ამავე თემაზე პარლამენტის ყოფილმა წევრმა, კოკა გუნცაძემ ისაუბრა იმედი Live-ის ეთერში, სადაც აღნიშნა, რომ Edison Research-ი ეგზიტპოლის მონაცემებს აყალბებს როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში.
მტკიცება, თითქოს Edison Research-ის ეგზიტპოლის მონაცემები აშშ-ის არჩევნების შედეგებისგან 6%-ით განსხვავდებოდა, დეზინფორმაციულია. რეალურად, ორგანიზაციის მონაცემები რამდენჯერმე განახლდა, რადგან არჩევნების დღეს ისინი ეგზიტპოლებს სამ ტალღად აქვეყნებენ. რიცხვები, რომლებსაც მედია ეყრდნობა, პირველი ეგზიტპოლია, რომლის მონაცემებიც შემდგომში შეიცვალა. Edison Research-ის განახლებული ეგზიტპოლები ასევე არ მიუთითებდა გადამწყვეტ შტაბებში კამალა ჰარისის გამარჯვების შესახებ. 06:30-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპს, ედისონის ეგზიტპოლით, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 279 ხმა ჰქონდა.
იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ Edison Research-ი შეცდა, ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი, რობ ფარბმანი გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ყველა უბნის დახურვის დროს ეგზიტპოლის შედეგები ორივე კანდიდატისთვის 50% იყო. მისივე სიტყვებით, ორგანიზაციამ ამერიკის არჩევნებში სამშაბათის შემდეგ 600-ზე მეტი დაპირისპირების გამარჯვებული დაასახელა და არც ერთხელ არ შემცდარა. ფარბმანის შეფასებით, განსხვავება საქართველოსა და აშშ-ს არჩევნებს შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი გაყალბებისგან თავისუფალი იყო.
Edison Research-ის ინფორმაციით, არჩევნების დღეს ეგზიტპოლის მონაცემებს სამ ტალღად აქვეყნებენ. როგორც მათ ოფიციალურ ვებ-საიტზეა მითითებული, პირველი ტალღა მოიცავს ადრეულად ხმის მიმცემ ადამიანებთან ინტერვიუებს და არჩევნების დღეს დილით ჩატარებულ ინტერვიუებს. მეორე ტალღის დროს ემატება შუადღის ინტერვიუები და უბნების დახურვამდე მცირე დროით ადრე მესამე ტალღა ამატებს შუა დღის შემდგომ და საღამოს ინტერვიუებს. “არცერთი ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არჩევნებში გამარჯვებულის დასახელებისთვის, არ ქვეყნდება ამ შტატში ყველა უბნის დახურვამდე”. – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-საიტზე.

პროცენტები, რომლებსაც პროსახელისუფლებო მედია ეგზიტპოლის შედეგებს უწოდებს და Edison Research-ის ხარვეზის დასტურად იყენებს, ემთხვევა მედიის მიერ გაშუქებულ ეგზიტპოლის პირველად მონაცემებს. მაგალითად, Reuters-ს იგივე მაჩვენებლები გამოქვეყნებული აქვს არჩევნების ღამით, 6 ნოემბერს, 02:40-ზე. თუმცა, მასალაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ეგზიტპოლები საგრძნობლად შეიძლება შეიცვალოს არჩევნების დღის 5 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში.

რეალურად, ეს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლია, აღნიშნულის შემდეგ მონაცემები შეიცვალა. ინფორმაცია, რომ პროცენტები, რომელსაც ქართული მედია აშუქებს, განახლდა, დასტურდება Reuters-ის იმავე ვებ-საიტზე 06:00-ზე გამოქვეყნებული ახალი სტატიით. აღნიშნულ მონაცემებში ვხედავთ, რომ ტრამპის სასარგებლოდ პასუხს ამჯერად 45% სცემდა, ჰარისის კი – 47%. “იმედის” საპასუხოდ დაწერილ პოსტში ორგანიზაციის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ უბნების დახურვისას ეგზიტპოლის შედეგები 50%-50% იყო.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ შტატებში საარჩევნო უბნები სხვადასხვა დროს იხურება, მაგალითად, ყველაზე ბოლოს უბნები ალასკაში დაიხურა.

მოგვიანებით, ღამის განმავლობაში, მედია Edison Research-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1;2;3) ინფორმაციას სხვადასხვა შტატში გამარჯვებული კანდიდატების შესახებ. მაგალითად, Washington Post-მა 6 ნოემბერს დილის საათებში ორგანიზაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრამპის სხვადასხვა შტატში მოსალოდნელი გამარჯვების შესახებ. 8 ნოემბერს დილით Reuters-მა Edison Research-ის მონაცემები გამოაქვეყნა ნევადაში ტრამპის გამარჯვების შესახებ.
ასევე, Reuters-მა გააშუქა 6 ნოემბრის დილის 06:30-ის მონაცემები, რომელშიც შეჯამებულია სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგი და გამარჯვებულები შტატების მიხედვით. როგორც ცხრილში ვხედავთ, იმ დროისთვის Edison Research-ის მონაცემებით, გადამწყვეტი შტატებიდან ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, პენსილვანიასა და ვისკონსინში ტრამპი იმარჯვებდა, სხვა გადამწვეტი შტატების მონაცემები ცხრილში ხელმისაწვდომი არ არის. Edison-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან 279 ჰქონდა, ჰარისს – 223 (გამარჯვებისთვის 270-ია საჭირო).

მოგვიანებით, მედიამ, რომელიც Edison Research-ის მონაცემებს აშუქებდა, გამოაქვეყნა ეგზიტპოლების შედეგები (1;2), რომლებშიც მოცემულია გენდერის, განათლების დონის, კანის ფერის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით მოქალაქეების მიერ ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. მონაცემების მიხედვით, ტრამპს ხმა კაცების 55%-მა მისცა (ქალების 45%-მა), ჰარისს კი ქალების 53%-მა (კაცების 42%-მა).
ამრიგად, იმის დასტურად, რომ Edison Research-ი აშშ-ის არჩევნების რეალურ შედეგებს მკეთრად ასცდა, მედია იყენებს პირველადი ეგზიტპოლის მონაცემებს, მაშინ, როცა ორგანიზაცია ეგზიტპოლებს სამ ტალღად აქვეყნებს. განახლებულ მონაცემებში ტრამპის ხმები გაიზარდა, გარდა ამისა, Edison Research-მა გადამწყვეტ შტატებში ტრამპის მოსალოდნელი გამარჯვების შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია.
“მითების დეტექტორმა” საქართველოში ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასევე გადაამოწმა გავრცელებული მანიპულაციური მტკიცება, თითქოს Edison Research-ის კვლევებში “ქართული ოცნების” რეიტინგი ცესკოს მაჩვენებელს მუდამ 10-14%-ით ჩამორჩება და არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საბაბად გამოიყენება. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.